სტუდენტები მეორე სემესტრის გადასახადის განახევრებას ან გაუქმებას ითხოვენ
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი დისტანციურად ხორციელდება. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში ბევრი შემოსავლის გარეშე დარჩა. მათი ფინანსური ვალდებულებები კი უცვლელია.
ამ ვითარებაში სტუდენტები თხოვნით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, რომ მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება და მეორე სემესტრის უნივერსიტეტის სწავლის საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გაუქმდეს, რადგან უნივერსიტეტები შექმნილი ვითარების მიუხედავად სწავლის საფასურის გადახდას ითხოვენ.
„ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში.
მივმართავთ თხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა, მოხდება მათი უფლებების დაცვა და ამავე დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უნივერსიტეტების ფინანსური ზარალი. განახევრდეს ან გაუქმდეს სრულად 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი“, – აღნიშნულია მანიფესტში.
იმისთვის, რომ მოთხოვნა მთავრობას გადაეგზავნოს 5323 ხელმოწერაა საჭირო. ამ დროისთვის საჭირო ხმების რაოდენობას მხოლოდ რამდენიმე ასეული აკლია.
ა.წ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE