საქართველოს რუკის გაყალბება ჯარიმით და პატიმრობით დაისჯება
პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლის თანახმადაც საქართველოს რუკის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის გარეშე დაბეჭდვა და გავრცელება, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება.
ცვლილებები შედის როგორც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა – 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. კანონი ამოქმედდება 2020 წლის 2 ივლისიდან.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. კანონი ამოქმედდება 2020 წლის 2 ივლისიდან
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, განსხვავება ამ ორ კანონპროექტს შორის არის ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება ქმედებას, რომლის მიზანია ხელყოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპი, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება ისეთ ქმედებას, რომელიც ასეთ მიზანს არ ითვალისწინებს.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE