როგორ დავწეროთ უცხოური ენის გამოცდაზე წერილი და თემა მაღალ ქულაზე – აბიტურიენტის გზამკვლევი სპეციალისტებისგან
„აბიტურიენტს უნდა შეეძლოს მოკლედ და ლაკონიურად გადმოსცეს სათქმელი, მაგალითით გაამყაროს თავისი მოსაზრება, რომ გასაგები იყოს, რატომ ფიქრობს ასე. ასე რომ, ლექსიკურ მარაგთან ერთად, აზრის გამოხატვა და ზოგადი განათლება უმნიშვნელოვანესია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინგლისური ენის სპეციალისტი ეკატერინე ბიბილაშვილი, რომელიც წლებია, აბიტურიენტებთან მუშაობს და რომელსაც ვთხოვეთ, აბიტურიენტების უცხოური ენის ტესტური დავალების მნიშვნელოვან წერით დავალებაზე – თემასა და წერილზე ესაუბრა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, უცხო ენის ტესტში ორი წერითი დავალება შედის. პირველი დავალება (წერილი) 6 ქულით ფასდება, მეორე დავალება (თემა) – 16 ქულით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გასული წლის ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის შეფასების სქემის მიხედვით, წერილი, ძალიან კარგად შესრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში და 6 ქულა იწერება, თუ მოსაზრება კარგად ჩანს, გამოყენებულია მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები და მდიდარი ლექსიკა, სრულად და არგუმენტირებულად პასუხობს დავალებას და დაშვებულია უმნიშვნელო შეცდომა, რომელიც მართლწერას ან პუნქტუაციას ეხება. წერილი იმ შემთხვევაშია ძალიან სუსტია და მასში მასში მხოლოდ ერთი ქულა იწერება, თუკი დაწერილია მხოლოდ 1-2 მოკლე წინადადება ან შეცდომები დაშვებულია ყოველ წინადადებაში, აზრი ბუნდოვანია ან პასუხი გაცემულია ერთ, ორ ან სამივე შეკითხვაზე, მაგრამ დაშვებულია არაერთი მძიმე გრამატიკული შეცდომა.
რაც შეეხება მეორე წერით დავალებას, თემას/თხზულებას, „ნაეკის“ განმარტებით, ამ შემთხვევაში მაქსიმალური ქულა მაშინ იწერება, როცა იგი სრულყოფილად პასუხობს დავალებას, აზრი მკაფიოდ და გასაგებად არის გადმოცემული, გამყარებულია მაგალითებით და პირადი მოსაზრებებით, ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასვლა ლოგიკურია, გრამატიკული შეცდომების რაოდენობა 3-ს არ აღემატება, გამოყენებულია რთული წინადადებები და კონსტრუქციები, ლექსიკა მდიდარია, მართლწერასა და პუნქტუაციაში დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოა. თხზულების ნაწილში 1 ან 2 ქულა იწერება, თუ ნაწერში ინფორმაცია მწირია და აზრის გაგება შეუძლებელი, 60 ან ნაკლები სიტყვაა გამოყენებული, დაშვებულია 11-ზე მეტი გრამატიკული შეცდომა, წინადადებები სტრუქტურულად გაუმართავია, ლექსიკა ძალზე მარტივი და შეუსაბამოა, მჟღავნდება მართლწერისა და პუნქტუაციის წესების სუსტი ცოდნა.
ჩვენი რესპონდენტი, ეკატერინე ბიბილაშვილი დეტალურად გვესაუბრება, როგორ უნდა დაწერონ აბიტურიენტებმა საუკეთესო წერილი და თემა. რა სტრატეგიით წერონ, რომ დავალება გაუადვილდეთ და გამართულად ჩამოაყალიბონ სათქმელი. ის აპლიკანტებს კონკრეტულ მითითებებსაც აძლევს.
პირველი წერითი დავალება – წერილი
ეს არის ოფიციალური სახის წერილი. მაგალითად, ადამიანს უნდა სამსახურის დაწყება და მიმართავს იმ ორგანიზაციას, ან რაიმე ღონისძიებაზე უნდა მონაწილეობის მიღება და მათ სწერს. მშრალად, შაბლონურად და ოფიციალურად უნდა იქნეს მიწოდებული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უცხო ენის განსაკუთრებულად ცოდნა არ არის საჭირო. აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ირიბად დასვან კითხვები და არა – პირდაპირ. მაგალითად, არ შეიძლება, პირდაპირი კითხვა – სად მდებარეობს თქვენი ორგანიზაცია? უნდა დაწერონ – თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, სად მდებარეობს თქვენი ორგანიზაცია?
მაგალითად, თუ ეს წერილი სასწავლო კურსს ეხება და წერს, რომ სწავლა იწყება ივნისში და სრულდება ერთ თვეში, ვერ ვიღებთ ინფორმაციას, რომელ რიცხვში იწყება და რომელში მთავრდება. აბიტურიენტმა უნდა დააკონკრეტოს, დააზუსტოს, რომელ რიცხვში იწყება სწავლა და როდის მთავრდება. აბიტურიენტს სამი ნიმუში მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული იმისთვის, რომ მიხვდეს, რა პრინციპით და როგორ დაწეროს ეს წერილი.
წერილის შემთხვევაში, მნიშნელოვანია ასევე, გამოიყენონ ის ადგილი, რაც არის გამოყოფილი ამ დავალებისთვის – ჩარჩოშია მოქცეული და არ შეიძლება მისი დარღვევა, არ უნდა გადავიდეს აბიტურიენტი წერისას კიდეებიდან და მხოლოდ შიგნით არსებული თავისუფალი ადგილი უნდა აითვისოს. ნაკლებს თუ დაწერს, ესეც არ არის კარგი, რადგან ნიშნავს, რომ ბავშვს არ აქვს სიტყვათა მარაგი და ვერ დაწერა კარგად. პირდაპირ კითხვების დასმა არ უნდა დაიწყოს, წინ რამდენიმე წინადადების დაწერაა საჭირო იმისათვის, რომ გაიშალოს ეს წერილი. სიტყვების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, მოცემული თავისუფალი ადგილი შეავსოს.
ყველაზე მთავარი, რაც ამ წერილის დაწერის დროს უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ თავიანთი სახელი და გვარი არაფრით მიაწერონ. ამ შემთხვევაში, წერილი აღარ მოწმდება და ნული ქულა იწერება.
ამ დავალებაში გრამატიკული შეცდომა გულისხმობს მინუს ერთ ქულას. რაც შეეხება ლექსიკას და პუნქტუაციას, თუ იქნება შეცდომით სამი რამ – არტიკლი ან წინდებული, ეს მინუს ერთ ქულას გულისხმობს, თუმცა ესეც გამსწორებელზეა დამოკიდებული იმ მხრივ, რომ როდესაც კითხულობს წერილს, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად წერია და მხოლოდ მექანიკური შეცდომებია, შეუძლია, თვალი დახუჭოს.
მეორე წერითი დავალება – თემა/ესე
თემაში კარგად ჩანს, რა იცის აბიტურიენტმა – როგორი ლექსიკური მარაგი აქვს, გრამატიკა როგორ იცის… შესაძლებელია, ტექსტი დაიწეროს იოლი, საშუალო და რთული ენით. აქ მნიშვნელოვანია, წინადადებების წყობა როგორია და როგორ არის კავშირებით გადაბმული. თუ პატარა-პატარა წინადადებებია და აზრი გასაგებია, რა თქმა უნდა, ის ფასდება, მაგრამ პატარა და მოკლე წინადადებები ნიშნავს, რომ კარგად ვერ მსჯელობს და არ იცის რთული წინადადებების გამოყენება. ასეთ დროს 16 ქულას ალბათ ვერ მიიღებს. ასევე, კარგ ესედ ითვლება ნაწერი, თუ მსჯელობისას კავშირებით გადადის ერთი წინადადება მეორე წინადადებაზე, პირველ და მეორე წინადადებაში რასაც იტყვის, შემდგომ წინადადებაში მას კარგად აზუსტებს.
ესეში სულ 4 აბზაცი უნდა იყოს. პირველი აბზაცი არის შესავალი, მეორე და მესამე აბზაცებში უნდა მოიყვანონ პირველი და მეორე არგუმენტი და მეოთხე აბზაცში დაწერონ დასკვნა. მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შესავალში აბიტურიენტი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ემხრობა ან არ ემხრობა საკითხს, აღარ უნდა გადაუხვიოს ამ მოსაზრებას. თუ ემხრობა რომელიმე პოზიციას, მერე ორივე არგუმენტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, განსხვავებული, მაგრამ მისი მოსაზრების გასამყარებელი და დასკვნაში წამკითხველი არ უნდა დააბნიოს. გასაგები უნდა იყოს, რას ფიქრობს ის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ესე უნდა იყოს ერთი წაკითხვით გასაგები და გამსწორებელს მისი რამდენჯერმე გადაკითხვა არ უნდა მოუხდეს. თუ ასეა, მაშინ იწერება მაქსიმალური ქულა. შემდგომ კი განიხილება, გრამატიკულად როგორ არის აწყობილი – რომელი დროებია გამოყენებული, პუნქტუაცია რამდენად სწორად არის… გამსწორებელი ხომ არ იცნობს ბავშვს. ის რომ აიღებს ამ თემას და წაიკითხავს, რომც არ ეთანხმებოდეს აბიტურიენტის მოსაზრებას, უნდა გაუგოს, რატომ ფიქრობს ის ასე. ეს არის ყველაზე მთავარი.
ამ წერით დავალებაშიც იგივე მიდგომაა, გრამატიკული შეცდომა მინუს ერთ ქულას გულისხმობს და სამი ლექსიკურ-პუნქტუაციური შეცდომა, – მაგალითად, მძიმე თუ აკლია ან ზედმეტად არის დაწერილი, არტიკლი თუ წინდებული აკლია, სიტყვა თუ არასწორია, – აკლებს ერთ ქულას. თუმცა, წინა წლების გამოცდილებით გეტყვით, რომ როდესაც გამსწორებელი იღებს ესეს და ხედავს, რომ აბიტურიენტს მკაფიოდ, კარგად აქვს დაწერილი, შესაძლებელია, ლექსიკურ შეცდომაზე აღარ გამოეკიდოს და ქულაც აღარ დააკლოს. ყოველ შემთხვევაში, მე რაც მინახავს, ასეთ დროს ქულას არ აკლებენ და სასაყვედურო არ მაქვს ხოლმე ამ მხრივ გამსწორებლებთან, რადგან აშკარად ყველანაირად ცდილობენ, ბავშვს არ დაუკარგოს თავისი ცოდნა.
მითითებულია, რომ აბიტურიენტმა წერისას 120-150 სიტყვა უნდა გამოიყენოს. ეს თემის სათაურშივე წერია და პირობაშია მოცემული. ყველა მეტყველების ნაწილი ითვლება სიტყვად. არტიკლიც ერთ სიტყვად ითვლება და წინდებულიც. 150 სიტყვა უნდა იყოს, მაგრამ მეტსიტყვიანი ესეებიც დაუწერიათ და ამის გამო არც განულება ყოფილა და არც ქულა დაუკლიათ, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ ხოლმე, რომ რადგანაც პირობაში წერია, გავითვალისწინოთ და ჩავეტიოთ სიტყვათა რაოდენობაში.
ჩემს მოსწავლეებს ვაკითხებ, წინა წლებში რა დაწერეს აბიტურიენტებმა, რაში მიიღეს მაღალი ქულები. რამდენიმე ნიმუშს რომ წაიკითხავენ, მათი გონება სხვა ესეზე უფრო გახსნილი იქნება, მიხვდება, რა შეიძლება იქნას გამოყენებული, რა არგუმენტები მოიყვანოს. თვითონ რაც უნდა დაწერონ, იმ თემაზე წინასწარ არ უნდა წაიკითხონ, რადგან აღარ აძლევ ფიქრის საშუალებას, რომ რაიმე ახალი არგუმენტი მოიფიქროს და მისი არც იქნება ის მოსაზრება. როცა რაიმე საკითხზე დაწერს თავის შექმნილს და მერე სხვების დაწერილს წაიკითხავს იგივე თემაზე, ეს ჩემი აზრით, იდეალურია, რადგან ეს დაეხმარება სხვა, ახალი თემის დაწერაში.
აბიტურიენტს უნდა შეეძლოს მსჯელობა. მაქვს მაგალითები, როდესაც ბავშვი სწავლობს, ლექსიკური მარაგი აქვს, მაგრამ პრობლემაა მსჯელობა. ამის სწავლაც შეიძლება, უბრალოდ, ცოტა უფრო მეტი მუშაობა სჭირდება. თვითონ რასაც ფიქრობს, მოკლედ და ლაკონიურად უნდა ჩამოაყალიბოს. 150 სიტყვა სულაც არ არის ბევრი, მით უმეტეს, როდესაც არტიკლიც სიტყვათა რაოდენობაში ეთვლებათ.
რას ექცევა ყურადღება ნაშრომის გასწორების დროს
ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი, მარინა ჩაგელიშვილი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების გამსწორებლადაც მუშაობდა და არაერთ აბიტურიენტთან უმუშავია ამბობს, რომ გამოცდაზე ყველაზე მთავარი დროის მენეჯმენტია. ყველაზე დიდი დრო სწორედ წერით დავალებებს სჭირდება და ამიტომაც, მისთვის მეტი დრო უნდა გამოყონ.
„დიდი ყურადღება ენიჭება სიტყვებს, ფრაზებს. ხშირად აბიტურიენტი ხმარობს ისეთ სიტყვას, რომელიც კონტექსტში არ ჯდება. რომელიმე ბგერის შეცვლა სიტყვას მნიშვნელობას უცვლის და თითოეული ასეთი შეცდომა თითო ქულად ითვლება. თუ არ არის პოსტულატები დაცული, უკვე სტრუქტურული შეცდომაა, რაც ნიშნავს, რომ აბიტურიენტმა არ იცის, როგორ დაიწეროს.
თემის წერის დროს გრამატიკულ შეცდომებს დიდი ყურადღება ექცევა. ასევე, წინადადებისა და აზრის წყობას. ბევრ ნაწერში ქართული წინადადებები გვხვდება და არა უცხოური. ეს ნიშნავს, რომ ქართულში ხანდახან ქვემდებარეს თუ არ ვახსენებთ, იგულისხმება, ინგლისურში კი ასე არ არის. იქ ყველა ახალ წინადადებაში უნდა ჩანდეს ქვემდებარეც, შემასმენელიც, დამატებაც. ეს ერთ-ერთი პირობაა სწორად კონსტრუირებული წინადადებისა ინგლისურში“, – ამბობს მარინა ჩაგელიშვილი.
ასევე იხილეთ:
ტექსტის რედაქტირება – რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა დავალებაში და რაში დააკლდება ქულა
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე