GE

რა ქონებას ფლობს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი

2018 წლის 28 აგვისტოს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მფლობელობაში უძრავი ქონება არ ირიცხება. ბინა და ავტოფარეხი ქალაქ თბილისში, მისი მეუღლის ნინო დოლიძის სახელზეა რეგისტრირებული. აღნიშნული ქონება 2003 წელსაა შეძენილი, დეკლარაციაში ღირებულება მითითებული არ არის.

მინისტრს ჰყავს მსუბუქი ავტომობილი land rover range rover velar, რომელიც 83 500 ლარადაა შეფასებული და დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ ის ბატიაშვილმა სესხით შეიძინა. იგივე დოკუმენტის თანახმად, მან 36 000 ლარად შეფასებული კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი MAZDA CX 5 საჩუქრად მეუღლეს გადასცა.

დეკლარაციის შევსების მომენტში, მიხეილ ბატიაშვილს „საქართველოს ბანკში“ აქვს 20005,31 აშშ დოლარი, 10131,36 ევრო და 26960,04 ლარი. „თიბისი“ ბანკში უარყოფითი ნაშთის სახით 1396 ევრო აქვს დაფიქსირებული.

რაც შეეხება მინისტრის მეუღლეს, ნინო დოლიძეს „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე დაფიქსირებული აქვს 579,09 ლარი. იგივე ბანკში ფლობს ანაბრებს 6356,9 აშშ დოლარის და ასევე ცალკე 5000 აშშ დოლარის ოდენობით. მიხეილ ბატიაშვილს და მის მეუღლეს დეკლარაციაში აღნიშნული აქვთ სხვადასხვა ბანკის სწრაფი სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათების დავალიანებები, რომელიც ჯამში 95 822 ლარზე მეტს შეადგენს.

დეკლარაციის თანახმად მიხეილ ბატიაშვილს შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დირექტორობის დროს მიღებული აქვს 25 000 ლარის შემოსავალი. დოკუმენტის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ მინისტრი ფლობდა წილებს რამდენიმე ორგანიზაციაში, რომლებიც გაასხვისა და გარკვეული სარგებელიც მიიღო. კონკრეტულად : შპს თუ ბი (გაასხვისა კუთვნილი 24,5%-იანი  წილი), შპს ტექჰაბ აკადემი (20% -იანი წილი გაასხვისა), შპს ტექჰაბ დისი (გაასხვისა 10%-იანი წილი ), შპს კავკასიის ტექნოლოგიური კლასტერი (გაასხვისა 37,5%-იანი წილი) , შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (გაასხვისა 27%  წილი), შპს წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ( გაასხვისა 5% -იანი წილი).

რაც შეეხება ხელფასებს, 2017 წლის იანვარში, მიხეილ ბატიაშვილს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შპს „აკა“-სგან ხელფასის სახით მიღებული აქვს 2500 ლარი. შპს „საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრში“ მენეჯერ კონსულტანტის პოზციაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 ოქტომბრამდე მიღებული აქვს 126062,5 ლარი.

მინისტრის მეუღლეს ნინო დოლიძეს შემოსავლები უფიქსირდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ექიმად, კონსულტანტად და ტრენერად მუშაობისთვის. მათ შორის, 2017 წელს სს. „კურაციოში“ ექიმის პოზიციაზე 12 თვის მანძილზე მიღებული აქვს 25810 ლარი. იგივე წელს შპს ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში ექიმის პოზიციაზე – მიღებული აქვს 25 781 ლარი.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის ივნისში მინისტრის მეუღლემ გააჩუქა 50 000 ლარად შეფასებული ფართი, 20 000 ლარად შეფასებული არასაცხოვრებელი ფართი, ასევე 20 000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი ფართი და 5000 ლარად შეფასებული სარდაფი.

საანგარიშო პერიოდში მიხეილ ბატიაშვილს თანხა დახარჯული აქვს ავიაბილეთებში, სასტუმროსა  და სამოსის შეძენაში. აქედან ბილეთებში გადახდილია 5 154,8 ლარი, სასტუმროში 2 051.44 ევრო, სამოსში კი გადახდილი აქვს 1224 ევრო და 2276 ლარი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური