თბილისის საბავშვო ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – მოწამლული არიან ბავშვები
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღების ნაწილში დღეს, 18 სექტემბერს, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება შემთხვევებს, როდესაც აღსაზრდელთა ნაწილს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რის გამოც სხვადასხვა კლინიკას მიმართეს.
რას ამბობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“, – აღნიშნულია სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.
რას ამბობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
უწყების ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ნიშნები 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
საქმის გარემოებების დროულად დადგენის მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.
საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩხრეკის ღონისძიებებში მონაწილეობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
-
წვევამდელთა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში 30-ზე მეტი პირის დახმარებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს
by ინფოLIFE
-
მხოლოდ 11 თვეში 436 სასკოლო ასაკის ორსული დარეგისტრირდა – „არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი გაზრდილია“
by ინფოLIFE
-
ცნობილია, როგორ მოხდება წვევამდელის აღრიცხვაზე აყვანა და მისი სამხედრო სამსახურში გამოძახება – ცვლილება კანონში
by ინფოLIFE