ცნობილია ყველაზე პოპულარული პროგრამები პროფესიული განათლების მიღების მსურველებში – რეგისტრაციის დეტალები
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აპლიკანტთა განაცხადების მიხედვით, 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა Front-end დეველოპმენტია, რომელზეც 2 135 პირი დარეგისტრირდა.
EMIS-ის ცნობით, მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა ასევე ბუღალტრული აღრიცხვა და ციფრული მარკეტინგი, რომელთა მიმართაც განაცხადების რაოდენობა, ჯამში 3 700-ს აჭარბებს. ასევე, მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამაზე, საექთნო განათლებაზე, საფინანსო სერვისებზე, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებსა და კულინარიაზე.
2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის აპლიკანტებისთვის, ჯამში 22 317 ადგილი იყო განსაზღვრული, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სულ 26 109 პირი დარეგისტრირდა.
„მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 590 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იყო გამოცხადებული. შეთავაზებულ პროგრამებს შორის 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლებშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია გათვალისწინებული.
აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად 8 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება“, – ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 13 ოქტომბრის ინფორმაციაში.
2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია აპლიკანტებს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ასევე იხილეთ:
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები
-
სტუდენტთა შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგები ცნობილია – იხილეთ, ვინ სად მოხვდა
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა