ტექსტის რედაქტირება – რამდენი შეცდომა უნდა იპოვოს აბიტურიენტმა დავალებაში და რაში დააკლდება ქულა
„ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დასხდნენ ტელევიზორთან და ამოიწერონ, როგორი მეტყველება ისმის იქიდან და ზუსტად ის არ გაითვალისწინონ, რადგან 100-დან 90% შეცდომაა. ეს შეცდომები რომ ესმით ბავშვებს ყოველდღე, სწორი ვერსია ჰგონიათ, რაც საშინელებაა“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ფილოლოგი, რეპეტიტორი და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელი, მანანა ციცქიშვილი.
ქართული ენისა და ლიტერატურის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ერთ-ერთი დავალება მოცემული ტექსტის რედაქტირებას მოიცავს. აბიტურიენტმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს მოცემული ტექსტი, გაასწოროს მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები, სტილისტური ხარვეზები და ისე გადაწეროს, რომ მისი შინაარსი არ შეცვალოს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, გადაწერილ ტექსტში თითოეული შეცდომის, ხარვეზისა თუ უზუსტობის გამო, ჩამბარებელს თითო ქულა დააკლდება, ხოლო თუ ტექსტიდან ამოიწერთ მხოლოდ ცალკეულ ფორმებსა და შესიტყვებებს ან რამდენიმე წინადადებას, ნაშრომი არ შეფასდება. აბიტურიენტს ყოველ სწორად აღმოჩენილ შეცდომაზე ემატება ქულა.
მანანა ციცქიშვილი ტექსტის რედაქტირების დავალებაში ერთგვარ გაკვეთილს გვიტარებს და დეტალურად გვიხსნის, რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები ტექსტის რედაქტირებისას და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რომ მოწოდებული ტექსტის გასწორებისას შეცდომა არ დაუშვან.
რამდენი შეცდომა უნდა გაასწოროს აბიტურიენტმა რედაქტირების ნაწილში და დააკლდება თუ არა ქულა გადასწორებული ტექსტის გამო
რედაქტირების ნაწილში 16 ქულა იწერება. ეს არ ნიშნავს, რომ მოცემულ ტექსტში მაინცდამაინც 16 შეცდომა იქნება. შეცდომების რიცხვი ძირითადად 10-11-დან 15-მდე მერყეობს. გამოსაცდელებს ვურჩევ, კი არ თვალონ შეცდომები, მთავარია, წინადადებები სწორად გადაწერონ. თითო შეცდომა კი თითო ქულის დაკლებას ნიშნავს.
ხანდახან გამსწორებლებს თავიანთი ვერსია აქვთ და შენ თუ შესთავაზებ სწორად დაწერილს, უკვე მოპოვებული გაქვს ქულა, თუნდაც ეს მისი ვერსია არ იყოს. ადრე კომპიუტერი ასწორებდა და ზუსტად ის უნდა დაგეწერა, რაც იმათ უნდოდათ. მაგალითად, „ძალიან უსაყვარლესი“ უნდა გადააკეთო და დაწერო „ძალიან საყვარელი“, თუმცა შეგიძლია მხოლოდ „უსაყვარლესი“ გამოიყენო. მთავარია, ის ორი სიტყვა არ დაწერო ერთად. თუ გამოსაცდელი პირი, ტექსტის გადაწერისას, ახალ შეცდომას დაუშვებს, ქულა აკლდება, მაგრამ თუ ცვლილებას თავისებურად შეიტანს იმ ადგილზე, სადაც საერთოდ არ იყო შეცდომა, მინუსად არ ჩაეთვლება. მეწამული რომ დაწეროს და ვარდისფერს ან წითელს გულისხმობდეს, არც ამ დროს დააკლდება ქულა. ბოლო დროს კი აიჩემეს, „მინახავხარ“ უნდა იყოსო, მაგრამ აბიტურიენტი თუ დაწერს „მინახიხარ“, ქულა არ დააკლდება, რადგან, ჯერ ერთი, აკაკი შანიძეს სახელმძღვანელოში პარალელურ ფორმად აქვს მოხსენიებული ეს და მეორეც, უბრალო ცხოვრებაში „მინახავხარ“-ს არც ვამბობთ, თუმცა თუ ასე დაწერა, არც ამ დროს დააკლდება ქულა.
სასვენი ნიშნები
რედაქტირებაში განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სასვენი ნიშნები. იქ აღმავალი ტონია, დაღმავალი ტონია თუ როგორი, აუცილებლად უნდა გაიაზროს აბიტურიენტმა. ხშირი შეცდომაა, მიმართვის დროს, მაგალითად, „დათო, როგორ ხარ? ამ დროს, დათოს შემდეგ, მძიმეს არ სვამენ, რის გამოც, რასაკვირველია, ერთი ქულა აკლდებათ. ესე იგი, თუ ერთი მძიმე ზედმეტად დასვეს ან მოაკლეს, ეს უკვე მინუს ერთი ქულაა, თუმცა, როდესაც თემებს ვასწორებთ, იქ ერთ მძიმეზე ერთი ქულა არ აკლდება, რამდენიმე შეცდომა უნდა იყოს წერტილებსა და მძიმეებში და მერე ვაკლებთ ქულას.
პოპულარული შეცდომები
პოპულარული შეცდომაა, მაგალითად, „თმები გაიშალა“ – თმას საერთოდ არ აქვს მრავლობითი რიცხვი. თმის ღერი – მხოლობითია და თმა – უკვე მრავლობითი.
ერთპირიან ზმნაში „ს“-ს წერენ. მაგალითად, წერენ „კრება შესდგა“. უნდა იყოს „კრება შედგა“ და „პრეზიდენტი წარდგა“. ერთპირიან ზმნაში „ს“ არაფრით არ უნდა დავწეროთ.
რიცხვითი სახელების მოხმარებისას გვხვდება შეცდომები. წერენ, „ორი ბავშვები“, „ორი ბავშვი მოვიდნენ“. უნდა იყოს, „ორი ბავშვი“, ორი ბავშვი მოვიდა“.
ცოლ-ქმარი დეფისით იწერება, მაგრამ საკმარისია, ეს სიტყვა შევცვალოთ, სხვა ფორმით წარმოვადგინოთ, მაგალითად, თუ მინდა ვთქვა „ცოლქმრული“, აქ დეფისი აღარ უნდა, მაგრამ ბავშვებს ჰგონიათ, რომ რადგან ცოლ-ქმარი დეფისით იწერება, ცოლქმრულშიც უნდა იყოს, არადა, ამ შემთხვევაში სიტყვები მთლიანდება და რასაკვირველია, იხსნება დეფისიც.
„ცოლ-ქმარი მოვიდა“, მაგრამ თუ ამ წინადადებას ვაგრძელებ, ვერ ვიტყვი, „ის დაჯდა“. უნდა ვთქვა, ისინი დასხდნენ. კი, მოვიდა ცოლ-ქმარი, მაგრამ ერთი ზმნის შემდეგ დაწერილი მძიმის მერე, მრავლობითი გახდება.
„მოახდინა“ – ამ სიტყვის უმართებულო მოხმარება დიდი შეცდომაა. მაგალითად, „მოახდინა თავდასხმა“ გვესმის ტელეეკრანიდან, რაც საშინელი შეცდომაა. უნდა ვთქვათ, „თავს დაესხა“. უნდა იყოს „ხალხი დასხდა“, „ისინი დასხდნენ“ და „ის დაჯდა“.
რომ გკითხავენ როგორ ხარო და უპასუხებ „კარგად“, ჰგონიათ, რომ მრავლობითი რიცხვის ნიშანიც არის „დ“ და „წავედიდ“-ს ამბობენ. „დ“ ვითარებითი ბრუნვის ნიშანია და არა – მრავლობითის. როგორ შეიძლება, „დასხედიდ“ ვთქვათ? აბიტურიენტები კი არა, მსახიობები, პოლიტიკოსები წერენ ასე. სოციალურ ქსელში ვხედავთ ამ ყველაფერს და ხედავენ მოსწავლეებიც.
აპლიკანტებს ხშირად ავიწყდებათ ნაწარმოების სათაურს რომ ბრჭყალი უნდა, მაგრამ თუ ოთარაანთ ქვრივი ეზოში რაღაცას აკეთებს, ამ დროსაც ბრჭყალში არ უნდა ჩავსვათ, რადგან ამ შემთხვევაში პერსონაჟია და არა სათაური ნაწარმოებისა. ოთარაანთ ქვრივი დადის-აქეთ-იქით, მაგრამ „ოთარაანთ ქვრივი“ ნაწარმოების სათაურია და ეს უნდა გაიმიჯნოს.
ხშირად გვხვდება, „პოემა „ვეფხისტყაოსან“-ში“. ეს სათაური ძალიან მობილურია და იბრუნება, მაგრამ თუ ისეთი სახელი ჰქვია ნაწარმოებს, რომელსაც ვერ ვაბრუნებთ… უნდა ვთქვათ, „ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“ და ხომ ვერ ვიტყვით „შემოღამება მთაწმინდაზედ“-ში? ანუ, უნდა ვთქვათ პოემა „ვეფხისტყაოსანში“ და ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზედ“. „ში“ დეფისით არ უნდა გამოვაგდოთ ბრჭყალის აქეთ.
„მიგვრძვნია“ კი არა, „მიგრძნია“ უნდა იყოს. გრძნობაში „ვ“ არ უნდა გაჩნდეს. თემაში ასეთი შეცდომა და სასვენი ნიშანი ხანდახან ასატანია, მაგრამ რედაქტირებაში – არა და ნამდვილად დააკლდებათ ქულა. თუ თემა კარგია, არ გინდა, დაბალი ქულა დაუწერო გრამატიკული შეცდომის გამო, მაგრამ რედაქტირების დროს ამას გვერდს ვერ აუვლი.
ტელეეკრანიდან ისმის „პრეზიდენტ სააკაშვილმა მითხრა“. არაფრით შეიძლება, რომ მოთხრობითის ნიშანი არ ჰქონდეს. უნდა იყოს „პრეზიდენტმა სააკაშვილმა მითხრა”. წერენ „გვერძე“-ს, რასაც სკაიპურ შეცდომას ვუწოდებთ, რადგან მიჩვეულები არიან მესიჯების მიწერას, სადაც წერენ „გვერძე“-ს, უნდა იყოს „გვერდზე“.
რჩევები
იკითხეთ ნებისმიერი წიგნი – თანამედროვეც, ნათარგმნიც… ილია ჭავჭავაძის ენა სხვა არის, აკაკი წერეთლის – სხვა, გალაკტიონის – სხვა და კონსტანტინე გამსახურდიასი – სხვა. მათ ხომ არ დავუწყებთ შეცდომების გასწორებას? რაც მეტს წავიკითხავთ, მეტ შეცდომას აღმოვაჩენთ და მიმტევებელიც ვიქნებით მწერლის მიმართ. ის პოეტია და იმას შეიძლება „ეხლა“ ეწეროს და არა „ახლა“, რომელიც სწორი ფორმაა. გალაკტიონს ხომ ვერ გავუსწორებთ, როცა ამბობს, „ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ“… აბიტურიენტმა უნდა იფიქროს, ის გენიოსია და ეპატიება, მე კი ქართულში მაქვს გამოცდა და „ახლა“ უნდა დავწერო.
ჩემი მოსწავლეებისთვის სპეციალური დავალება მაქვს – ფილმებიც უნდა ნახონ, მსახიობებიც უნდა იცოდნენ და ა. შ. მარტო გრამატიკა რომ ვიცი და არც ლიტერატურას ვკითხულობ, არც ვერიკო ანჯაფარიძე გამიგია და არც სესილია თაყაიშვილი, საშინელებაა. ყველაფერი უნდა ისწავლონ, რომ, მაგალითად, უცბად არ დაგვიწერონ, ნოდარ დუმბაძე რომანტიკოსიაო.
ტექსტის რედაქტირების შეფასების კრიტერიუმები გამოცდების ცენტრის 2021 წლის შეფასების სქემიდან:
ტექსტის რედაქტირება (16 ქულა)
შეფასების კრიტერიუმები
I. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები – 8ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (8) აკლდება თითო ქულა.
II. სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები – 2ქ.
ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა.
III. პუნქტუაციური შეცდომები – 6ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (6) აკლდება თითო ქულა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება