GE

რას უნდა ემსახურებოდეს გაკვეთილები და როგორ მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეს საგნის ღირებულება აჩვენოს – ლევან გიგინეიშვილის მოსაზრება

ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლევან გიგინეიშვილი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი თვითონ იყოს დაინტერესებული თავისი საგნით და ეს ინტერესი მოსწავლეებსაც გადასცეს. ამისთვის კი, გიგინეიშვილი თვლის, რომ მეცნიერული კვლევა, საგნის კვლევაში პედაგოგის ჩართულობა არსებითია.

პროფესორს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მასწავლებელს თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს, თავისი განსაკუთრებული მუხტი საგანთან დაკავშირებით, რომელსაც ის ასწავლის. ჰქონდეს იმისთვის, რომ აჩვენოს საგნის სილამაზე- მათემატიკა იქნება ეს, თუ ქართული: “რაღაც დამაინტრიგებელი რომ იყოს მოსწავლისთვის, მათემატიკის მასწავლებელთან და ამ საგანთან ურთიერთობა. მართლა მედიატორი რომ იყოს პედაგოგი დიდ და საინტერესო სივრცესთან, ამის კვლევაა საჭირო და მეცნიერების ნაწილი [წარმატებულად სწავლებისთვის].

ამ მოსაზრებით ლევან გიგინეიშვილი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, კერძოდ კი იმ ნაწილს, სადაც ნათქვამია, რომ ახალი ეროვნული მიზნებით, მოხდება “ზოგადსაკაცობრიო კულტურის მემკვიდრის აღზრდა, საქართველოს პატრიოტის, საქართველოს ისტორიისა და ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრის აღზრდა, თავისუფალი პიროვნებისა და სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე კანონმორჩილი მოქალაქის აღზრდა…”

ლევან გიგინეიშვილის თქმით, პატრიოტიზმის სწავლება მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებით არ ხდება, ვერც მოხდება და მოსწავლეს ეროვნული და პატრიოტული განცდები სწორედ საგანმა, საგნის მასწავლებელმა უნდა გაუღვივოს. აი, როგორ:

“პატრიოტიზმს ვერ ასწავლი. ასე, რომ პატრიოტიზმის გაკვეთილი ჩავატაროთ და ვინც პატრიოტიზმის გაკვეთილზე ხუთოსანი იქნება თუ “A”-ს მიიღებს, ის პატრიოტი იქნება – ასეთი რაღაც არ არის. პატრიოტიზმის სწავლა… ეს შეუცნობელია, როგორ სწავლობ პატრიოტიზმს. მაგალითად, სტოიციზმის იდეებია, სტოიკური და დავუშვათ, რომ აჩვენო მოსწავლეს შოთა რუსთაველს როგორ აქვს ეს გამოყვანილი თავისი პოემის კონკრეტულ ნაწილში… აჩვენო როგორ არის ასახული, როგორ ციტირებს და როგორ ოსტატურად აქსოვს ამას პოემის მსვლელობაში. აი, ასეთი რაღაცებით ხედავ, რომ შენს, ქართულ ლიტერატურაში არის რაღაც ზოგადკაცობრიული ასახული ძალიან ჰარმონიულად და არ ხარ ჩაკეტილი კულტურა, ხარ ურთიერთობაში და დიალოგში სხვებთან, მაგრამ შენი საკუთარიც გაქვს, შენი ხმაც ჩამოიყალიბე. პროცესი ძალიან რთულია.

“პატრიოტიზმის ჩამოყალიბება, ალბათ, ჰუმანიტარული საგნების პრეროგატივაა, იქ სწავლობ დილემების გადაწყვეტას. ლიტერატურულ ტექსტებში რაც ხდება, გმირები როგორ იქცევიან და ალბათ, ეს ქმნის ასე ვთქვათ სწორ ვირუსებს გონებაში, თუ ანტივირუსებს, დამოკიდებულებებს, რომ მერე, ცხოვრებაში, [მოსწავლეს, აღზრდილს] მსგავსი შეექმნება, გაიხსენებს იმ პერსონაჟს თუ გმირს, რაზეც ასე მხურვალედ დისკუსირებდა კლასში და ასეთი რაღაცებით… მით უმეტეს შენს ეროვნულ ლიტერატურაში თუ არის ასახული, ალბათ დამატებითი სტიმულის მომცემია. ცალკე პატრიოტიზმს ასე ვერ ისწავლი, ისწავლი აი, ასეთი დამოკიდებულებით, კარგი მასწავლებელი, თავის საგანში შეყვარებული, განახებს ამ საგნის ღირებულებას, ინტრიგას და რაღაცნაირად დაგმუხტავს მოსწავლეს”.

ლევან გიგინეიშვილის განცხადებით, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნად დასახელებული სხვა საკითხი – კრიტიკული აზროვნების სწავლება ან ფრაზა ზოგადკაცობრიულიც, არანაკლებ რთული თემაა, რადგან დროსთან ერთად, მისი გაგება განსხვავებულია და ის, რასაც “ზოგადკაცობრიული” ილია ჭავჭავაძის დროს მოიაზრებდა, დღეს სხვაგვარად გვესმის და სხვა რაღაც არის:

“შეიძლება, შენს ეროვნულ ტრადიციებში, რაც ზოგადკაცობრიულთან წილნაყარი გეგონა, ეს ახალი ზოგადკაცობრიული ისე ჰარმონიულად აღარ ჯდებოდეს, სხვანაირი მიდგომები იყოს, სხვა დამოკიდებულება, მაგალითად ჭეშმარიტებასთან. უფრო მეტი აქცენტი იყოს გადატანილი იმ დროს თავისუფალ თვითგამოხატვასთან და ამ თვითგამოხატვის დაცვასთან დავუშვათ, ლიბერალურ დემოკრატიაში. თვითონ ის, რომ ეს თავისუფალი თვითგამოხატვა უნდა ემსახურებოდეს ჭეშმარიტებას და თუნდაც კრიტიკული აზროვნება, არ უნდა იყოს თავისთავადი, თვითკმარი…”

ფილოლოგის აზრით, კრიტიკული აზროვნება მარტო თავისუფალი აზროვნების გამოხატვის უნარ-ჩვევა არ არის და გაკვეთილებიც ჭეშმარიტების ძიებას, მის მიგნებას უნდა ეთმობოდეს.

“კრიტიკული აზროვნება არის გზა ჭეშმარიტებისკენ და ასეც უნდა იყოს. არის გამოთქმა – “არასწორი აზროვნება არ არსებობს”, როგორ არ არსებობს, არასწორების მეტი რა არსებობს?! ამიტომ, შენ რომ გაქვს პლურალიზმი გაკვეთილზე (მათემატიკაში პრობლემა არ არის, იქ სწორი პასუხია) მაგალითად, ისტორიაში ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციისას, ან ლიტერატურული ტექსტის ინტერპრეტაციისას… რა თქმა უნდა, არსებობს არასწორი აზრი,  არსებობს უფრო ზუსტი, უფრო ღრმა აზრი, ტექსტის უფრო სწორი ანალიზი არსებობს და აი, ესეც არის სასწავლი, რომ კრიტიკული აზროვნება მარტო თავისუფალი აზროვნების გამოხატვის უნარ-ჩვევა არაა, ეს არ არის საკმარისი – ეს უნდა ემსახურებოდეს ჭეშმარიტების დადგენას, რაღაცის აღმოჩენას და ეს უფრო გემრიელია. აღმოჩენა ნიშნავს იმის მიგნებას, რაც ნამდვილი იყო. მივაგენი და გამახარა ამან. ვფიქრობ, ამას უნდა ემსახურებოდეს გაკვეთილები, ამ “დაძაბულობაში” უნდა იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე” საუბრისას.

ასევე იხილეთ:

„სად უნდა გაიზარდოს მასწავლებელი? მეცნიერება ფაქტობრივად გავანადგურეთ“ – კოტე ჯანდიერის მოსაზრება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური