GE

თავდაცვის მინისტრი: სავალდებულო ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადება 10 000 ლარით განისაზღვრა და ერთჯერადი იქნება

გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, დღეს, 16 დეკემბერს, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ახალ კოდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანხის საშუალებით სავალდებულო ჯარის გადავადება ყველას არ შეეხება.

როგორ მოიხდიან სტუდენტები სამხედრო სავალდებულო სამსახურს – მთავრობის ახალი ინიციატივა

„ჩვენ სამი წელი დავხარჯეთ იმისთვის, რომ ჩვენი კანონი ყოფილიყო სამართლიანი და მაქსიმალურად მივაღწიეთ ამას. ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა ობიექტური მიზეზები, რა თქმა უნდა, დარჩება და არ იქნება ძალდატანება. რაც შეეხება თანხის საშუალებით გადავადებას, მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი წლით.

„ეს ყველა პირს არ შეეხება და ის პირი, ვისაც შეეხება, შეიძლება, იყოს ადამიანი, ვისაც არ აქვს მიზეზი, თუმცა არ მოხვდეს სავალდებულო ჯარის გასაწვევთა სიაში. თუ, ვთქვათ, შეეხო პირს, რომელსაც აქვს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რაღაც ისეთი, უფრო მნიშვნელოვანი საქმე საკეთებელი, შეუძლია, 10 000 ლარის სანაცვლოდ, ეს ერთი წელი გადაივადოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი წლის მერე აღარ იქნება. ერთი წლის შემდეგ, ეს პირი ისევ დადგება სავალდებულოდ გასაწვევთა სიაში. ანუ, ერთი წლის შემდეგ, აღარ იქნება შერჩევით სიაში და ისევ ავტომატურად იქნება გასაწვევთა სიაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მინისტრმა თავდაცვის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ იმ ცვლილებაზეც ისაუბრა, რაც გამორიცხავს „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, თავის არიდების ძირითადი მიზეზი სასულიერო პირის სტატუსის მოპოვებაა. მისი განცხადებით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია, მაგრამ თუ მათი რელიგია და მრწამსი არ აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სამხედრო სამსახური, ისინი გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს. თავდაცვის მინისტრმა სამართლებრივ რეგულირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკრეციული პირობები არ ექნება არცერთ კონფესიას, მაგრამ დარჩება ალტერნატიული სამსახური.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური