„ისტორია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში“ – მკვლევარი გამოწვევებზე საუბრობს
ისტორიკოსი, მასწავლებელი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მკვლევარი, ქეთევან სიხარულიძე ამბობს, რომ ისტორია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ ისტორიის სწავლება კონტექსტის გარეშე არ არის შედეგის მომტანი. შესაბამისად თვლის, რომ საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცალკეულ საგნებად გაყოფა ნეგატიური ფაქტია.
აღნიშნულ თემაზე მკვლევარმა ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფიქსირებული პოზიციის კონტექსტში, რომელმაც თქვა:
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა“.
დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი შეცვლიან 2004 წელს დამტკიცებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ახალი დოკუმენტის „ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა“ და დამტკიცება განათლების მინისტრმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში დააანონსა. ჯერ მხოლოდ პროექტი აქვთ, რომელსაც გიორგი ამილახვარი ასე განმარტავს:
გიორგი ამილახვარი: „ამ პროექტში აქცენტი გაკეთებულია ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე გლობალურ სამყაროში, რაც გულისხმობს ეროვნული ღირებულებების პრიორიტიზირებას მოსწავლეებში, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდასა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თაობების ჩამოყალიბებას. ამასთან, ჩვენ გვსურს, რომ ყველა ეთნოსმა – საქართველოში, შეინარჩუნოს თავისი ავთენტურობა, ერთის მხრივ ჩვენ არ გვინდა მათ თავიანთი კუთვნილება დავუკარგოთ, მეორეს მხრივ კი გვინდა ქართულ იდენტობასთანაც ჰქონდეთ კავშირი“.
ქეთევან სიხარულიძე კი კონკრეტული მაგალითებით ხსნის, თუ რა იწვევს მოსწავლეში ფსევდოპატრიოტიზმის გაჩენას, რა შეცდომებია დაშვებული ამ თვალსაზრისით სკოლებში ისტორიის სწავლების მაგალითზე, როგორი უნდა იყოს სწორად შედგენილი, საერთო კონტექსტის მქონე, საბჭოური იდეოლოგიისგან დაცლილი ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას განუვითარებს და როგორია ამ მხრივ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება.
„როდესაც ვიკვლევდით პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, რომ გვეპოვა მაგალითები და არ მოგვიწევდა ველოსიპედის თავიდან გამოგონება. პირველი, რაც ლატვიელებმა გააკეთეს იყო ის, რომ ისტორიის სახელმძღვანელოების წერა თავიდან დაიწყეს. მაგრამ მათ მხოლოდ სახელმძღვანელოები კი არ დაუწერიათ თავიდან, არამედ გადაამზადეს მასწავლებლებიც და მთელი რიგი პროცესები ჩატარდა ამის სასარგებლოდ“, – ამბობს მკვლევარი.
საქართველოს მაგალითი კი გვაჩვენებს, რომ სახელმძღვანელოები რამდენიმე კვირაში ან თვეში იწერება, თუმცა მკვლევარის თქმით, ეს არა ავტორის პასუხისმგებლობა, არამედ ჩვენი განათლების სამინისტროს დაკვეთა და დამკვიდრებული პრაქტიკაა:
„საქართველოში არის ისეთი სახელმძღვანელოები, სადაც ავტორები არიან ახალგაზრდები (განსაკუთრებით ბოლო წლებში გამოვლინდა ასეთი ტენდენცია) და აქ, ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა არ არის ავტორში, არამედ არის დაკვეთა, რომელიც მოდის განათლების სამინისტროდან თუნდაც დროსთან დაკავშირებით, რომ სამ თვეში უნდა დაიწეროს სახელმძღვანელო. ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ ავტორის პასუხისმგებლობას და არც არის. მეორე [პრობლემაა] სტანდარტი, რომელიც მტკიცდება განათლების მინისტრისგან, თუ რაზე უნდა დაიწეროს სახელმძღვანელო და თუნდაც ის ფაქტი, როდესაც ისტორიის ორ ნაწილად გაყოფა მოხდა – საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, ესეც განათლების სამინისტროს დაკვეთა იყო“.
საქართველოს ისტორიის სწავლება მსოფლიო ისტორიის კონტექსტის გარეშე
ქეთევან სიხარულიძე ხსნის, რომ როდესაც კონტექსტის გარეშე ისტორიის სწავლებაზე გვაქვს საუბარი, მთავარი პრობლემა, რაც ამ დროს მოსწავლეებში წამოიჭრება, ეს არის მათი დაკარგვა დროსა და სივრცეში, „ისტორია კი არაფერია დროსა და სივრცის აღქმის გარეშე“.
„პირადად მეც მქონია ასეთი გამოცდილება, როდესაც ვსწავლობდი. მაგალითად, [არის გადმოცემული ამგვარად] „მურვან-ყრუ მოდის იმიტომ, რომ ააოხროს საქართველო“. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვებრძვის, მარტო ჩვენ ვართ და ჩვენს დასაპყრობად მოდიან. და რა არის ამ კონკრეტული ლაშქრობის თუნდაც მიზანი, საერთო კონტექსტის გააზრება?… სწორედ ეს განაპირობებს შემდეგ ფსევდო პატრიოტობას, ეფემერული წარსულის შექმნას…“
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქეთევან სიხარულიძემ სერიოზულ პრობლემად დაასახელა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორიაში გამოტანილ საკითხებსა და ცვლილებებს უკავშირდება:
„ერთიანი ეროვნული გამოცდების კუთხითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა დღეის მონაცემებით და ეს, ფაქტობრივად უკან გადადგმული ნაბიჯია. აბიტურიენტების დაბრუნება ხდება ფაქტოლოგიურ ცოდნაზე. ამოიღეს დავალებები, რომელიც აბიტურიენტისგან მოითხოვდა მსჯელობას, ანალიზის უნარს და უფრო მეტი რამ მოეთხოვება ფაქტოლოგიური კუთხით, რაც სერიოზული პრობლემაა“.
რა იქნებოდა სწორი მიდგომა
ქეთევან სიხარულიძე განმარტავს, რომ თუ ჩვენ გვინდა, გავზარდოთ მოქალაქე, რომელსაც კრიტიკული აზროვნების უნარი ექნება, აქაც მნიშვნელოვანია ისტორიისა და ისტორიის სახელმძღვანელოების როლი:
„ისტორიის სახელმძღვანელოში არ უნდა იყოს მოცემული და დაფიქსირებული კონკრეტული პოზიციები. პირველ რიგში, არ უნდა იყოს საბჭოთა ნარატივი, რაც არაერთგზის შეგვხვდა კვლევებისას, განსაკუთრებით 2010 და 2012 წელს გამოცემულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში, სადაც საუბარი იყო მაგალითად, რომ „მთავრობა გაიქცა“, „მხოლოდ იუნკერები იცავდნენ თბილისს“ და მსგავსი აბსურდული მითები“.
მკვლევარი ამბობს, რომ როდესაც მოსწავლეს უსვამ კითხვას, ის გააზრებულად და რაციონალურად გპასუხობს, რომ ის იუნკერები ვერ გაუწევდნენ ლოგიკურად წინააღმდეგობას და ამას არ სჭირდება სიღრმეებში ჩასვლა:
„მაქსიმალურად უნდა იყოს წარმოდგენილი (და არის კიდეც ასეთი სახელმძღვანელოები) ზეპირი ისტორიები, ილუსტრაციები, რუკები და არ უნდა იყოს დაფიქსირებული, არ შეიძლება ისტორიის სახელმძღვანელოებში გვყავდეს გმირები ან ანტიგმირები. მოსწავლეს უნდა მივაწოდოთ მშრალი ფაქტოლოგია, წყაროები და მან უნდა შეძლოს, რომ ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი“.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ისტორიკოსის აზრით, აუცილებელი საჭიროებაა, ისტორიის ნაწილში სამოქალაქო განათლების ინტეგრირებაც. აი რატომ:
„ევროპული ქვეყნების გამოცდილების კვლევამ გვაჩვენა, რომ იქ საერთოდ ერთად არის შეთავაზებული საგანი საზოგადოებრივი მეცნიერებები და თუ ეს ვერ მოხერხდება ჩვენთან, მინიმუმ პროგრამული თანხვედრა მაინც უნდა მოხდეს. მაგალითად, მეცხრე კლასში ასეა, რომ როდესაც ისტორიაში უახლეს და ახალ ისტორიას სწავლობენ, მაშინ ეცნობიან პოლიტიკურ იდეოლოგიას სამოქალაქო განათლებაშიც. ეს თანხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქეთევან სიხარულიძემ 19 დეკემბერს, „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ:
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება