„სტუდენტები, ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, შეძლებენ, სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარონ“
საქართველო გადადის საერთაშორისო სტანდარტებზე და წვევამდელები საბრძოლო მომზადება-წვრთნას ნატო-ს სტანდარტით მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც თავდაცვის ახალი კოდექსზე და სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
„დღეს არის ისტორიული პერიოდი, როდესაც მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, თავდაცვის კოდექსი ინიცირებულია და უკვე პარლამენტში მიმდინარეობს განხილვები. გარდა იმისა, რომ კოდექსი ობიექტურად მოითხოვდა მუშაობას, არსებობს უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელება, რომელიც უკავშირდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. ეს გარდა ფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან იყო დაკავშირებული და ფაქტია, ეს გადაწყვეტილება აქამდე ვერ იქნა მიღებული. მივიღეთ დღეს და ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ თავდაცვის ისეთი კოდექსი, რომელიც აბსოლუტურად მორგებული იქნება თავდაცვის მიზნებზე, რომელსაც შემოაქვს სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები და ნატო-სთან თავსებადობისათვის, თავდაცვის ორგანიზებისთვის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმს ქმნის“, – განაცხადა გიორგაძემ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დეტალურად ახსნა, თუ რა შეთავაზება ექნება სახელმწიფოს ახალგაზრდებისთვის თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
„დღევანდელი 12-თვიანი ვადა, რაც დადგენილია, მცირდება. გვექნება სხვადასხვა ოფცია, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდებისთვის, მათი შეხედულებისამებრ. მაგალითად, იქნება 6-თვიანი სამსახური, რაც გულისხმობს საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას; ასევე გვექნება 8-თვიანი სამსახური, რომელიც მოიცავს როგორ დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს და ის დაკავშირებული იქნება თავდაცვის სტრუქტურაში ბაზების, საცავების და ა.შ დაცვასთან. ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს იმავე გუშაგის ფუნქცია არის შენარჩუნებული, რაც აბსოლუტური სიცრუეა. არის ასევე 11-თვიანი სამსახური, რაც გულისხმობს ახალგაზრდების უმცროს სამეთაურო პოზიციებზე – ოცმეთაურები, ათმეთაურები, სერჟანტები – მომზადებას, ვისაც სურვილი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებს, ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სავალდებულო სამსახური, რაც გულისხმობს იმას, რომ ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ, არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა, შეკრება და ოთხი წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, უკვე ჩაირიცხებიან რეზერვში“, – განაცხადა გიორგაძემ.
გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ გაწვევას ყველა სტუდენტი არ დაექვემდებარება, მათი შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოხდება და მათ შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6, 8, 11-თვიანი თუ სწავლასთან ერთად ოთხწლიანი პროგრამა.
„პროგრამა ისე არის შედგენილი, რომ ის მინიმალური, აუცილებელი, რაც არის საბაზისო ცოდნა, უნარ-ჩვევები თუ სხვა, ეს იქნება მიღწეული. ანუ, ძალიან მოქნილი არის სტუდენტებისთვისაც, თუმცა, არ ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტი დაექვემდებარება გაწვევას. ჩვენ გვაქვს მაგალითად საჭიროება ყოველ წელიწადში პირობითად 5 ან 7 ათასი ახალგაზრდა გავწვრთნათ. ამას, ბუნებრივია, სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, ოფიცრები, სერჟანტები… თუ, მაგალითად ჩვენ 7 ათასი უნდა გავატაროთ ერთი წლის განმავლობაში და გასაწვევ პირთა ოდენობა არის 6 000, მაშინ, 1000 უკცე ჩაერთვება სტუდენტთა შემადგენლობიდან.
„სტუდენტს ექნება ოთხი ოფცია. მას შეუძლია, სურვილის შემთხვევაში აიღოს აკადემიური და გაიაროს 6, 8 ან 11-თვიანი პროგრამა, ხოლო თუ მას უნდა, სწავლას შეუთავსოს, არის ოთხწლიანი ოფციაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს; ეს არის რეზერვის ოფიცრის ორწლიანი პროგრამა. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში და სწავლის ხელშეშლა არ მოხდება. ეს პროგრამაც უქმეების პერიოდზე არის აგებული. გარდა სტუდენტებისა, ამ პროგრამით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ. ეს პროგრამა ასევე საინტერესოა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უმაღლესი დამთავრებული აქვს, მაგალითად, მუშაობს, და ისე, რომ სამსახურს არ მოწყდეს, შეუძლია, შეუთავსოს. ვალდებულების მოხდა ამ ფორმითაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგაძემ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსმენილ იქნა ძალიან ბევრი საჭიროება და სხვადასხვა პროგრამა თუ ოფცია ანალიზის შედეგად შედგა.
„მაგალითად, თუ პირი კარგი პროგრამისტია ან IT სპეციალისტი, მას სპეციალისტის რეზერვში შეუძლია სამსახური. წელიწადში 45-დღიანი შეკრება ხდება და მათ ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
დაგეგმილია, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE