GE

თავდაცვის სამინისტრო: სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შედის და სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ.

„თავდაცვის ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ. ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:

თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;

ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;

ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს“, –  წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 10 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

რას ამბობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე კანონპროექტში ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შეტანამდე:

„სტუდენტები, ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, შეძლებენ, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ“

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დეკემბრის ბოლოს წარადგინეს და ამ ეტაპზე მისი განხილვა კომიტეტების ფარგლებში წარიმართა. პროექტი 6 მარტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. როგორც საქართველს პარლამენტის მიერ 7 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაგეგმილია, რომ დეპუტატები თავდაცვის კოდექსის შესახებ პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და კენჭს უყრიან. კოდექსის პროექტი მთავრობის მიერაა ინიცირებული და როგორც თავად განმარტავენ, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით არის შემუშავებული.

თავდაცვის კოდექსი სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესს ეხება და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური