საქართველოში ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ორგანიზებაზე 400 ათას ლარამდე დაიხარჯება
სამცხე-ჯავახეთში მდებარე რაბათის ციხეში, ნოემბრის ბოლოს ფორტი ბოიარდის სათავგადასავლო თამაშის ინსცენირება მოხდება და გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრებით დააჯილდოებენ. აქტივობა საერთო ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში უნდა ჩატარდეს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის ჯამში 400 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ფესტივალი ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“-ის მარი სკლოდოვსკა-კიურის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის “CAPTAIN: Science is the Captain” -ის ფარგლებში ტარდება. ევროპის 30 ქვეყნის 160-ზე მეტ ქალაქთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სინქრონულ რეჟიმში სამეცნიერო-შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული გასართობი და კულტურული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს.
პროექტის ფარგლებში აქტივობების ორგანიზებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამისი შესყიდვების განხორციელების უფლების მოპოვებას ცალ-ცალკე ითხოვენ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო და ასევე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
განათლების სამინისტრო, ფესტივალის ფარგლებში, ჯამში 205 872 ლარის დახარჯვას გეგმავს, აქედან სარეკლამო მომსახურებაში უნდა დაიხარჯოს 23 850,00 ლარი, ხოლო ღონისძიებების ორგანიზებაში – 182 022,00 ლარი.
რაც შეეხება შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, უწყება დაფინანსებას შემდეგ მომსახურებებში ითხოვს: სარეკლამო, პროპაგანდული და საინფორმაციო ფილმებისა და ვიდეოფილმების გადაღება – კვლევითი ინსტიტუტების და უნივერსიტეტების მიერ მომზადებული ინსტალაციების სამეცნიერო-პოპულარული 3-5 წუთიანი ვიდეო გადაღება და მონტაჟი (არაუმეტეს 50 ვიდეო).
ღონისძიებების ორგანიზება – რაბათის ციხეში ფორტ-ბოიარდი საგანმანათლებლო-გასართობი თამაში. თამაშის სრული ვიდეო გადაღება. მონაწილეთა სერტიფიკატით და გუნდების ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება.
სხვადასხვა სახის ავეჯი და მოწყობილობები – სკამი 140 ცალი. მაგიდა 14 ცალი. პუფი 35 ცალი. სავარძელი საქანელა 7 ცალი. თანმდევი მომსახურებით – სივრცის მოწყობა.
კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, პროექტის აქტივობებში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რის გამოც დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის თავშეყრა აღარ მოხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები 2020 წლის 27-28 ნოემბერს უნდა განხორციელდეს.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE