პროექტით სწავლება პირველი კლასის მაგალითზე
ავტორი: სოფო ბუბუნაური, სსიპ ქალაქ თბილისის #45 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
პროექტებით სწავლება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია. მისი წარმატებისა და ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მოსწავლეთა როგორც ასაკობრივი ჯგუფი და ინტერესები, ისე რეალურ ცხოვრებასთან კავშირი.
პროექტებით სწავლება:
– ზრდის მოსწავლეების მოტივაციას,
– ხელს უწყობს ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას,
– ამაღლებს მოსწავლეებში ცოდნას და საკითხის მიმართ დამოკიდებულებას,
– აუმჯობესებს მოსწავლეთა უნარებს.
პროექტი იწყება იდეის ჩამოყალიბებითა და გეგმის მომზადებით. წინასწარ შემუშავდა განსახორციელებელი აქტივობები, რომელთა დახმარებით მოსწავლეები გამოიკვლევენ საკითხს. წინასწარ განისაზღვრა პროდუქტი, რომელიც შეიქმნება პროექტის შედეგად, ეს იქნება წიგნი, ბუკლეტი და სხვ. მნიშვნელოვანია ბიუჯეტისა და რესურსის წინასწარ გაწერა, უპირატესობა ენიჭება იაფ და ყოველდღიურად ხელმისაწვდომ რესურსს.
პროექტი, რომელიც ქვემოთ არის წარმოდგენილი, ჩატარდა პირველ კლასში. მასწავლებელს შეუძლია პროექტის მოდიფიცირება და ისე განხორციელება.
პროექტი ეხება ცხოველთა სამეფოს წარმომადგენლებს, მიმდინარეობდა 5 კვირა. ინტეგრირებულია ხელოვნებასთან და ქართულთან. პროექტის მიზანია, აამაღლოს მოსწავლეების ცოდნის დონე ცხოველთა სამეფოს შესახებ, გააცნოს უფრო ახლოს. ასევე, მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ პრეზენტაციის უნარი.
ცხოველთა სამეფოს წარმომადგენლების გაცნობა
პროექტი იწყება ცხოველთა სამეფოს წარმომადგენლების გაცნობით. განიხილება საცხოვრებელი გარემოს მიხედვით შინაური და გარეული ცხოველები/ფრინველები; კვების ტიპის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი); სხეულის ზომის მიხედვით, სხეულის ნაწილების თავისებურებით (კიდურების რაოდენობა, კუდის ფორმა, ზომა); სხეულის ზედაპირის დაფარვით (ბუმბული, ბეწვი).
ინფორმაცია მიეწოდებათ ცხოველთა სამეფოს მათთვის ნაცნობ წარმომადგენლებზე (ძაღლი, კატა, ლომი, ბატი, ტახი…). სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის გარდა, ი. გოგებაშვილის საგანძურიდან მასწავლებელი კითხულობს სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის შესახებ საინტერესო მოთხრობებს, მოსწავლეები ისმენენ (რადგანაც პირველ კლასში ჯერ კარგად არ აქვთ კითხვის უნარები განვითარებული) და შემდეგ პასუხობენ ტექსტიდან გამომდინარე დასმულ ექსპლიციტურ და იმპლიციტურ კითხვებს.
როდესაც მოსწავლეები ცხოველთა საარსებო გარემოს გაეცნობიან, იქმნება სამი საარსებო გარემო, სხვადასხვა არსება და ხე-მცენარე. მოსწავლეების დახმარებით ფერადდება თითოეული მათგანი. მოსწავლეები ანაწილებენ ცხოველთა სამეფოს წარმომადგენლებს შესაბამის გარემოში. შესაძლებელია, მასწავლებელმა დააჯგუფებინოს ცოცხალი არსებები სხვადასხვა ნიშნით.
ცხოველთა სამეფოს წარმომადგენლების შერჩევა, გამოძერწვა და საინტერესო ინფორმაციის დამუშავება.
პროექტის მიმდინარეობისას მრავალ ცხოველზე იღებენ ინფორმაციას, შემდეგ კი მათთვის საინტერესო ცხოველს/ფრინველს არჩევენ (სასურველია, შესარჩევ ცხოველთა სია წინასწარ შესთავაზოს მასწავლებელმა და მათ აირჩიონ შეთავაზებულიდან), სახლში ძერწავენ მშობლების დახმარებით.
იძიებენ შერჩეული არსების კვების ტიპს, საცხოვრებელ გარემოს, სხეული რით აქვს დაფარული, როგორ გადაადგილდება, ასევე ურთავენ უცნობ საინტერესო ფაქტებს. ინფორმაციასთან ერთად ილუსტრაციაც მზადდება, შესაძლებელია თავად დახატონ, ან ფოტო ჩააკრან.
გასვლითი გაკვეთილი – არაფორმალური გარემო და არაფორმალური განათლება
თანამედროვე სწავლებაში მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს არაფორმალური გარემო და განათლება. რადგან პროექტი ცხოველთა სამეფოზეა, გასვლითი გაკვეთილი შესაძლებელია ზოოპარკში მოეწყოს, სადაც დაათვალიერებენ და მიიღებენ ინფორმაციას ზოოპარკის ბინადრების შესახებ.
პროექტის შეჯამება – პრეზენტაცია
მას შემდეგ, რაც წინასწარ განსაზღვრულ მასალას შეისწავლიან, შეასრულებენ დავალებებს, პრეზენტაციის დღე დგება. პრეზენტაციის დღეს სახლიდან მოჰყავთ ცხოველები/ფრინველები, წარადგენენ ნამუშევრებს (გამოძერწილი შერჩეული ცხოველი და საინტერესო ინფორმაცია). სახლიდან მოყვანილ არსებებზე კი ისაუბრებენ, თუ როგორ უვლიან მათ, რომელი საკვები უყვართ და სხვ. არაფორმალურ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ასე უფრო საინტერესოა და ასახავს რეალურ ცხოვრებას.
დაჯილდოება
მას შემდეგ, რაც წარმატებით წარადგენენ პრეზენტაციას და მიიღებენ განმავითარებელ შეფასებას, გადაეცემათ “ცხოველთა სამეფოს მკვლევრის” გულსაბნევი. დაჯილდოების ნაწილი მნიშვნელოვანია, რადგანაც ბავშვები გრძნობენ თავს დაფასებულად, ეს მათ მოტივაციას ზრდის და სიხარულს ანიჭებს. გულსაბნევის დიზაინი შესაძლებელია ერთობლივად მოიფიქრონ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა. ფოტოზე მოცემული გულსაბნევის დიზაინი აღებულია ინტერნეტიდან.
ნამუშევრების წიგნი – პროექტის პროდუქტი
ყველა მოსწავლის ნამუშევარი აიკინძა კონკრეტული თანმიმდევრობით: გარეული ცხოველები, შინაური ცხოველები, გარეული ფრინველები, შინაური ფრინველები. შეირჩა წიგნის ყდა და მომზადდა სარჩევიც. წიგნის აკინძვით მოსწავლეთა ნაშრომები უფრო დაცულია დაზიანებისგან და არის პროექტის ერთ-ერთი პროდუქტი.
პროექტმა მოსწავლეებს მისცა მეტი ინფორმაცია ცხოველთა სამეფოს შესახებ. ახლა მათ უფრო მეტი იციან საყვარელ შინაურ/გარეულ ცხოველზე/ფრინველზე. უფრო თამამადაც შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენა. პროექტის დასაწყისიდან მათთვის საინტერესო და სახალისო იყო თითოეული აქტივობა კლასში და კლასის გარეთ.
ასევე იხილეთ: