GE

„სრული ქაოსია“ – რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ზოგადი განათლების ახალ ეროვნულ მიზნებში მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ვწერთ

ფსიქოლოგისა და პროფესორის, ზურა მხეიძის პოზიციით, აღსაზრდელსა თუ მოსწავლეში ეროვნულობისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას სწორი ორიენტირი სჭირდება. იმის გააზრება, თუ საით მივდივართ. დღეს კი, მისი აზრით, ამ მხრივ სრული ქაოსია და “ამის გამკეთებელი არავინ არის”.

აღნიშნულ თემაზე მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი, სამუშაო ვერსიის მონახაზი წარმოადგინეს, რომელსაც სამომავლოდ განახლებული განათლების ეროვნული მიზნები უნდა დაეფუძნოს.

სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა, რომ განახლებული ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში შემდეგი მიმართულებები იქნება გამოკვეთილი: ზოგადსაკაცობრიო კულტურის მემკვიდრის აღზრდა, საქართველოს პატრიოტის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრის აღზრდა, თავისუფალი პიროვნებისა და სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა, ეკოლოგიური ცნობიერების მქონე პიროვნების აღზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების გამომყენებელი ადამიანის აღზრდა, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღები პიროვნების აღზრდა, პროგრესულ სიახლეთა მიმღები, შემოქმედი ადამიანის აღზრდა, საკუთარ შესაძლებლობათა და ინტერესთა მუდმივი განვითარების კულტურის ჩამოყალიბება, ინდივიდებთან თუ სოციალურ ჯგუფებთან კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება-განვითარება და ანალიტიკური, კრეატიული, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და ღირებულებების განვითარება.

ზურა მხეიძემ კი აღნიშნა, რომ ადამიანში ღირებულებების ფორმირება ხუთი სხვადასხვა წყაროდან ხდება და ეს არის სოციალიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. როდესაც გარეგნული ღირებულებების გაშინაგანება ხდება და უკვე შემდეგ, ეს ღირებულებები ადამიანის ქცევისა და მისწრაფებების განმსაზღვრელია.

“ამის გენერატორი, ანუ ვინც აფორმირებს ღირებულებებს მთელ მსოფლიოში ასეა და შემდეგშია: ერთი არის კულტურა (ტრადიციები და ეროვნულობა), მეორე რელიგია, მესამე გარემო, მეოთხე ეს არის სასწავლებელი, სადაც ეს ადამიანი იზრდება, მეხუთე ეს არის ოჯახი. აქედან ხდება ღირებულებების აღება, რომელიც განსაზღვრავს რანაირი ადამიანი იზრდება მერე. ამასთან, აქ ბევრჯერ ითქვა ეროვნული და ეროვნულობა. ეროვნულობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნიშანი კი არის ენა, ქართული ენა და თუ გადახედავთ რა დღეშია ქართული, გინდ სასწავლებელში (სკოლა) და გინდ უმაღლეს სასწავლებელში, ნახავთ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება აბსოლუტურად უდიერია, რაც აჩვენებს არასაჭიროებას, მეორადობას ამ ეროვნული ნიშნის.

“და მეორე არ არის სახელმძღვანელოები. მაგალითად, უნივერსიტეტზე თუ ვისაუბრებ, ერთმა სტუდენტმა მკითხა: მაქვს თუ არა მე კონსტიტუციური უფლება, ქართულ ენაზე მივიღო სრული განათლება?! იმიტომ, რომ ლიტერატურა არ არის, არ ითარგმნება. ამიტომ, ეს დამოკიდებულება ქმნის გარკვეულ სტერეოტიპს. თან, არსად არის გენერატორი, რომელიც ამ ღირებულებებზე [წაიყვანს], სრული ქაოსია. ამის გამკეთებელი არავინ არის და ძალიან კარგია, თუ ღირებულებების გენერაციას თავის თავზე სასწავლებელი აიღებს, მაგრამ იქაც უნდა განისაზღვროს, როგორ ადამიანს ვზრდით და საითკენ უნდა წავიდეს”, – თქვა სპეციალისტმა.

სკოლის კონტექსტში ფსიქოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვებს ქცევითი მოდელების აღება ახასიათებთ, არა შემეცნებითი საუბრები და მან თავად უნდა დაინახოს. მან მასწავლებლის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ არ უნახავს პირველკლასელი, რომელსაც პირველი კონტაქტი აქვს მასწავლებელთან და მასწავლებლობაზე ოცნებობს, რადგან ვერ ხედავს პატივისცემის მოდელს.

“ეს მიუთითებს, რა მდგომარეობაშია ასე ვთქვათ სასკოლო სისტემა. მასწავლებლის პრესტიჟი და სტატუსი უნდა იყოს უფრო პატივსაცემი, ვიდრე ახლა არის და ეს ქცევაში უნდა გამოიხატებოდეს და არა [გადაცემებში] შეკრებებში. ძალიან ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი, რომ დაჯდე იმ ღირებულებებზე. ასე, უბრალოდ, რომ გაიზარდე კარგი, ეგრე არ გამოვა. დღეს ღირებულებების წამოღებისთვის ორიენტირები არ არის, არ ვიცით საითკენ მივდივარ”, – აღნიშნა ზურა მხეიძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პროფესორი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებთან მიმართებით გამოეხმაურა მოსწავლეებში პატრიოტიზმის მიზნის მიღწევას შეეხება.

ზურა მხეიძის აზრით, პატრიოტიზმი ერთგვარი პროპაგანდით -მიწოდების მეთოდით უნდა მიიღწეოდეს, რაც არ გაგვაჩნია და ამ კუთხითაც საზოგადოებაში ერთი აზრი არ არსებობს:

“თქვენ შემოიტანეთ პატრიოტიზმი. პატრიოტიზმზე რომ ვლაპარაკობთ, ის მიიღწევა მიწოდების მეთოდით. პატრიოტიზმი თუ არ არის დაგეგმილი როგორ კეთდება ეს, სხვანაირად ასე, რომ დაიბადა პატრიოტად – ეგრე არ ხდება. ადამიანი საზოგადოებაში ხდება ადამიანი. რომ იბადება ჯერ საზოგადოებრივ ნორმებს ერთი აზრი და მერე ყალიბდება ადამიანად, მერე ღირებულებითი სისტემა უყალიბდება და ის განაპირობებს ეთიკასაც, მორალურობასაც, პატრიოტიზმსაც და ყველაფერს. ჩვენთან კი, მე როგორც ვატყობ ქაოსია, ვინ საითკენ რას თვლის ღირებულად… ნაწილი ასე ფიქრობს, ნაწილი სხვანაირად ფიქრობს”, – დასძინა პროფესორმა და ფსიქოლოგმა გადაცემაში საუბრისას.

ასევე იხილეთ:

„გამოსავალი ერთობლივი მუშაობაა“ – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოსწავლის ჯანმრთელობაზე სკოლაში არსებულ დარღვეულ სანიტარულ პირობებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური