ვინ ისარგებლებს უპირატესობით თბილისის ბაგა-ბაღებში ჩარიცხვის დროს
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა ბენეფიციართა ჩამონათვალი, რომლებიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში უპირატესი რეგისტრაციის წესით ისარგებლებენ. აქამდე არსებულ ჩამონათვალს მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები და გარკვეული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები დაემატა.
„ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ სკოლამდელი აღზრდა-განათლების იმ მოქალაქეთა ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომობა, რომლებსაც სხვაგვარად გაუჭირდებოდათ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვანი სერვისის მიღება. წესის მიღებისთანავე რეგისტრაციის პირველი ეტაპი გავხსენით ისეთი კატეგორიის ბენეფიციარებისათვის, როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა დედმამიშვილები. 2019 წელს დავამატეთ კიდევ ერთი კატეგორია – მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. ახალი ცვლილებით ამ ჩამონათვალს ვამატებთ მრავალშვილიან ოჯახებს და გვაქვს ასევე პატივი განსაზღვრული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის გავხადოთ საჯარო ბაგა-ბაღების სერვისი უფრო ხელმისაწვდომი“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2015 წლის დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2020 წლიდან რეგისტრაციის უპირატესი წესით ისარგებლებენ:
საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; აგრეთვე, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში (რეგისტრაციის პერიოდში) მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მშობლის შვილები.
თბილისის საჯარო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2020 წლის 12 ივნისს დაიწყება.
თ.ვ.
- 5 და 6 ოქტომბერს „თბილისობა 2024“ ჩატარდება – გასართობი პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის by ინფოLIFE
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 005-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის II კვარტალში by ინფოLIFE
- თუ სწავლის დაწყების პირველ დღეს შვილების ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებას აპირებთ – რჩევები უსაფრთხოებისთვის by ინფოLIFE