GE

„ეს არ არის უბრალოდ „ბუნდოვანება“, ესაა კანონის ფუნდამენტური პრინციპის არსებითი დარღვევა“ – V კლასელის მშობელი ფორმის არ შეძენაზე

პირველკლასელების შემდეგ, მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმის ტარების მიზნით ფორმების რეალიზაციის პროცესი 2 ნოემბერს უნდა დაიწყოს. ასეთია განათლების სამინისტროს შპს სასკოლო რესურსების ინფორმაცია.

სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც უნდა დაიწყოს – მისამართები

სიახლეს ეხმიანება მე-5 კლასის მოსწავლის მშობელი, ნათია ქოიავა, რომელიც შვილისთვის სასკოლო ფორმის შეძენაზე უარს ამბობს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონითაც ასაბუთებს.

როგორც მან EDU.ARIS.GE-სთან განმარტა, ეს მხოლოდ ერთი არგუმენტია მრავალთაგან რატომაც ის სასკოლო ფორმას არ შეიძენს.

„არ ვიცი, რამდენად ზედმიწევნით იცნობთ საქართველოს ძირითად კანონებს, მათ შორის კანონს ზოგადი განათლების შესახებ, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე მოიძიოთ და გაეცნოთ.

ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ხსენებულ კანონში არსებულ სრულიად გამართულ მე-14 მუხლის, მე-6 პუნქტზე, რომელიც იცავს ბავშვებისა და მშობლების უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას.

ყურადღებით წაიკითხეთ!

ამ პუნქტში, შავით თეთრზე, აი, ზუსტად ასე წერია: “საჯარო სკოლას (ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე) და კერძო სკოლას უფლება აქვთ, დააწესონ სასკოლო ფორმის ტანსაცმელი ისე, რომ არ შეზღუდონ მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლესა და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან ამ პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმაზე”.

ამჯერად, ამ პუნქტის მხოლოდ პირველ ნაწილზე მსურს გავამახვილო ყურადღება, კერძოდ, აი ამაზე: “საჯარო სკოლას (ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე) და კერძო სკოლას უფლება აქვთ, დააწესონ სასკოლო ფორმის ტანსაცმელი…” ანუ სკოლას, სასკოლო საზოგადოებას, აქვს უფლება, თავად შეიმუშაოს, შეთანხმდეს ფერზე, დიზაინზე, ლოგოზე და ა.შ. და დააწესოს სასკოლო უნიფორმა ამ ერთი კონკრეტული სკოლისთვის. ანუ სკოლას შეუძლია, თავად გააკეთოს არჩევანი, შემოიღოს თუ არა სასკოლო უნიფორმა, ხალხო, კონკრეტულმა სასკოლო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს თავად, სურს თუ არა და მიიჩნევს თუ არა საჭიროდ, დააწესოს უნიფორმა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. ხვდებით ხომ?

ანუ, კანონში არსადაა ნახსენები ის, რომ ერთ პირს, ერთ მინისტრს, ან ერთ ორგანოს, უფლება აქვს, საყოველთაოდ, ყველა სკოლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულო გახადოს ასევე ერთპიროვნულად შემუშავებული სასკოლო უნიფორმის ტარება!

ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ როდესაც კანონში შავით თეთრზე წერია, რომ “სკოლას აქვს უფლება, შემოიღოს სასკოლო უნიფორმა, თუ ის არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას”, ამავე კანონში ნებისმიერი სხვა მუხლის დამატება, რომელიც ამ უფლებას აუქმებს, ართმევს არჩევანის თავისუფლებას და უნიფორმის ტარებას იძულებად აქცევს, შინაარსობრივად არის ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა!

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უნდა იყოს პროგნოზირებადი და არ უნდა შეიცავდეს ურთიერთგამომრიცხავ ნორმებს, რომლებიც ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს!

ეს ახალი რეგულაცია არის ძირითადი კანონის დარღვევა და ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა საკუთარვე დადგენილ პრინციპს აუარა გვერდი ამ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

სწორედ ამიტომ, ახალი ვალდებულების შემოღება საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) არის არა უბრალოდ „ბუნდოვანება“, არამედ კანონის ძირითადი, ფუნდამენტური პრინციპის არსებითი დარღვევა!

ამ რეგულაციით სახელმწიფომ თავადვე უარყო ის სტანდარტი, რომელიც ამავე კანონით ჰქონდა დადგენილი.

ეს არის:

– პრინციპის შელახვა: კანონის მე-14 მუხლი საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურს საერთოდ არ ანიჭებს სასკოლო უნიფორმის იძულებითი წესით შემოღების უფლებამოსილებას. ამ ახალი რეგულციით კი სახელმწიფომ უხეშად დაარღვია თავისივე შექმნილი სამართლებრივი ჩარჩო.

– ძალაუფლების ბოროტად გამოყენება: როდესაც საკანონმდებლო ორგანო ერთ მუხლში აცხადებს, რომ იცავს გამოხატვის თავისუფლებას და სკოლის ავტონომიას, ხოლო მეორე მუხლით ამ უფლებას აუქმებს, ეს არის იურიდიული ნიჰილიზმი და მოქალაქეთა უფლებების უგულებელყოფა.

– უფლებების პირდაპირი დარღვევა: ეს არის ძირითადი კანონის დარღვევა. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას კანონის ერთგვაროვნება, ხოლო ასეთი წინააღმდეგობრივი ნორმების შემოტანა პირდაპირ ლახავს ოჯახისა და ბავშვის ფუნდამენტურ თავისუფლებას.

ეს შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს სახელმწიფო საკანონმდებლო მექანიზმებს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ახალი რეგულაცია არღვევს და გვერდს უვლის “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის იმ ერთადერთ გამართულ მუხლს, რომელიც ბავშვებისა და მშობლების უფლებებს იცავს.

მეგობრებო, თუ ამ ყველაფერზე პროტესტი არ გიჩნდებათ, ნება თქვენია, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ და თავისუფლად შეიძინოთ სასკოლო უნიფორმები და მშვიდობაში მოიხმაროთ, მართლა.

ჩვენ კი ამას კატგორიულად არ ვაპირებთ და სწორედ ასეთი ფორმით გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ამ არაკონსტიტუციური ცვლილების მიმართ“.

ასევე იხილეთ:

რომელი სავაჭრო ობიექტებიდან შეძლებთ ონლაინ შეკვეთილი სასკოლო ფორმის გატანას – ინფორმაცია მშობლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური