GE

აბიტურიენტები რეფორმის პირისპირ: შიში, გაურკვევლობა, ნდობის დეფიციტი და კონკრეტული კითხვები განათლების სამინისტროს

შეუძლებელია, წლის მიწურულს სიტყვა არ დავუთმოთ აბიტურიენტებს. 2025 წლის აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ჩაბარებას ახალი საგანმანათლებლო რეფორმის პირობებში ხვდებიან – ცვლილებების ფონზე, რომელიც ჯერ კიდევ ბევრისთვის ბუნდოვანია.
ერთ უნივერსიტეტსა და ერთ ფაკულტეტზე არჩევის წესი, სწავლების 3+1+1 მოდელი და დაფინანსების სისტემის შეცვლა ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მომავალი სტუდენტების განწყობებსა და მოლოდინებზე პირდაპირ აისახება.

უსიამოვნო სიურპრიზების წელი თუ საინტერესო ცვლილებები? – 2025 წლის აბიტურიენტები განათლების სამინისტროს ესაუბრებიან

EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტების პასუხები აჩვენებს, რომ 2025 წლის საგანმანათლებლო რეფორმა მათთვის პირველ რიგში შიშთან და ნდობის დეფიციტთან ასოცირდება. რესპონდენტები ამბობენ რომ, რეფორმის შინაარსი ზედაპირულად ან ნაწილობრივ ესმით, თუმცა პრაქტიკული განხორციელების მექანიზმები მათთვის გაურკვეველია.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც პასუხებში მკვეთრად იკვეთება, არის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვის განცდა – როგორც უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების კონტექსტში, ისე გეოგრაფიული ფაქტორის გამო. „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელი აბიტურიენტების ნაწილში აღიქმება არა როგორც შესაძლებლობა, არამედ როგორც დამატებითი ბარიერი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ აქვს სხვა ქალაქში გადასვლის ფინანსური ან სოციალური რესურსი.

განსაკუთრებით მწვავედ ფასდება სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკის ცვლილება. კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების სრულად მოხსნა აღიქმება როგორც სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავისი არიდება, რაც აბიტურიენტებს რეალურად აიძულებს არჩევანი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით გააკეთონ, და არა აკადემიური ინტერესებიდან გამომდინარე.

უნივერსიტეტებს დაფინანსება კონკრეტული ფორმულის საფუძველზე მიეცემათ – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი დაფინანსების ახალ მოდელზე

რესპონდენტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ხშირი და მოულოდნელი რეფორმები ქმნის განცდას, თითქოს მათი თაობა ექსპერიმენტის ობიექტია. ეს პირდაპირ აისახება ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე – იზრდება სტრესი, შფოთვა და გამოცდებისადმი შიში.

საინტერესოა, რომ ჩვენი რესპონდენტი აბიტურიენტები სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდიან: სისტემის მიმართ ნდობა სუსტია, რის გამოც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება უფრო რეალისტურ და უსაფრთხო ალტერნატივად გამოიყურება.

ნუცა გოცირიძე რომელიც თბილისის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ემზადება, EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას ამბობს რომ, 2025 წლის საგანმანათლებლო რეფორმა პირველ რიგში გაურკვევლობასა და ნერვიულობას უკავშირდება. ის თვლის, რომ ხშირი ცვლილებები აბიტურიენტებში უარყოფით განწყობას აჩენს, ზღუდავს არჩევანის თავისუფლებას და ამცირებს ნდობას განათლების სისტემის მიმართ, განსაკუთრებით კი კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების გაუქმების ფონზე.

„აბიტურიენტობა, ამ ახალი საგანმანათლებლო რეფორმით, ჩემთვის რთულია, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციისა და დეტალების გამო ვნერვიულობ. ჩემი აზრით, ჩვენს თაობაზე ცდიან სიახლეებს. ხშირი რეფორმები ცუდ განწყობას მიქმნის. სამწუხაროა, რომ კერძო უნივერსიტეტებში აღარ იქნება დაფინანსება და სახელმწიფო ვეღარც მშობლებს შეუწყობს ხელს, სასწავლო გადასახადების დაფარვაში. მიჭირს ვენდო ამ სისტემას. რადგან ყოველდღე რაღაც ახალ და გაურკვეველ კანონებს იღებენ. აბიტურიენტობა ამ რეფორმის ფონზე, ჩემთვის გაურკვეველობით და მოულოდნელობითაა აღსავსეა“, – გვეუბნება ნუცა გოცირიძე.

ქუთაისის გოქაძის შ.პ.ს. N1 სკოლის მოსწავლის ანდრეა გოგორელიანის შეფასებით, რეფორმა თეორიულად შესაძლოა მიმზიდველი ჩანდეს, თუმცა პრაქტიკაში ის სავსეა კითხვის ნიშნებით. ის განსაკუთრებით აკრიტიკებს სახელმწიფოს მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობას, კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების მოხსნას და ამბობს რომ, სისტემის მიმართ ნდობის დეფიციტია, რაც ბევრ ახალგაზრდას საზღვარგარეთ სწავლისკენ უბიძგებს.

„რთულია, როდესაც ასე დაუგეგმავად, ყოველ დილით ახალი რეფორმის შესახებ იგებ, რომელმაც რეალურად, სამომავლო ცხოვრება და განვითარება უნდა გადაგიწყვიტოს. ვცდილობ, რომ დიდი, გაურკვეველი და დაუზუსტებულელი ცვლილებების მიუხედავად, სტაბილურად გავაგრძელო ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი. 3+1+1 მოდელი, თეორიული ნაწილი დაახლოებით გასაგებია, თუმცა რა შედეგს მივიღებთ, ეს ცალკე საკითხია. მეეჭვება მოდელმა კარგი სპეციალისტები შექმნას სტუდენტებისგან. მთავარი ტრაგედია სწორედ ისაა, რომ კურსგავლილი სტუდენტები საკუთარი სპეციალობით ვერ საქმდებიან.

„ერთი ქალაქი – ერთი ფაკუკტეტი” ერთი შეხედვით, იდეა შესაძლოა მოგეწონოს, რამდენადაც თეორიულად ხელს უწყობს დიდ ქალაქებში სტუდენტთა კონცენტრაციის კლებას, მაგრამ პრაქტიკულად გააზრებისას ჩნდება ბევრი პრობლემა და კითხვის ნიშანი. სახელმწიფო, სამწუხაროდ, ვერ გვაწვდის აბიტურიენტებს ინფორმაციას, როგორ დააკმაყოფილებს ეს ქალაქები ჩვენს მოთხოვნებს, თუნდაც ინფრასტრუქტურას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რეკრეაციულ სივრცეებს. თუ მოგვწონს ფაკულტეტი, მაგრამ მდებარეობა არ გვიწყობს ხელს, ავირჩიოთ ეს დარგი, ბუნებრივია, შევიზღუდებით არჩევანში. სახელმწიფო მარტივად პასუხისმგებლობას იხსნის იმ სტუდენტებზე, რომლებიც არჩევენ კერძო უნივერსიტეტებს.

სახელმწიფო ცდილობს ირიბად, არასასურველი გახადოს კერძო უნივერსიტეტები სტუდენტებისთვის და, ბუნებრივია, ჩვენს არჩევანზეც იქონიებს გავლენას ეს ნაბიჯი.
რაც შეეხება ერთი სპეციალობის მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში არჩევას ეს ნაბიჯი ნაწილობრივ შეიძლება გავამართლოთ კიდეც, იგი აწესრიგებს არჩევის სისტემას, აბიტურიენტს თავიდანვე ფოკუსირებულს ხდის ერთ არჩევანზე, თუმცა, რა თქმა უნდა, დისკომფორტის შემქმნელია, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას ისედაც გაურკვევლობაში მყოფებს გვზღუდავს სამომავლო არჩევანში.

სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ ვენდობი ამ განათლების სისტემას, ამიტომაც სწავლის გაგრძელებას ვაპირებ საზღვარგარეთ. ეს წელი ჩემთვის ერთი სიტყვით არის არაპროგნოზირებადი“, – ეუბნება ანდრეა გოგორელიანი EDU.ARIS.GE-ს.

ყველაზე დიდი გაურკვევლობები და კითხვები განათლების სამინისტროსადმი

აბიტურიენტებისთვის ყველაზე დიდი გაურკვევლობა უკავშირდება იმას, თუ როგორ იმუშავებს ახალი საუნივერსიტეტო მოდელი პრაქტიკაში, ერთ უნივერსიტეტსა და ერთ ფაკულტეტზე არჩევის წესს, ქალაქებში ფაკულტეტების გადანაწილებას, საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობას და იმას, რამდენად რეალური იქნება ამ პირობებში განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის. განსაკუთრებულ კითხვებს აჩენს დაფინანსების საკითხი ― გაუქმდა თუ არა გრანტი კერძო უნივერსიტეტებისთვის და რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ფინანსური შესაძლებლობების გამო არჩევანის შეზღუდვის წინაშე დგანან.

ამ ფონზე, ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა ერთ ძირითად კითხვაზე კონცენტრირდება: რატომ იცვლება უკვე მოქმედი საგანმანათლებლო მოდელი და რა უპირატესობას მიიღებენ აბიტურიენტები ახალ სისტემაში. ახალგაზრდებს სურთ იცოდნენ, რა ალტერნატივას შესთავაზებს სახელმწიფო მათ, ვინც გაზრდილ კონკურენციაში ვერ გაიმარჯვებს, და როგორ იქნება დაცული მათი მომავალი იმ პირობებში, როდესაც ცვლილებები სწრაფად და წინასწარი განმარტებების გარეშე ხორციელდება. სწორედ ამ კითხვაზე მკაფიო და ამომწურავი პასუხი იქნებოდა ის, რაც აბიტურიენტების ნაწილს რეალურად დაამშვიდებდა.

უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისი ცვლილებების პირველი პაკეტი ძალაში შევიდა – რა წერია პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონში

აბიტურიენტების პასუხები ცხადყოფს, რომ განათლების რეფორმის ირგვლივ მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ცვლილებების შინაარსია, არამედ ისიც, როგორ და რა სისწრაფით ხდება მათი დანერგვა. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე დგანან, გაურკვევლობა და ინფორმაციის ფრაგმენტულობა დამატებით სტრესად იქცევა.

ერთ უნივერსიტეტსა და ერთ ფაკულტეტზე არჩევის პრინციპი, ქალაქებში ფაკულტეტების გადანაწილების ბუნდოვანი მექანიზმი და კერძო უნივერსიტეტების დაფინანსების სრულად მოხსნა, აბიტურიენტებში აჩენს განცდას, რომ სისტემა არ ითვალისწინებს მათ სოციალურ რეალობასა და ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ამავე დროს, რესპონდენტების ნაწილი არ უარყოფს, რომ ცვლილებებს შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეს დადებითი მიზნები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ რომ, ნდობის გარეშე რეფორმა ვერ იმუშავებს. როცა აბიტურიენტები საკუთარ თავს „პირველ თაობად“ აღიქვამენ, რომელზეც სისტემა გამოიცდება, ეს კითხვებს აჩენს პასუხისმგებლობასა და რისკების გადანაწილებაზე.

ამ კონტექსტში, 2025 წლის აბიტურიენტების ხმა მხოლოდ შეფასება არ არის – ეს არის მოთხოვნა დიალოგზე. დიალოგზე, სადაც სახელმწიფომ უნდა აუხსნას ახალგაზრდებს არა მხოლოდ ის, რას ცვლის, არამედ ისიც, ვისთვის და რა ფასად.

სწორედ ასე უყურებენ საკითხს აბიტურიენტები ელენე ბერიკაშვილი და ნიკა ლუკავა.

„ჩემთვის არ არის ნათელი, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ და ეს არ არის კარგი განცდა. მე პირადად, არ მაქვს პირობები, რომ სასურველი ფაკულტეტისთვის სხვა ქალაქში, დროებით საცხოვრებლად გადავიდე. კერძო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, დაფინანსების არქონა ჩემზე, ფინანსურად უარყოფითად იმოქმედებს. პრობლემა იქნება ერთი სპეციალობის მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში არჩევა, რადგან ქულების ნაკლებობა უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს შეამცირებს და აბიტურიენტს უფრო დაძაბავს. აბიტურიენტობა ამ სიახლეების ფონზე ჩემთვის გაურკვეველობასთან ასოცირდება”, – გვიხსნის ელენე ბერეკაშვილი.

ნიკას მთავარი გზავნილი კი შემდეგია – „აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს თავისუფლება განათლების მიღების მხრივ“.

„პირველ რიგში არის სტრესი და შიში თუ რამდენად კარგი იქნება მიღებული რეფორმა და რამდენად კარგად იმუშავებს. პირველი თაობა ვიქნებით ვიზეც ახალი რეფორმა იქნება გამოცდილი და არ ვიცით როგორი შედეგი ექნება. სწავლის დაფინანსების კუთხით ყველას სურვილი ექნება რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ, უფასოდ, რაც კონკურენციას ზრდის. ვინც ვერ მოხვდება, ვალდებული იქნება ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში, სადაც მოუწევს გადახდა, იმისდა მიუხედავად აქვთ თუ არა ამის რესურსი“, – ამბობს ნიკა ლუკავა.

ასევე იხილეთ:

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

მოამზადა თათია ახვლედიანმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური