თსუ-ის დიპლომი 800 დოლარად – ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, თბლისში მოქმედ ერთ-ერთ ტურისტულ ოფისში ყალბი დიპლომების და სხვადასხვა დოკუმენტების დასამზადებელი მოწყობილობები ამოიღეს და სავარაუდო დამნაშავეებიც დააკავეს. ისინი ყალბ დოკუმენტებს 800 დოლარად ყიდდნენ.
საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი გააყალბეს ეჭვმიტანილებმა, თუმცა მათ მიერვე გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომია.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, რომლებსაც თბილისში ტურისტული ოფისი ჰქონდათ, დაინტერესებული პირებისთვის ამზადებდნენ და ასაღებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტს.
„ბრალდებულებმა, მათ მიერ დამზადებული, ყალბი საბანკო ამონაწერი, სახელფასო ცნობა, დიპლომი, დაბადებისა და ქორწინების მოწმობები, 800 აშშ დოლარად გაასაღეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 100 – ზე მეტი ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საბანკო, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე, ნოტარიუსების ბეჭდები და შტამპები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE