GE

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებულმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს – ვადა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

EMIS-ის ცნობით, აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, უნდა დააფიქსირონ არჩევანი იმ ერთ პროგრამაზე, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ.

არჩევანის გაკეთება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge იქნება შესაძლებელი.

აპლიკანტების მიერ დაფიქსირებული არჩევანის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ ჩარიცხვას საბოლოო არჩევანის გათვალისწინებით გამოცხადებული ადგილებისა და რეიტინგული სიების შესაბამისად განახორციელებენ.

„ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს აპლიკანტებს, ყურადღებით გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ინფორმაციას და არჩევანი დადგენილ ვადაში – 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით დააფიქსირონ“, – ნათქვამია EMIS-ის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია აპლიკანტებს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ.

ასევე იხილეთ:

ცნობილია ყველაზე პოპულარული პროგრამები პროფესიული განათლების მიღების მსურველებში – რეგისტრაციის დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური