GE

რა თანხებს დახარჯავს მთავრობა ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში 2022 წელს – ცვლილება დადგენილებაში

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებაში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა.

ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამების ბიუჯეტები კატეკორიების მიხედვით. ყველაზე მეტი თანხა კი, შვიდი მილიონი, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაზე გადამისამართდა.

გამოყოფილი თანხები ქვეპროგრამების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა – 3 030 000 ლარი;
  • ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა – 4 481 800 ლარი;
  • ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა – 7 000 000 ლარი
  • დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 5 000 000 ლარი;
  • მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 2 900 000 ლარი;
  • მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა – 740 000 ლარი;
  • მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა – 780 000 ლარი;
  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა – 94 000 ლარი;
  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა – 20 000 ლარი

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაზე გაცემული ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა გულისხმობს იმ ოჯახების დახმარებას, რომლებიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე, 8 თვე (2022 წლის 1 იანვრიდან, რომელიც ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მათ შორის, წინა წლებში მომსახურებაში ჩართვის მსურველ ბენეფიციარებზეც), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან, ამ მხრივ, რისკი.

დადგენილება, რომელიც 28 სექტემბერს გამოქვეყნდა, ამავე დღეს ამოქმედდა და გავრცელდება 2022 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

რომელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებს, რამდენ პირს შეეხება და რამდენჯერ გაეწევა თითოეულს აღნიშნული დახმარებები, იხილეთ პრემიერმინისტრის დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური