„სკოლის ექიმი საგანმანათლებლო ნაწილშიც უნდა ჩაერთოს“
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ლადო კახაძის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სკოლის ექიმის როლი უნდა გაიზარდოს და ის ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, საგანმანათლებლო ნაწილშიც უნდა ჩაერთოს.
ამის შესახებ მან პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2019 წლის ანგარიშის მოსმენისას ისაუბრა და შეკითხვით კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.
„რა აზრის ბრძანდებით სკოლაში ექიმის ინსტიტუტის აღორძინების თაობაზე? რომ ექიმმა განახორციელოს არამარტო თავის პროფესიული საქმიანობა, როგორიცაა მეთვალყურეობა და ბავშვებზე ჯანმრთელობის კუთხით მონიტორინგი, ასევე მოხდეს მისი პოტენციალის საგანმანათლებლო ნაწილში ჩართვაც, როგორიცაა ჰიგიენის საკითხები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სქესობრივი აღზრდის და პირველადი დახმარების საკითხები, ყველაფერი ის, რაც სკოლის ექიმს წარმატებით შეუძლია განახორციელოს სკოლაშივე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილის თქმით, საკითხი მნიშვნელოვანია და ამ კუთხით სასურველია გარკვეული ცვლილებების განხორციელება.
„მეც ვკითხე მინისტრის საათის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრს, რა მზაობა არსებობს ჯანდაცვის სამინისტროდან, ალბათ მეთანხმებით იმაში, რომ სკოლის ექიმის ცენზი, მისი სერტიფიკატი, მისი სტანდარტი უნდა იყოს არამხოლოდ განათლების სამინისტროსგან, არამედ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული. ამ მიმართულებით, მე რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სწორად დაიგეგმოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია „ახალი სკოლის მოდელიდან“ გამომდინარეც, აუცილებელია იყოს ადამიანი, რომელიც ამ მიმართულებით იქნება კომპეტენტური. სკოლებში მათთვის გამოყოფილი იქნება და არის კიდევაც ექიმის კაბინეტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვინ დაიკავებს ამ კაბინეტს, რა ცენზის მქონე, ბავშვის ფსიქოლოგიის როგორი მცოდნე ესეც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE