თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რიცხვი შემცირდა, ბათუმში – გაიზარდა
საქართველოში არსებულ ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა შემცირებულია. კლება ფიქსირდება დედაქალაქში, თუმცა გარკვეულ რეგიონებში არის მატების ტენდენციაც. აღნიშნულ ინფორმაციას შეიცავს საქსტატის დოკუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტების მიხედვით, საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შესახებ მონაცემებს ასახავს.
საქსტატის ინფორმაციით, 2018-2019 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 1574 სკოლამდელი დაწესებულება ფიქსირდება, სადაც 13 338 აღმზრდელ -პედაგოგი, აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწეა დასაქმებული. აღსაზრდელთა რაოდენობა კი 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის იყო 162 879. ეს რიცხვი 1031-ით მცირდება მომდევნო 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში და 161 848-ს შეადგენს. აღსანიშნავია ის, რომ ამ პერიოდისთვის ბავშვების რიცხვის კლების პარალელურად, ბაგა-ბაღების რიცხვი 34 ერთეულითაა გაზრდილი.
რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, დედაქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩივის, რომ ბავშვის საჯარო ბაღში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს და თვეების მანძილზე ლოდინი უხდება. სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ თბილისში სახელმწიფო ბაგა-ბაღების შენობების რაოდენობა იმატებს, აღსაზრდელთა რიცხვი კი მცირდება.
2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში თბილისში სულ იყო 171 ბაგა-ბაღი, სადაც ჩაირიცხა 61 500 მოზარდი. 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში კი – დედაქალაქში უკვე არის 180 საჯარო საბავშო ბაღი და იქ ირიცხება 60 847 აღსაზრდელი, რაც წინა წელთან შედარებით 653-ით ნაკლებია.
აღსაზრდელთა ოდენობა შემცირებულია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისშიც, ქალაქში საანგარიშო პერიდოში ბაგა-ბაღების რიცხვი არ შეცვლილა და 37-ს შეადგენს, რაც შეეხება აღსაზრდელებს 2017-18 წწ იყო – 9960 და 2018-19 წწ კი – 9647. რაოდენობა შემცირებულია 313-ით.
აღსაზრდელების რაოდენობის მხრივ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ქალაქ ბათუმში, სადაც 2017-18 წწ სულ 33 სახელმწიფო ბაღი იყო და ირიცხებოდა 7825 აღსაზრდელი, 2018-19 წწ კი ბაღებში უკვე ფიქსირდება 8070 აღსაზრდელი, მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით 245-ითაა გაზრდილი.
აღსაზრდელების რიცხვი გაზრდილია გორის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში. თელავი სულ 31 ბაღი, 2017-18 წწ- 2985 აღსაზრდელი, 2018-19წწ – 3178. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სულ 62 ბაღი, 2017-18 წწ- 3875 აღსაზრდელი, 2018-19წწ – 4025. გორის მუნიციპალიტეტი სულ 56 ბაღი, 2017-18 წწ – 5632 აღსაზრდელი, 2018-19წწ – 5871.
რაც შეეხება ქალაქ რუსთავს, სადაც თბილისის მსგავსად ასევე ფიქსირდებოდა ბაგა-ბაღებში ბავშვების მიყვანის პრობლემა, სულ 21 სახელმწიფო სკოლამდელი დაწესებულება ფიქსირდება, სადაც 2017-18 წწ, ირიცხებოდა 6260 ბავშვი, 2018-19 წწ კი -6241 მოზარდი.
კლების ტენდენციაა ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სულ ფიქსირდება 25 საბავშვო ბაღი, 2017-18 წწ დასაწყისში ირიცხებოდა – 2078 აღსაზრდელი, 2018-19წწ დასაწყისში -2024 ბავშვი.
საქსტატის მონაცემები ასახავს 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით სასწავლო წლების დასაწყისში არსებულ ციფრებს და აღრიცხულია მხოლოდ საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE