GE

სახელმწიფო ინსპექტორი განათლების სამინისტროს მწვანე სკოლის მიერ დაშვებულ დარღვევებზე რეაგირებისთვის მიმართავს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა არასრულწლოვან ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მოკვლევა დაასრულა, უწყებამ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს „მწვანე სკოლაში“ გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდა. გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ კი, ჩვენების იძულების ბრალდებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კერძო სკოლამ დაარღვია, როგორც „ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ასევე სკოლის უსაფრთხოების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანება და განათლების ხარისხის მართვის ცენტრს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების, ასევე შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე.

„კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოკვლევის შემდეგ, გარდა ზემოთაღნიშნული კანონის დარღვევისა, „მწვანე სკოლას“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის წესების შეუსრულებლობის გამო, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

„შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური