GE

მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

ფოტო –
რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას მომხდარ ფაქტს, რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის გამო, მიზანმიმართული, რეალური საფრთხე შეექნა შეკრების მონაწილეებს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო.

ამასთან, აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ დღეს, 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ უწყებასთან. ხოლო სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით უკვე სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას, რასთან დაკავშირებითაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოხატავენ პროტესტს. საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან. მოცემულ ეტაპზე, წარმოება გრძელდება.

28 ოქტომბერს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, – იქ, სადაც მე-10 საჯარო სკოლის შენობა იყო, – სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს და სკოლის მშენებლობის დასრულებას ითხოვდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური