GE

„ქართულის თემაში ბევრი პარალელი სახიფათოა“, – როგორ დავწეროთ კარგი თემა მისაღებ გამოცდაზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ, მარტის ბოლოს, 2023 წლის აბიტურიენტებისთვის გამართულ ღია კარის დღეზე, დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა არის ზოგადად კარგი თემის დასაწერად საჭირო და რას აქცევენ გამსწორებლები ნაშრომის შეფასებისას მეტ ყურადღებას – დაფიქსირებულ პოზიციას, თუ პოზიციის დაფიქსირების ფორმას.

თემის წერის პრინციპები

„ზოგადად, კარგი თემის დასაწერად საჭიროა, რომ თქვენ კარგად იცნობდეთ ჩვენს მემკვიდრეობას, ჩვენს მხატვრულ ლიტერატურას, საპროგრამო ნაწარმოებებს. იცოდეთ, რა თქმა უნდა, სალიტერატურო ენა. გარდა ამისა, შეგეძლოთ წერა ლაღად, მდიდარი ლექსიკით და რაც მთავარია, ზუსტად უპასუხოთ იმ ამოცანას, იმ დავალებას, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. რაც უფრო საინტერესო, არგუმენტირებული, ენობრივად, სტილისტიკურად და გრამატიკულად გამართული იქნება თქვენი ნაწერი, მით უფრო მაღალ შეფასებას დაიმსახურებთ“, – უთხრა აბიტურიენტებს NAEC-ის წარმომადგენელმა.

თანამედროვე პოლიტიკის განხილვა თემის წერისას

ნანა ლოლაძემ კითხვის პასუხად ისაუბრა თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების თემაში მიმოხილვისა და მისი შეფასების შესახებ. აბიტურიენტის კითხვა ასე ჟღერდა: „ხომ არ გამინულდება თემა, თუ პოლიტიკურ თემებს შევეხები ან პოლიტიკურ საკითხებზე ნეიტრალურ პოზიციას დავაფიქსირებ?“.

ეს საკითხი აქტუალური 2022 წლის მისაღები გამოცდების შემდეგ გახდა, როდესაც აბიტურიენტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ქართულის ტესტებში პოლიტიკურად მოტივირებული თემა შეიტანეს.

NAEC ქართულის გამოცდის პირველი სესიის დავალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ბუნებრივია, პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებას გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ თქვენი პოზიცია და დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტული საკითხის მიმართ, თავისთავად, არ განიხილება. ჩვენ გვაინტერესებს თქვენს პოზიციას როგორ დაგვანახებთ და ჩამოაყალიბებთ. პოზიციისთვის ქულას არავინ დაგაკლებთ. ბუნებრივია, რაღაც მოგწონთ, რაღაც – არა, მაგრამ დაგვისაბუთეთ – რატომ. ასეთი დეკლარირებული – ეს კარგია, ეს ცუდია საერთოდ არ ვარგა. თქვენი პოზიცია რომ გაქვთ, ეს პოზიცია მყარი უნდა იყოს და ამ პოზიციის დაცვა უნდა შეგეძლოთ. არგუმენტაცია უნდა შეგეძლოთ, თუ რატომ ხართ ამ თვალსაზრისზე და არა საპირისპირო აზრზე. მით უმეტეს, როდესაც ეს არის ამ დავალების არსებითი მხარე“, – განაცხადა ნანა ლოლაძემ.

დამოუკიდებელი აზროვნება

სპეციალისტმა ასევე განმარტა, თუ რა იგულისხმება „დამოუკიდებელ აზროვნებაში“ და ისაუბრა როგორი არ უნდა იყოს აბიტურიენტის ნაწერი.

„დამოუკიდებელ აზროვნებაში იგულისხმება ის, რომ თქვენი ნაწერი არ უნდა იყოს ტრაფარეტული, შაბლონური. იცით, რომ არის ხოლმე რაღაც მოარული მყარი სტანდარტები, სტერეოტიპები. უშუალოდ თქვენი დამოკიდებულება დაგვანახეთ. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მოსაზრება იყოს ორიგინალური. მოსაზრება კი არ უნდა იყოს ორიგინალური, არამედ ის, თუ როგორ მისაბუთებთ, რომ ეს ნამდვილად თქვენეულია, თქვენ გაქვთ ნაფიქრი და გვინდა, ამ მსჯელობის მიღმა დაგვანახოთ პიროვნება. აი, სწორედ ეს ფასდება“.

თემაში პარალელის მოყვანის პრინციპი და რაოდენობა

აბიტურიენტებმა აქვე დააზუსტეს, თუ რამდენი „პარალელის“ მოყვანაა საჭირო ნაწერში მაღალი ქულის მისაღებად და დააკლდებათ თუ არა ქულა მხოლოდ ერთი პარალელის მოყვანის შემთხვევაში.

როგორც ნანა ლოლაძემ აღნიშნა, ბევრი პარალელი სახიფათოც კია.

„პარალელებს არ ვითვლით, შეიძლება იყოს ერთი პარალელი და სხვის ხუთს უდრიდეს. ეს უნდა იყოს ძალიან ზუსტი, არსებითი და ზოგადად ბევრი პარალელი არის სახიფათო, რადგან ეს ფორმატი ხომ შეზღუდულია. სულ, სამიდან ერთი გვერდი გეძლევათ. თუ თქვენ გაგიტაცეს პარალელებმა, ის დააკლდება მხატვრული ტექსტის ანალიზს. უპირატესი არის ტექსტის ანალიზი და პარალელები არის მხოლოდ ამის დამხმარე, რომ თქვენი, ან ავტორის მოსაზრება გაამყაროს. ამიტომ, კიდევ ვამბობ, ნუ გაგიტაცებთ ზედმეტი ინფორმაციის ჭარბად მოყვანა. ეს დააზარალებს არსებითი საკითხის განხილვას, ანუ, თვითონ იმ ნაწარმოების სიღრმისეულ ანალიზს“, – განუმარტა აბიტურიენტებს გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა ონლაინ შეხვედრის ფორმატში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური