რატომ დააჯარიმეს განათლების მინისტრის ორი მოადგილე
საჯარო სამსახურის ბიურომ, 2019 წელს განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ 254 თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს. მათ შორის არიან განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ირინე აბულაძე და შალვა გოგოლაძე.
ირინე აბულაძის დაჯარიმების მიზეზი გახდა ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა და საკუთარ ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში ცდომილება. შალვა გოგოლაძე კი საკუთარ საბანკო ნაშთში ცდომილების, ხელშეკრულების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის, დადებული ხელშეკრულების არ ასახვის გამო დაჯარიმდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში მითითებული არ არის კონკრეტული თანხები, რაც დაჯარიმებულ პირებს დაეკისრა. მონირტორინგის სიაში გვხვდება ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც, როგორც დოკუმენეტიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ მის ქონებრივ დეკლარაციაში გადაცდომა ვერ აღმოაჩინა.
2019 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემოწმებას დაექვემდებარა, დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევით და დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები. ჯამურად მონიტორინგს დაექვემდებარა 607 თანამდებობის პირის დეკლარაცია. შემოწმებულთა შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, დეპუტატები, მოსამართლეები და ა.შ.
საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლების ინფორმაციით, 2019 წლის დეკლარაციების მონიტორინგმა ცხადყო, რომ რადიკალურადაა შეცვლილი თანამდებობის პირების დამოკიდებულება, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მიმართ, თუ 2017 და 2018 წლებში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად დაჯარიმდა თანამდებობის პირთა დაახლოებით 80%, 2019 წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა რიცხვი (მათ შორის გაფრთხილებებიც) არ ცდება 60%-ს და შეადგენს 55%-ს.
„თავად დარღვევის ფორმებიც და ხარისხიც ბევრად უფრო მსუბუქია წინა წლებთან შედარებით. მონიტორინგმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში დეკლარაციაში დაშვებული შეცდომა უკავშირდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის მონაცემების არასწორად ასახვას. შემოწმებულ დეკლარაციათა 63%-ის უარყოფითად შეფასება განაპირობა სწორედ ამ ფაქტორმა“- ვკითხულობთ ანგარიშში.
2019 წელს შემოწმებული 596 დეკლარაციიდან: დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა – 254; გაფრთხილდა – 75; მონიტორინგი შეწყდა – 27 თანამდებობის პირზე. პროკურატურაში გადაიგზავნა – 1; სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა – 2 თანამდებობის პირზე.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE