GE

რა პროდუქტებს გადასცემენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებს დღეიდან

დღეიდან თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ნაკრების გაცემა იწყება. ბავშვების ოჯახებთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია ბაღების ადმინისტრაციებს და პაკეტების გაცემა 5 დღის მანძილზე, ინდივიდუალურად, წინასწარ შეთანხმებულ დროს მოხდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, პროდუქტების ნაკრები სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით არის შედგენილი, რაც ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ გადაეცემა.

„თბილისში მოქმედი 181 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილია პროდუქტების ნაკრები, რომელიც შევადგინეთ სპეციალისტების რეკომენდაციით. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი. ამასთან, ბაღის პერსონალი გაატარებს ყველა ჰიგიენურ-სანიტარიულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება”, – აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, თითოეული ბავშვისთვის გადასაცემი პროდუქტების სია ასე გამოიყურება: ხორბლის ფქვილი 1კგ, ბრინჯი 1კგ, შვრიის ფანტელი 1კგ, შაქარი 1კგ, ბარდა 1კგ, კარტოფილი 2კგ, ხახვი 1კგ, ზეთი 1ლ, რძე 1ლ, ხილფაფა ვაშლის 1კგ, კვერცხი 6ც, ყველი 0, 5კგ.

EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ პროდუქტების მიღების სურვილი მშობლების დაახლოებით 80%-მა გამოთქვა. სააგენტო მოუწოდებს მშობლებს, პროდუქტების გატანისას, გაითვალისწინონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ბაღის ადმინისტრაციის ინსტრუქციებს, დაიცვან დისტანცია სხვა პირებისგან და ბაღში წინასწარ შეთანხმებულ დროს გამოცხადდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში, ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური