საქართველოში 1-იდან 6 წლამდე ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა შეიქმნება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის განათლების კომიტეტში სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მომდევნო წლებში დიდი ყურადღება დაეთმობა სკოლამდელ განათლებას და 2021 წლიდან ქართულ უნივერსიტეტებში აღმზრდელის საბაკალავრო პროგრამების განხორციელება დაიწყება.
სკოლამდელი განათლების მიმართულებით, 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში შემდეგი ჩანაწერი გვხვდება:
სკოლამდელი განათლების მიმართულებით, შენარჩუნებული იქნება მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება კვლავაც იქნება უფასო.
განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად. გაგრძელდება შესაბამისი ღონისძიებები სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაუმჯობესებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. ასევე ხელი შეეწყობა სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.
არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რაიონში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ზოგადი განათლების საფეხურზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას.
შეიქმნება 1-იდან 6-წლამდე ასაკის ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა.
გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები. ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დასრულდება 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვა მიმდინარეობს. დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს ამ ეტაპზე საკომიტეტო რეჟიმში უსმენენ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE