GE

ჯარის ბანაკის მონაწილე მოსწავლეები საპატრიარქოს წარმომადგენელთა ლექციებსაც მოისმენენ – ბანაკი 2024 გაიხსნა

“ჯართან შეხება და სამხედრო საქმის გაცნობა მოგცემთ შესაძლებლობას, მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება”, – უთხრა დღეს ჯარის ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანაკის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და განათლების მინისტრებთან ერთად წარუძღვა, ცნობილი გახდა, რომ ჯარის ბანაკის მიმდინარეობაში საპატრიარქოს წრმომადგენლებიც იქნებიან ჩართული. კერძოდ, როგორც თავდაცვის მინისტრის სიტყვიდან შევიტყეთ, ისინი ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს სხვადასხვა ინფორმაციას მიაწვდიან.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს წარმომადგენლებს იმიტომ, რომ როდესაც თქვენ [მონაწილეები] აქ გაატარებთ დღეებს, ჩვენ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, სამხედრო საქმეზე, ისტორიაზე, გვექნება საუბარი იმ ყოველდღიურობაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ სამხედრო ძალები, როგორ ვითარდება თავდაცვის ძალები, მაგრამ საპატრიარქოს თანამონაწილეობით, ჩვენ გვექნება საუბრები ასევე იმ წმინდანებზე, იმ მხედართმთავრებზე, რომლებსაც უდიდესი როლი ენიჭებათ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს წარმომადგენლები ისაუბრებენ მათ გამოცდილებაზე, როგორც კაპელანების გამოცდილებაზე როგორც აქ, სამხედრო ნაწილებში, ასევე იმ მისიებში, რომლებსაც საქართველოს შეიარაღებული და თავდაცვის ძალები ქვეყნის გარეთ ასრულებდა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ წელს ჯარის ბანაკი 2300-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლებს, რაც ორჯერ აღემატება მონაწილეთა გასული წლის მაჩვენებელს.

“არის ორი მნიშვნელოვანი პროექტი – ჩვენი ჯარისკაცები მიდიან სკოლებში, ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს აცნობენ და არის ასევე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გახსნასაც დღეს ვესწრებით – ჯარის ბანაკის პროექტი, სადაც უშუალოდ სამხედრო ბაზებზე აქვთ მოსწავლეებს სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და მიხარია, რომ წლევანდელ წელს უკვე მეორე ნაკადია და 2300 მოსწავლე არის უკვე ჩართული ამ მნიშვნელოვან პროექტში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს განათლების, მცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კი განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მომდევნო წლებში სკოლებში კიდევ უფრო გააფართოებს სამხედრო და თავდაცვის საქმის შესწავლას.

ჯარის ბანაკი წელს კოჯორში, საჩხერესა და ახალქალაქში იფუნქციონირებს.

ამავე თემაზე:

„ჩვენი საბოლოო მიზანია, ეს საგანი სკოლაში სავალდებულო გახდეს“ – „სამხედრო საქმე“ სექტემბრიდან კიდევ 40 სკოლაში შევა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური