ტაქსებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარება შესაძლოა აიკრძალოს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად საუბარია ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში ბავშვების თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების ფაქტების არსებობის შესახებ, რის გამოც კომიტეტს მიაჩნია, რომ ამკრძალავ რეგულაციებთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დაიწყოს.
„გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია, ეს კი გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს“- ვკითხულობთ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანგარიშში.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია, თუმცა გამონაკლისს ტაქსი და კატერი წარმოადგენს.
კომიტეტის ანგარიშში ასევე საუბარია თამბაქოს რეკლამის ხილვადობის შესახებ, რაც 2016 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ფაქტები ისევ არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტის გარედან თამბაქოს ნაწარმის ან რეკლამის ხილვადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება. ეს საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ მაღაზიის გვერდით ჩავლისას ბავშვებმა შეიძლება შეამჩნიონ ვიტრინებზე გამოფენილი თამბაქოს პროდუქტები ან მათი რეკლამა და დაინტერესდნენ მათი გასინჯვით. ამ მხრივაც 2016 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით საგრძნობი გაუმჯობესებაა. სავაჭრო ობიექტის გარედან თამბაქოს ხილვადობა დაფიქსირდა შესწავლილი დაწესებულებების მხოლოდ 3%-ში, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 50%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გარე გამოფენის დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველა ქუჩაში ე.წ. გარე მოვაჭრე პირებზე მოდის“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE