საჯარო სკოლის პედაგოგებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი გაჩნდა
საქართველოს საარჩევნო კოდექსში საჯარო სკოლის პედაგოგებთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომელიც საარჩევნო კამპანიაში მასწავლებლების მონაწილეობას განსაზღვრავს.
საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, უკვე დაკონკრეტებულია, რომ საჯარო სკოლების პედაგოგებს სამუშაო საათებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საარჩევნო აგიტაციის გაწევა ეკრძალება. აქამდე მსგავსი შეზღუდვა საჯარო მოხელეებს ეხებოდა, თუმცა პედაგოგები საჯარო მოხელის კატეგორიაში ოფიციალურად არ მოიაზრებიან.
კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩვენების თარიღი რამდენიმე დღეში უნდა გამოცხადდეს. კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე უკვე ოფიციალურად ამოქმედდება შეზღუდვები, რაც კონკრეტული პირების და მოხელეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ეხება.
საქართველოში დიდი ხანია საუბარია საარჩევნო კამპანიაში საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების მონაწილეობაზე და განსაკუთრებით საჯარო სკოლების პედაგოგების რესურსის გამოყენებაზე, რომლებსაც წლების მანძილზე, მმართველი პარტიები, ორგანიზებულად, სხვადასხვა პოლიტიკურ შეხვედრებზე დაატარებდნენ.
საარჩევნო კოდექსში განხორცილებული ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლის პედაგოგებს მსგავს შეხვედრებზე სამუშაო საათებში ვერავინ წაიყვანს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასამუშაო დროს მათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. კოდექსში განსხვავებული ჩანაწერია უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლებზე. ისინი გამონაკლის სიაში არიან, რომლებსაც საარჩევნო აგიტაცია არ ეკრძალებათ.
„წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, საჯარო სკოლების პედაგოგებისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს“, – ვკითხულობთ საქართველოს საარჩევნო კოდექსში.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE