რატომ გეგმავს ტექნიკური უნივერსიტეტი საბრძოლო იარაღის შესყიდვას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საბრძოლო შაშხანის შესყიდვას გეგმავას, რაშიც 7 770 ლარს გადაიხდის. შესაბამისი მოთხოვნით უმაღლესმა სასწავლებელმა სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისს მიმართა.
უწყებაში გამარტავენ, რომ შესყიდვის საჭიროება განპირობებულია სამეცნიერო საცდელ-საკონსტრუქტორო კვლევითი ცენტრისთვის ბალისტიკური ცდების ჩასატარებლად, რომელიც ნატოს გრანტის SPS G5580-“ახალი თაობის ტიტანის დიბორიდის კომპოზიციური საჯავშნე მასალის შექმნა”, – ფარგლებში უნდა განხორიელდეს.
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ერთი ცალი შაშხანა (მექანიკური, წრფივად მოძრავი ცილინდრული საკეტით აღჭურვილი,უშუალოდ შორ დისტანციებზე სასროლად აგებული “SAKO 85 Long Range” – კალ.338 Lapua Magnum (8.58×70 მმ)-ის შაშხანა). უნივერსიტეტის მტკიცებით, ის საქართველოში ერთადერთ კომპანიას შემოაქვს. ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 15 ივნისიდან, ამავე წლის 30 ივნისამდეა განსაზღვრული.
„როგორც მოგეხსენებათ, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, იარაღის და მისი ელემენტებით ვაჭრობა დაქვემდებარებულია სავალდებულო ლიცენზიას. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კალიბრის შაშხანის ერთადერთი შემომტანი კომპანიაა შპს ,,ქარავანი+”. აღნიშნული კომპანია ექსკლუზიურად ფლობს კომპანია “SAKO”-ს დილერის სტატუსს, რაც დასტურდება “SAKO”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით www.sako.fi/distributors (გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი სქრინის სახით). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გთხოვთ მოგვცეთ უფლება აღნიშნული შაშხანის გამარტივებული წესით შესყიდვის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი ვერ შეძლებს საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც სავალალო შედეგი იქნება უნივერსიტეტისათვის“, -ნათქვამია შესყიდვის განხორციელების შესახებ განაცხადში.
შესყიდვების სააგენტოში მიმართვის შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტს გარკვეული საკითხების დაზუსტება მოსთხოვეს. განაცხადი ამ ეტაპზე უკან გახმობილია, შესაბამისად შესყიდვის განხორციელების თარიღიც უცნობია.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE