საქსტატი: გასული სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 8 846 მოსწავლემ შეწყვიტა
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მაჩვენებლები 2022-2023“ – ამ სახელწოდებით, 1-ელ დეკემბერს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 1,1%-ით, იკლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობამ: „2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 296 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 1.1% – ით ნაკლებია“.
გარდა ამისა, უახლესი სტატისტიკის მიხედვით, მასწავლებელთა უმრავლესობას კვლავ ქალები შეადგენენ და „პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4%, ხოლო კაცების 12.6%-ია“.
დოკუმენტში ვეცნობით სტატისტიკურ ინფორმაციას მოსწავლეების შესახებაც. საქსტატის ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4 პროცენტით აღემატება, ამ მოსწავლეთა 89% კი საჯარო სკოლებში სწავლობს.
„საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.9% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 10.1%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1% გოგოა, ხოლო 51.9 % – ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს“, -ვკითხულობთ დოკუმენტში.
საქსტატის მონაცემებით, 25,5% -ით იმატა იმ მოსწავლეთა რაოდენობამ, რომლებმაც მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში სწავლა შეწყვიტეს, მათი უმრავლესობა კი ბიჭია.
„2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 8 846 მოსწავლემ, რაც 25.5% მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.6% გოგოა, ხოლო 57.4% – ბიჭი“.
როგორც ვნახეთ, იმ მოსწავლეების რაოდენობამ, რომლებმაც 2022 წელს დაასრულეს საშუალო და დაწყებითი განათლების საფეხური მკვეთრად იმატა, ხოლო საბაზო საფეხურის შემთხვევაში პირიქით, იკლო.
„2022 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 45 423 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.5 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება – 45 008 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.4 პროცენტით ჩამორჩება“, – ვკითხულობთ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მაჩვენებლები 2022-2023“ შესახებ მომზადებულ ანგარიშში.
მოამზადა მზეო შველიძემ
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE