„იგეთი გაპრანჭული გოგოები აბარებენ, აქვე უნდა ავარჩიო სარძლო“ – მარგალიტები 2024 გამოცდებიდან
2024 წლის ზაფხულის საგამოცდო ციებ-ცხელება დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა – აბიტურიენტებმა, მათმა ოჯახების წევრებმა, პედაგოგებმა, საგამოცდო ცენტრების პერსონალმა – მარტივად რომ ვთქვათ, ამოისუნთქა. შესაბამისად, ჩვენც უკვე შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ თქვენთვის ტკბილ ლუკმად შემონახული და უკვე ტრადიციად ქცეული მასალა შემოგთავაზოთ – ფრთიანი ფრაზები, რომელთაც მარგალიტები დავარქვით და რომელთაც ჩვენი ჟურნალისტები, ყოველ საგამოცდო დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაბნეულ საგამოცდო ცენტრებთან აგროვებენ, ინახავენ და კინძავენ.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. 47 ათასი აბიტურიენტის გარდა, ჯამში, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 80 000-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.
EDU.ARIS.GE-ს გუნდი თითოეულ მათგანს უდიდეს წარმატებას უსურვებს და მანამ, სანამ ციებ-ცხელების მორიგი ტალღა – შედეგების გამოქვეყნება დაიწყება, ჩვენი ჟურნალისტების მიერ შეგროვილი საგამოცდო მარგალიტებით გახალისებას გთავაზობთ.
თბილისი:
– ღმერთო ამ ერთხელ გადმოგვხედე და მეტს აღარ შეგაწუხებ.
– თმა ამიწიე, ხელი მიკანკალებს და ვერ ვიწევ მე.
– მამარდაშვილის არ ჰყავს იმდენი გულშემატკივარი, მე რომ მელოდება გარეთ.
– ვერაფერს გეტყვით, მეტირება.
ერთი მშობელი მეორეს:
– არ მოგშივდა? ჭამე რამე?
– დამამშვიდებლები მაქვს ნაჭამი მუჭებით.
დედა-შვილის დიალოგი:
– სამანიშვილის დედინაცვალი არ გადამიმეორებია
– აი, შვილო, იუთუბზე ჩავრთოთ, უცებ უყურე, სანამ შეხვალ.
– აუუ, ეს “ნასკები” მძვრება.
– ისეთ ხასიათზე ვარ, მტრისას! – აბიტურიენტი.
საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი:
– მასწავლებლებს ეშინიათ დირექტორის, დირექტორს – ცენტრის, ცენტრს- სამინისტროსი, სამინისტროს – მშობლების, მშობლებს – ბავშვების და ბავშვებს კიდევ დედამიწის ზურგზე არაფრის ეშინიათ.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი:
– ფიროსმანის მოთხრობა მოვიდა.
მშობელი: გამოვიდა ვიღაცა, ვაჟა მოვიდაო.
მეორე მშობელი: ვაჟა გუშინ მოვიდა.
პირველი მშობელი: მერე ორი დღე იყო ეს ოთახში?
– ყველაზე დიდი შანსები აქვს გრიგოლ ხანძთელს, რომ მოვიდეს. აბა, ვეფხისტყაოსანი რამდენჯერ მოვა?
– ჰაგიოგრაფია ტყუილად გადავიმეორე გუშინ ღამით! – გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტი, რომელმაც “სტუმარ-მასპინძელი” დაწერა.
– დიახ, გრიგოლ ხანძთელის შუშანიკის წამება მოვიდაო – აბიტურიენტი.
– არ ვიცი რა მოვიდა, არ მინახავს – აბიტურიენტი.
შვილის მომლოდინე დედა პირველ გამოსულ აბიტურიენტს:
– გამოცდაზე ციოდა, შვილო? კონდიციონერი უბერავდა ძალიან?
– არც ისე, ქალბატონო.
– თხელი მაიკით წამოვიდა ჩემი ბიჭი და…
გულშემატკივარი გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტს:
– ქეთევან წამებულის მოთხრობა მოვიდაო და მართალია?
მშობლების შფოთვები:
– ეს სასწრაფო რატომ დგას ცენტრთან? რატომ დგას სასწრაფო?? რა უნდა აქ სასწრაფოს? ვინმეა ცუდად??? ჩემი შვილია ცუდად???
– ორი საათით ადრე თუ გამოხვედი, მაგრად მოგხვდება-მეთქი, ვუთხარი! – მშობელი.
– შიგადაშიგ ვინმე უნდა გამოდიოდეს და ბავშვების ამბავს გვაგებინებდეს. 3 საათი არ ვიცით რა ხდება შიგნით, ასე როგორ შეიძლება?
– ბიჭი, ხომ არ იცი სხვა სექტორებში რა თემები შეხვდათ? – გულშემატკივარი გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტს.
– ტელეფონის შეტანა შეიძლება?!
მშობელი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს:
– უი, ედუ-დან ხართ? თქვენ ხართ ახლა ჩვენთვის “სიენენიც”, “ბიბისიც” და “გარდიანიც”!
– რეგისტრაცია არ გაიარა ბავშვმა, პირდაპირ შევიდა და შეიძლება ეგრე? – მომლოდინე მშობელი.
ერთი აღელვებული დედა მეორეს:
– თქვენი შვილი ბიჭია თუ გოგო?
– ბიჭი. არა, გოგო, გოგო, ვნერვიულობ, ამერია.
– ფოტოების გადაღებას ისე მიკრძალავს ჩემი შვილი, გეგონება ინგლისის დედოფალი მყავდეს!
მშობელი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტის:
– თქვენ რევიზია ხართ?
– დედა, გამოგაგდეს შვილო? მე-11 კლასელია და იმიტომ არ ვნერვიულობ, თორემ ხომ მოვკლავდი ასე ადრე რომ გამოსულიყო.
მშობელი: შემდეგ გამოცდაზე პამპერსი უნდა ჩავიცვა.
„მიდის დასაწერად, მიდის დასაწერად!“ – ქუთაისელი აბიტურიენტების გულშემატკივარი წელსაც ფორმაშია
– დედაჩემმა 6 საათზე წამომაგდო ლოგინიდან, რისი დამწერი ვარ?
– მას, ბოლო ხაზამდე დავწერე! – აბიტურიენტი რეპეტიტორს.
ცნობისმოყვარე მშობლები:
– კამერას რატომ ემალები, შვილო, ციხიდან ხარ გამოქცეული?
– სექტემბრის ბოლომდე უნდა ვინერვიულოთ? დავიტანჯე! – მშობელი.
– თქვენ ყველაფერს რატომ იღებთ? რად გინდათ? სახლში რას უშვებით???
თელავი:
– ნეტა თეთრი „საროჭკა” ჩამეცმია ბალღისთვინ, იღბალს მოუტანდა! – მშობელი.
– ყვითელი ჩავაცვი, შორიდან რომ კარგად გამოჩენილიყო!
– აბა დააკვირდი, შენი შვილი გამოვიდა?
– რავი, გო, ბალღები იგრე იზრდებიანკე, ვეღარა ვცნობ!
– იგეთი გაპრანჭული გოგოები აბარებენ, აქვე უნდა ავარჩიო სარძლო!
– დეე, ისეთი უნივერსიტეტი გიშოვე, თუ ჩაიჭრები, ჩაჭრილსაც მიგიღებენ! – დედა ტესტირებიდან გამოსულ აბიტურიენტს.
გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი სხვის მშობელს ამშვიდებს: ნუ ნერვიულობთ, თქვენი შვილი გაასუხარებს, დავინახე, წერდა რიხინით!
– ქა, მესამე წელია აბარებს ჩემი შვილი, ყოველ წელს ახალ-ახალ გოგოებს უტრიალებს გამოცდაზე თვალებს და ახალ-ახალ სარძლოს მაცნობს იქიდან გამოსული, უკვე აღარა ვნერვიულობ. გამოცდა თუ არა, იქნება გოგო შაგვრჩეს.
ქუთაისი:
– ჯარში წასვლა არ მინდა, ზღვარის გადასალახად დავწერე და ადრე ამიტომ გამოვედი.
– არაფერი მკითხოთ, აჭრილი ვარ.
– ადრე გამოვიდა და ვაი მაგას!
– ჩემი შვილია, ქალბატონო, რას ერჩით?!
– აბა სანერვიულოაო? კარგად თუ დაწერე, წამოდი, მამა, კაი მწვადი, სალათა.. მე სხვა გამოცდებზე აღარ წამომიყვანოთ, მანერვიულებთ აქ!
მშობელი ჟურნალისტს: ინტერვიუს ხასიათზე ვართ? მათემატიკას აბარებს ბავშვი, რაღაცა სხვა საგანი კი არაა, გენაცვალე!
გორი:
საინტერესო დიალოგები:
– მე ისეთი მამის შვილი ვარ, ჩემთვის შეუძლებელი არაფერია.
– მამაშენიც ეგრე ამბობდა და კი იცი, რაც გამოვიდა.
– მომეცი ჩემი ვალერიანი, კიდევ უნდა დავლიო!
– ბევრს ნუ დალევ, ცოტა მეც დამიტოვე.
– გამოცდას ჩავაბარებ თუ არა, არ მედარდება, ვთხოვდები. დედამთილს ასეთიც ვეყვარები.
– ნუ გაქვს იმედი, არა მგონია.
– ცალკე ჩემს თავზე ვნერვიულობ და ცალკე შეყვარებულზე. მან რომ ჩააბაროს და მე ვერა, გადავალ ჭკუიდან!
– ის თუ ნერვიულობს შენზე?
– აქედან პირდაპირ სურამში მივდივარ, ეს რა იყო. ვიდრე გამოცდები დასრულდება, გავგიჟდები და შეიძლება, საგიჟეთშიც აღარ მიმიღონ!
– გამოცდები თუ ჩავაბარე, სუფრას ვშლი საგამოცდოს წინ, ყველა დაპატიჟებულია – დამკვირვებლიან-გულშემატკივრიანად.
– დილით მეზობელმა ლოცვა მომაყოლა და მაგის იმედი მაქვს. იმედია ჩავაბარებ და ღმერთის შეწუხება აღარ მომიწევს.
– რომ იტყვიან, კანფეტივით გამოცდა იყო. ჰოდა, ასევე ჩავაბარე.
– ბებო, არ დამელოდო, წადი. ყველაფერი უფლის ნებაა, ამ სიცხეში არაფერი დაგემართოს!
– 62 ქულა უნდა ავიღო, მაგარი სიზმარი მაქვს ნანახი, არ ვაჭარბებ.
– გამოცდები რომ არა, ახლა უკვე მაგარი გაზაგრული ვეგდებოდი ზღვის პირას!
– ისე დამცხა, ტვინი დამებინდა და ახლა რაღა გამოაფხიზლებს?!
– აუუ, ისევ თავიდან უნდა გითხრათ? რა ვერ დააჭირე ჩამწერს?
ბათუმი:
– ჰე, ახლა, ბავშვებო, ბოლომდე მიყვანილ საქმეს ნუღარ გააფუჭებთ!
– ვაი, შვილო, დედაშენს!
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024