GE

„პროფესიის არასწორად არჩევა ტვირთად იქცევა ხოლმე“ – ფსიქოკონსულტანტის რჩევა აბიტურიენტების მშობლებს

„უკიდურესობების ქვეყანა ვართ, ან ვაკონტროლებთ შვილების არჩევანს, ან სრულ თავისუფლებას ვაძლევთ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ფსიქოკონსულტანტი, მარიკა ხიზანიშვილი, რომელსაც ვკითხეთ, რამდენად მიზანშეწონილია, როდესაც მშობლები შვილებზე აწყობენ საკუთარ იმედებსა და განწყობის პროექციას, უნდა ერეოდეს თუ არა უფროსი თაობა აბიტურიენტის პროფესიულ არჩევანში, ან სად გადის ზღვარი ადეკვატურ რჩევასა და „იძულებას“ შორის.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულისკენ მიდის და აბიტურიენტების მღელვარება ახლა უკვე ქულების მოლოდინს უკავშირდება. ამ პროცესს მშობლებიც განიცდიან.  ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვინახავს აფორიაქებული ოჯახის წევრი, რომელიც მომავალი სტუდენტის მიერ არჩეულ პროფესიას ამრეზით უყურებს, სხვა მიმართულება მოსწონს და ახალგაზრდას მიუთითებს – „აქ უნდა ისწავლო“, „ცხოვრებაში გამოგადგება“, „დამიჯერე, შენზე დიდი დრო ვიცხოვრე და ვიცი“.

ჩვენი რესპონდენტი კი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, უფროსმა თაობამ უმცროსს „საკუთარი აუსრულებელი ოცნებები არ დააკისროს“.

„მშობლები შვილების ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიონ, რადგან ახალგაზრდების შემდეგი გზა, სწორედ ამ არჩევანზეა დაფუძნებული. ხშირადაა ხოლმე, როცა ზრდასრულ ასაკში ადამიანები პროფესიას იცვლიან… მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, თუ რა არის მათი ინტერესი, სურვილი.

ზოგჯერ, მშობლები ჩვენს აუსრულებელ ოცნებებს, სასურველ პროფესიას, საქმიანობას შვილებს ვაკისრებთ – ესაა ხოლმე მიზეზი, რა დროსაც ერთი თაობა წინა თაობას კონკრეტულ მიმართულებას ურჩევს. და ვფიქრობ, ყველაზე რთული, რაც შეიძლება დააკისრო მშობელმა შვილს, ესაა შენი აუსრულებელი ოცნებები“, – აცხადებს სპეციალისტი.

ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, რომ დააკვირდნენ, რა არის მოზარდების ინტერესები და მათი მიზნები გაითვალისწინონ.

მისი აზრით, ვიდრე პროფესიის არჩევის დრო მოვა, მშობლებს შვილებთან აქტიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რათა ერთმანეთის ინტერესები გარკვეული ჰქონდეთ.

„რა არის შვილის სურვილი? რა არის მშობლის სურვილი?… ეს მნიშვნელოვანი კითხვებია. ურთიერთშეთანხმება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, მშობლის მხრიდან კონკრეტული რჩევები მნიშვნელოვანია, თუმცა ცალსახად, უხეში ჩარევა დაუშვებელი. უკიდურესობების ქვეყანა ვართ, ან ერთს ვირჩევთ, ან მეორეს – ან ვფიქრობთ, რომ უნდა ჩავერიოთ ჩვენი შვილის არჩევანში, გავაკონტროლოთ, ან მეორე მიდგომაა, რომ საერთოდ არ ჩავერიოთ და სრული თავისუფლება მივცეთ. აუცილებელია, ამ უკიდურესობებიდან გამოვიდეთ და პოზიციები შევაჯეროთ. ბავშვისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია, მშობელმა გაუზიაროს, მაგალითად, როგორ ირჩევდა პროფესიას თავად, რაზე გააკეთა აქცენტი. კარგი იქნება, რომ ჩარჩოდან გამოვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესიის არასწორად არჩევა ტვირთად იქცევა ხოლმე“, – აღნიშნავს მარიკა ხიზანიშვილი.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. ცნობილია, რომ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ.

მოამზადა ვიქტორია ქათამაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური