GE

სამეცნიერო გრანტის მიმნიჭებელი ექსპერტების შემადგენლობა გასაიდუმლოებული აღარ იქნება – სასამართლო

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ  მოსარჩელე იმ პირების გასაჯაროებას მოითხოვს, ვინც ეროვნული გამოცდების ნამუშევრებს ასწორებს? ეს არის კითხვა, რომელიც  საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული  გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, სამეცნიერო გრანტების გამცემი კომისის ექსპერტების შემადგენლობა გასაიდუმლოებული აღარ იქნება. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი ერთ-ერთმა უკმაყოფილო მეცნიერმა შეიტანა. ეთნო-მუსიკოლოგმა გიორგი კრავეიშვილიმა საკუთარი პროექტის დაფინანსებაზე უარი მიიღო და იმის გამო, რომ კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალური იყო, ვერ გაარკვია კონკრეტულად რა მიზეზით დაიწუნეს მისი ნამუშევარი.

საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა  სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.  სასამართლოს აზრით, ექსპერტის ვინაობის ცოდნა მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნის შესაფასებლად. კერძოდ, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ექსპერტების დასკვნებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენოს შეფასების როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობას ახლო მომავალში შესაბამისი დადგენილების შეცვლა მოუწევს. კომისიის შემადგენლობა, კი რომელიც მეცნიერებისთვის მილიონობით ლარის გრანტებს გასცემს, დაფარული აღარ იქნება.

გადაწყვეტილების გამო, გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ პროფესორმეცნიერთა ნაწილი და სამეცნიერო გრანტების გამცემი, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის წარმომადგენლები. მათი აზრით, ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა ობიექტურობის და ზემოქმედებისგან დაცვის  ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი იყო. მათივე აზრით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ავტორიტეტს უცხელ პარტნიორთა თვალში დაკნინებს და ბევრი პარტნიორი თანამშრომლობაზე უარს იტყვის.

განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ აღნიშული პრეცედენტი, შესაძლოა სხვა მიმართულებითაც გავრცელდეს და ეროვნულ გამოცდებს და სახელმძღვანელოების გრიფირებასაც შეეხოს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სამეცნიერო გრანტების შეფასების ანონიმური სისტემა. ეს შეამცირებს შემფასებლის დაცულობას, რადგან გაიზრდება კონკრეტული პროექტების შემფასებლებზე თავდასხმების ალბათობა. ეს თავისთავად გამოიწვევს, შემფასებლებად მონაწილეობის მოტივაციის კლებას და შესაბამისად გაართულებს ისედაც რთულ საქმეს – შემფასებელი ხალხის პოვნას. მეცნიერები ამ პროცესში ნებაყოფლობით არიან ჩართულები.

„ეს გადაწყვეტილება შეიძლება გავრცელდეს სხვა მიმართულებითაც. მაგალითად, გამოცდების ცენტრი ვალდებული უნდა იყოს იგივე ლოგიკით, რომ კონკრეტული აბიტურიენტის კონკრტული ნაშრომის გამსწორებელი იყოს ცნობილი. იგივე სისტემა იმოქმედებს მაგ. სახელმძღვანელოების გრიფირებისას ექსპერტების დაცულობაზეც. ანონიმური რეფერირების სისტემას რომ არაკონსტიტუციურად ვცნობთ, ეს არა მხოლოდ პრაგმატულად ცუდია, არამედ უბრალოდ ამ სისტემის განვითარებისთვისაა დიდი დარტყმა და რეალურად სამეცნიერო სივრცეში იშვიათი დადებითი მოვლენისთვის პრობლემების შექმნაც“- წერს   ჯანაშია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ავთანდილ არაბული კი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი, რადგან გრანტებთან დაკავშირებით უკმაყოფილება დიდი ხანია არსებობს.

„პროგრესული გადაწყვეტილებაა, სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან უამრავი კითხვის ნიშანი იყო. ყოველი კონკურსის შემდეგ იყო საჩივრები, თუმცა სრულიად უშედეგო. აქამდე ვერ გაიგებდი მოტივს და ვერ გაიგებდი მიზეზს ვინ რატომ ჩაძირა რომელიღაც ნაშრომი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ტექსტი იყო ძალიან კარგი, რომ არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს საჯარო გადაწყვეტილება და საჯარო კონკურსის შედეგი. ხომ შეიძლება ვიღაცა პროტექციით აკეთებდეს არჩევანს და არ ჩანდეს? ეს არის  ყოვლად დაუშვებელი. ეს გადაწყვეტილება დადებითად წაადგება ჩვენს სამეცნიერო კონკურსების საქმეს.  რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, მაგრამ დახურული კონკურსის პირობებში  უფრო მეტად იყო ხოლმე საფრთხე. როდესაც კომისის შემადგენლობა  ღია იქნება, ექსპერტი უფრო მეტად შეიკავებს თავს ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ამას  კონკურენტი ნახავს და გააპროტესტებს. ზოგადად, ბნელი საქმები დახურულ სივრცეში უფრო მეტი კეთდება, ვიდრე ღიაში.

„რაც შეეხება, იგივე პრინციპის გამოყენებას ეროვნული გამოცდების სისტემაში, რა არის ცუდი? ნახეთ, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა აბიტურიენტმა გააპროტესტა მიღებული შედეგები, სასამართლოში იჩივლა და ნამდვილად დარღვევები იყო. რატომ არ შეიძლება ეს სისტემაც იყოს ღია?! ჩანდეს ვინც ასწორებს და ხელს აწერს ნამუშევრებს. სხვათა შორის, ძველი გამოცდების ცუდ სისტემაში ერთი იყო კარგი, რომ ხუთი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტში ინახებოდა გასწორებული მასალები გამსწორებლის  ხელმოწერით“, – ამბობს ავთანდილ არაბული.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, საკითხის შეფასება ჩვენ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ვთხოვეთ, როგორც ცენტრში განგვიცხადეს, “პროცესი არის განსხვავებული და პარალელების გავლება შეუსაბამოა.”

როგორ იმუშავებს პრაქტიკაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეეხება თუ არა აღნიშნული უცხოელ ექსპერტებსაც და რა პროცედურაზე შეიძლება იყოს საუბარი, ამ საკითხების შესახებ EDU.ARIS.GE სტატიას ამზადებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

მეცნიერებას დაფინანსება შეუმცირდა

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური