ვინ არის განათლების ახალი მინისტრი – მიხეილ ჩხენკელის ბიოგრაფია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მინისტრთა კაბინეტში გატარებულ ცვლილებებსა და სამინისტროების შემცირების შესახებ ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გახლდათ. მისი ბიოგრაფიული მონაცემები კი ასეთია:
მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, ამერიკაში გამოცემული წიგნების რეცენზენტი და სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის უნივერსიტეტებში მოღვაწეობისას მიხეილ ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორთა სენატის წევრი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, Cengage Learning-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი.
მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების და ამერიკის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები ამერიკის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორებთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებში და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. მიხეილ ჩხენკელი არის ამერიკის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.
მიხეილ ჩხენკელმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლა.
„ჩემი მთავარი გამოწვევა განათლების ხარისხზე ზრუნვა იქნება“ – განათლების ახალი მინისტრი
განათლების ახალი მინისტრი – ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო გაგრძელდება
ჯეჯელავა დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას – გიორგი კვირიკაშვილი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება