სკოლაში „პოლიგლოტი“ მასტერკლასი: „როგორ შევქმნათ ჩვენი ციფრული მე” ჩატარდა
სკოლაში „პოლიგლოტი“ გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი: „როგორ შევქმნათ ჩვენი ციფრული მე”, ეს დღე გადაიქცა განსაკუთრებულად ცოცხალ გამოცდილებად, სადაც ტექნოლოგია აღარ იყო მხოლოდ ცოდნის გადაცემის საშუალება — ის გახდა სარკე, რომელშიც მოსწავლეებმა საკუთარი თავი სრულიად ახალი პერსპექტივიდან დაინახეს.~
შეხვედრა დაიწყო ინტრიგის შემცველი კითხვით: “30 წლის შემდეგ შენი ციფრული ორეული რომ არსებობდეს, როგორი იქნებოდა ის?” მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი, რომელიც ჩვეულებრივ ტესტს არ ჰგავდა – ეს უფრო საკუთარ თავთან სიღრმისეული დიალოგი იყო. მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი აზროვნების სტილი, გაიხსენეს საყვარელი ფრაზები, ჩამოთვალეს ცხოვრებისეული ღირებულებები და აღწერეს მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ემოციები. ეს ყველაფერი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ “გადაეტანათ” თავიანთი პიროვნული თვისებები ციფრულ ორეულში, რომელიც მათი აღწერის მიხედვით განვითარდებოდა (ამ პროცესს ChatGPT უზრუნველყოფდა).
მოსწავლეები არ იყვნენ უბრალოდ ტექსტის შემდგენლები – ისინი იქცნენ საკუთარი მომავლის არქიტექტორებად, ინჟინრებად, რომლებიც ციფრულ სამყაროში აშენებდნენ ემპათიას, თვითცნობიერებასა და ოცნებებს.
მასტერკლასის კულმინაციური მომენტი იყო ინტერაქტიური დიალოგის ფაზა: მოსწავლეებმა თავიანთ AI-ს მისცეს უნიკალური დავალება – გაეცოცხლებინა მათი აღწერები 2045 წლის პერსპექტივიდან. თითოეულმა მათგანმა ChatGPT-სთვის შექმნა სპეციალური პრომპტი, რომლის საშუალებითაც “გააცოცხლეს” საკუთარი ციფრული ორეული მომავლიდან და მასთან ნამდვილი საუბარი გამართეს.
ეს მასტერკლასი იქცა უნიკალურ გამოცდილებად არა მხოლოდ ციფრული აზროვნების განვითარებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვის საკუთარი შინაგანი სამყაროს სიღრმისეული რუკის შესაქმნელადაც.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ცირა ბარბაქაძეს ასეთი შთამბეჭდავი შეხვედრის ჩატარებისათვის.