2024 წლის აბიტურიენტების ყველაზე გულწრფელი რჩევები მომავალი წლის გამოსაცდელებს – 12 გზავნილი
აბიტურიენტობა ცხოვრებაში ერთ-ერთი ის ეტაპია, როდესაც კარგი რჩევა ყველაზე მეტად გჭირდება. კარგი რჩევის მიღება კი ისეთი ადამიანისგან შეგიძლია, რომელსაც ის გზა აქვს გავლილი, რაც შენ გელოდება წინ.
EDU.ARIS.GE -მ შეაგროვა 2024 წლის აბიტურიენტების გზავნილები და რჩევები მათთვის, ვინც მომავალში გამოცდებზე გასვლას აპირებს.
1. „მოუსმინეთ თქვენ თავს, არავის არ მიენდოთ თქვენი მომავალი პროფესიის არჩევისას. შენზე კარგად არავინ იცის, რა გინდა და რა გამოგივა”, – ბექა ჯღარკავა.
2. „იბრძოლეთ მიზნისთვის! თუ იშრომებთ, შედეგს ყოველთვის დადებთ. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ისტორიას და მათემატიკას 2 წელი ვისწავლიდი ერთის ნაცვლად. პირადად მე, მოტივაციას მიგდებდა, როცა მასწავლებელთან მივდიოდი მოუმზადებელი და მეუბნებოდნენ – “არაფერი არ გინდა, არ გამოგივა არაფერი”. ასეთებს არ მოუსმინოთ! რაც გინდა, ის უნდა გაიტანო”, – ნიკოლოზ ხოსროშვილი.
3. „მიენდეთ საკუთარ თავს, კონცენტრირდით იმაზე, რომ ჩააბარებთ, სანერვიულო არაფერია, თუ გულით გინდა რაღაც, იმისთვის იშრომებ კიდეც და შრომას ყოველთვის მოჰყვება სასურველი შედეგი. დაძალებული და სხვისი არჩეული პროფესია არც შენ გამოგადგება და მით უმეტეს, არც სხვას”, – ვაჟა გრიგოლაშვილი.
4. „მეტი შრომა ჩადეთ საკუთარ თავში, მოინდომეთ და მაქსიმუმს მიაღწიეთ, ეს წარმატებული მომავლის ტოლფასია. ყველას გვყავს ვიღაც, ვისკენაც ხელს გავიშვერთ და გვსურს, მისნაირი ვიყოთ, დამიჯერეთ, ყველა ეგეთმა თავის თავზე იმუშავა და იშრომა, იფიქრეთ მომავალზე, თქვენს სურვილებზე და სწავლა არ დაგეზარებათ”, – ლუკა ბერიძე.
5. „უფრო მეტი დრო დაუთმეთ ისტორიას და არა გართობას. ვისაც უჭირს წლების დამახსოვრება, ჯობია, სახლში დარჩეს, ვიდრე 1 საათით გასართობად გავიდეს. გართობას ყოველთვის შეძლებ, მაგრამ იმ 1 საათში დამახსოვრებულ ინფორმაციას შენი მომავლის შეცვლა შეუძლია“.
6. “მათემატიკაში ორი წლით ადრე დავიწყე მომზადება და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. მათემატიკა არ არის ის საგანი, რომლის კარგად დამუშავებასაც ერთ წელში შეძლებთ. სამომავლოდ ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი, პროგრამირებაზე ვაბარებ და მინდა, ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო”, – გურამ შეშელიძე.
7. „თქვენს ადგილას სკოლას დავუთმობდი მეტ დროს. როცა მასწავლებელთან მომზადებას 0 დონიდან იწყებ, ძნელია ყველაფრის ერთად სწავლა. სკოლას მიეცით საშუალება, რომ მოგცეთ მეტი”, – ელენე ჯინჭარაძე.
8. „მოტივაციას მუდმივად თუ ეძებ, ეს ნიშნავს, რომ არასწორ ადგილას ხარ. მოტივაციის ძებნაზე კარგი დისციპლინაა, დისციპლინა მიგაღწევინებს იმ შედეგს, რაც ჩაფიქრებული გაქვს“, – ანასტასია ბზიშვილი.
9. „პროფესიის არჩევას კარგი დაფიქრება სჭირდება, შარშან 100%-იანი გრანტით ჩავაბარე სამედიცინოზე, ახლა ეროვნულებს ვაბარებ პოლიტიკის მეცნიერებებზე ჩასაბარებლად. არავინ იცის, რომ გამოცდებზე გამოვედი. ისწავლეთ ჩემს მაგალითზე”.
10. „არ მოუსმინოთ იმას, ვინც ამბობს, რომ გამოცდები ძნელი და საშიშია. თავის დასტრესვა არ არის საჭირო, როცა მომზადებული ხარ. მე მოტივაციას და სწავლის სტიმულს კონსპექტების წერა მაძლევდა, როცა ვხედავდი ნაწერს, მომწონდა და ამასთან, ხელიც იმახსოვრებდა დაწერილს”, – შორენა თავშავაძე.
11. „თუ გინდა, მათემატიკაში მაღალი ქულა აიღო, იმაზე ადრე მოემზადე, ვიდრე უშუალოდ გამოცდებისთვის მზადებას დაიწყებ. ჩემი მოტივაცია ჩემი მშობლები და მათი გახარებაა – გრანტის აღებით“, – ნიკუშა ხასაია.
12. „სწორად აირჩიეთ მასწავლებელი! ჩემი ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ახალკაციშვილი, რომელმაც შემაყვარა ისტორია თავისი კარგი სწავლის მეთოდით და ადამიანობით. მან დიდი გავლენა იქონია ჩემს მოტივაციაზე”, – მეა გიორგაძე.
2025 წელი თქვენია, ახალბედა აბიტურიენტებო, წარმატებები!
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა კესო კვაჭაძემ
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024