GE

აუდიტი: განათლების სამინიტროს საწვავით სარგებლობის კონტროლში ნაკლოვანებები აქვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ განათლების, მეცნიერებისა და დღეს უკვე ახალგაზრდობის სამინისტროს საწვავის მოხმარების კუთხით ნაკლოვანებები აქვს.

კონტროლის სისუსტე, როგორც სახელმწიფო აუდიტი განმარტავს, საწვავის ხარჯში არსებულმა უზუსტობებმა წარმოაჩინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების კონსოლიდირებულ ანგარიშგებას, ასევე კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე დართულ განმარტებით შენიშვნებს, მათ შორის, ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას.

აუდიტის მიგნებაში ვგითხულობთ: საწვავის ლიმიტების და სარგებლობის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი კონტროლის ნაკლოვანებები: სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს არ აქვს დადგენილი საწვავის ლიმიტების თვიური ოდენობა, ბრძანება განსაზღვრავს თითოეული ავტომობილის მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ ჯამურად ასათვისებელ მოცულობებს. აღნიშნული პრაქტიკა არ იძლევა ხარჯვის სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას და ართულებს კონტროლის პროცესს.

საწვავის კუთხით საინტერესო გარემოება გამოიკვეთა ტექნიკურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით.

კერძოდ, როგორც ანგარიშში წერია ტექნიკურ უნივერსიტეტში 2022 წელს ჩამოწერილი საწვავის ნაწილის, კერძოდ, 2,580 ლიტრის მიხედვით ვერ იქნა წარმოდგენილი ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

“პასუხისმგებელი პირის განმარტებით, საფინანსოდეპარტამენტში სრულად არ იყო წარმოდგენილი საწვავის ჩამოწერის აქტები. შედეგად, შესაბამისი ჩამოწერის დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, ვერ ვადასტურებთ 2,580 ლიტრი საწვავის გახარჯვის პერიოდსა და მიზნობრიობას; რამდენიმე ავტომობილს კონკრეტულ თვეებში უფიქსირდება საწვავით სარგებლობა, სულ − 495 ლიტრი, თუმცა მოცემულ თვეებში ამ ავტომობილებისათვის არ იყო დადგენილი საწვავის ლიმიტები”, – წერია ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

დასკვნის სახით, აუდიტი განმარტავს, რომ მათი აზრით, აუდიტის დასკვნის აბზაცში − „პირობითი მოსაზრების საფუძველი“ აღწერილი საკითხების გავლენით განპირობებული შედეგების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური