როგორ უნდა მოიქცეს სკოლა, თუ დაწესებულებაში გადამდები დაავადება დაფიქსირდება – წესები
2019 წლის დასაწყისში სკოლებისთვის უსაფრთხოების ახალი წესები ამოქმედდა, სადაც გაწერილია ყველა ის ვალდებულება, რაც სასწავლო დაწესებულებამ საგანგებო სიტუაციის დროს უნდა განახორციელოს. მათ შორისაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სეზონური ვირუსებია, საინტერესოა რა პროცედურები არსებობს სკოლაში გადამდები და რისკის შემცველი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში სკოლებმა შემდეგი წესები უნდა დაიცვან:
1. სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ექიმი/მანდატური/ უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების შემდგომ, სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამომვლენი სკოლის ექიმი/მანდატური/უფლებამოსილი პირი დაუყოვნებლივ აცნობებენ სკოლის დირექციას.
3. მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს სკოლაში სიმშვიდის შენარჩუნებას.
4. სკოლის ექიმი/მანდატური/სკოლის დირექტორი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებაზე საეჭვო ყველა პირის (ბავშვი/თანამშრომელი) იზოლირებას სხვა პირებისგან.
5. მანდატური/სკოლის დირექტორი/სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებულთან კონტაქტირებული პირების იდენტიფიცირებას და მათ იზოლირებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა და სხვა პირებისაგან.
6. სკოლის ექიმი/მანდატური/უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირებზე დაკვირვებას/მეთვალყურეობას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
7. სკოლის ექიმი/მანდატური უზრუნველყოფს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ინფორმირებას შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის ხაზგასმით (მაგ, ნიშნები, ზუსტი დრო, ადგილი, გატარებული ღონისძიებები და ა.შ.) და, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს მათ მითითებებს.
8. კლასის დამრიგებელი/სკოლის ადმინისტრაცია მომხდარის შესახებ ატყობინებს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს/დაავადებულის ოჯახს, რა დროსაც რეკომენდებულია შესაბამის პირს საუბრისას ჰქონდეს მაქსიმალურად მშვიდი ტონი და კანონიერ წარმომადგენელს/ოჯახის წევრს მიაწოდოს მოსწავლის/პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
9. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას რესურსცენტრისა და სამინისტროსთვის.
10. სკოლის ექიმი/სამედიცინო მომსახურების სერვისის მიმწოდებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურისთვის „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის № 01-2/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.
11. სკოლის ექიმი/ექთანი/ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე.
12. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი, სკოლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE