GE
9 მარტი, 2023 13:40

5 შეცდომა, რომელსაც მამები საქართველოში შვილის აღზრდის დროს უშვებენ – ფსიქოლოგის მიმართვა მამებს

როდესაც კაცი მამა ხდება, მისი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. მრავალ სიკეთესთან ერთად, საზრუნავიც იმატებს და პასუხისმგებლობებიც. ისევე, როგორც დედების შემთხვევაში, მშობლობა მამებისთვისაც არცთუ ისე მარტივ „პროფესიად“ იქცევა ხოლმე.

ტრადიციულ საზოგადოებაში აღზრდილ ქართველ მამებს საფიქრალი ნამდვილად ბევრი აქვთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახის რჩენა-გაძღოლის პასუხისმგებლობას თავად იღებენ და პარალელურად, აქტიურად არიან ჩართულნი შვილისა თუ შვილების აღზრდა-განათლების საკითხებშიც.

როგორც წესი, ქართველ მამებს განსაკუთრებული ამბიცია აქვთ „სანიმუშო“ შვილის აღზრდის. ამ იდეით შეპყრობილებს ხშირად ავიწყდებათ, რომ არც თავად არიან სრულყოფილნი. მათი ქმედებები გარედან არცთუ ისე ჰუმანურად გამოიყურება და საბოლოოდ, შვილებიც უკმაყოფილონი რჩებიან. ხშირ შემთხვევაში, მამები ამ უკმაყოფილებას შვილის უმადურობით ხსნიან და იშვიათად სვამენ კითხვას: „რამე ხომ არ შემეშალა?!“, „იქნებ სწორად არ ვფიქრობდი?!“…

EDU.ARIS.GE მშობლების დახმარებისა და ინფორმირების მიზნით ფსიქოლოგს, ვახო გახოკიძეს ესაუბრა, რომელიც იმ ტრადიციული თუ თანამედროვე აღზრდის პრაქტიკის შესახებ მოგიყვებათ, რომლებსაც ქართველი მამები აქტიურად იყენებენ, და მათ საჭირო რეკომენდაციებსაც მისცემს. ჩვენი რესპონდენტი გეტყვით, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, თუ გსურთ, წარმატებული შვილი ისე აღზარდოთ, მათი ნდობა და პატივისცემა მოიპოვოთ და არა პირიქით.

– ვახო, პირველ რიგში, გკითხავთ, აღზრდის რომელ მეთოდებს იყენებენ საქართველოში მშობლები ყველაზე ხშირად?

– ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე ხშირად გვხვდება ე.წ ტრადიციული მეთოდები, ისეთი მეთოდები, რომლებიც დაკავშირებულია აკრძალვებთან, თუმცა რასაკვირველია, ვხვდებით მშობელთა შედარებით სწორად ინფორმირებულ კატეგორიასაც, რომლებიც იგივე მეთოდებს არ იყენებენ შვილთან ურთიერთობის დროს. გეტყვით, რომ პირდაპირი მითითება შვილისთვის იმისა, თუ როგორი “უნდა” იყოს, მის უნიკალურობას და თვითრწმენას აზიანებს და კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ხელს უშლის ჯანსაღ ფსიქო-სოციალურ განვითარებას, შედეგით კი, საბოლოოდ, ვერც მშობელი რჩება კმაყოფილი.

– უთხარით ჩვენს მკითხველს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან თანამედროვე და ტრადიციული აღზრდა?

– ტრადიციულ აღზრდაში ძალიან ბევრი წარმოდგენაა, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ბავშვი საკუთარი თავისთვისაც და მშობლისთვისაც.
თანამედროვე აღზრდა გულისხმობს მათთან ბევრ საუბარს, მათი ბუნების გაგებას, მათი უნიკალურობის შესწავლას და მათთვის მეტი თავისუფლების მიცემას. მშობელმა კი არა, თვითონ ბავშვმა უნდა განსაზღვროს, თუ რა სურს მას. მშობელი ამაში უნდა დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ აუცილებელიცაა დამოუკიდებელ და ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბებისთვის.

– როგორ ფიქრობთ, რით აიხსნება მამის ამბიცია აღზარდოს „სანიმუშო“ შვილი?

– ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ „სანიმუშო“ შვილის აღზრდა გვინდა და არა ბედნიერის, დამოუკიდებლის. ეს ასეა, რადგან, თუ ადამიანისთვის ბედნიერება გინდა, მას თავისუფლება უნდა მისცე. თავისუფლება კი მრავალ საფრთხესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, თავისი ბუნებიდან გამომდინარე. სწორედ აქ ვუშვებთ ფუნდამენტურ შეცდომას და ჩვენი შიშების, კომპლექსების და, აქედან გამომდინარე, წარმოდგენების გამო ვირჩევთ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ჩვენი სტანდარტებისთვისაა მისაღები და არა ბედნიერებისთვის. მაგრამ, აქვე მინდა მშობლების დასაცავად ისიც ვთქვა, რომ ყველა ცდილობს, შვილისთვის ის გააკეთოს, რაც მას საუკეთესოდ მიაჩნია. ამის გაგება დაეხმარება შვილებს თავიანთი მშობლების მიღებასა და მათ გაგებაში.

-მოგვიყევით იმ შეცდომების შესახებ, რომელსაც საქართველოში მშობლები შვილის აღზრდის დროს უშვებენ?

1. ცემა. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად მიმართავენ ამ მეთოდს, განსაკუთრებით ბავშვებთან, რაც ნებისმიერ სიტუაციაში ყოვლად დაუშვებელია. ის არაფრისმომტანია და, პირიქით, ძალიან დამაზიანებელი ორივეს (როგორც მშობლის, ისე ბავშვის) ფსიქიკისთვის.

2. მანიპულაცია. რაც, მაგალითად ისეთ ფრაზებში გამოიხატება, როგორიცაა: „თუ ამას არ გააკეთებ, ვერ მიიღებ“, „თუ გიყვარვარ, ასე მოიქეცი“, „ჩემი ხათრით გააკეთე“ და ა.შ. ასე შვილებს ვუბიძგებთ ისე მოიქცნენ, როგორც მათ არ სურთ, ამით ვასწავლით დათმობებზე წასვლას. ეს მომავლში გაჰყვებათ და ხშირად გააკეთებენ იმას, რაც მათ არ უნდათ, მაგრამ უნდათ სხვებს. ეს კი საზიანო იქნება მათი ფსიქიკისთვის.

3. წეს-ჩვეულებებთან არაჯანსაღი ადაპტაცია. ნებისმიერი წესი, რასაც ვეუბნებით ბავშვს, უნდა ავუხსნათ. „უმცროსია და უნდა დაუთმო“, ან „უფროსია და მორიდება გმართებს“… ეს ნამდვილად არ არის საკმარისი და ვერც იპოვით ლოგიკურ ახსნას. ამას ჯობია, ასწავლოთ ის, რომ ყველა თანაბარია. როგორც მას აქვს უფლებები, ისე სხვასაც აქვს, და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაუთმოს უმცროსს და მორიდებით ელაპარაკოს უფროსს. სწორედ ამის შემდეგ იქნება ეს მისი ბუნებრივი ქმედება და არა უბრალოდ წესის მიყოლა, რასაც, როგორც წესი, ბავშვი შინაგან კონფლიქტამდე მიჰყავს.

4. არასწორია წარმოდგენების შექმნა. მაგალითად ის, რომ ნამდვილი მანდილოსანი ასეთი უნდა იყოს, ან ნამდვილი ვაჟკაცი – ასეთი. ამით ჩვენ მათ ჩარჩოებს ვუქმნით და ვეუბნებით როგორები უნდა იყვნენ. ფაქტობრივად, არჩევანის უფლებას არ ვაძლევთ და ისინი გულის მოსაგებად ისეთები ხდებიან, როგორებიც მშობლებს გაუხარდებათ. ამიტომ გაუაზრებლად ირგებენ იმ როლს, რომელსაც მშობლები სთავაზობენ. ეს მომავალში ძალიან ცუდად აისახება მათზე იმ კუთხით, რომ ბევრ გადაწვეტილებას მიიღებენ გაუაზრებლად და წარმოდგენების გამო, და არა იმის გამო, თუ ნამდვილად რა სურთ და რა მოუტანთ ბედნიერებას და სიხარულს.

5. ბავშვი არ უნდა შევადაროთ სხვას არაფერში, სწავლა იქნება, ჭამა თუ ქცევა. ის არის უნიკალური არსება. თუ გინდათ, რომ ის მომავალში „განსხვავებული“ და „საოცარი“ ადამიანი იყოს, არ უნდა ვუთხრათ ბავშობიდანვე, რომ ისე უნდა გააკეთოს რაღაც, როგორც ამას სხვა აკეთებს. ასე მას უნიკალურობის განცდა არ ექნება. ბავშვი შეიძლება, ისე მოიქცეს, როგორც სხვა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს, რომელიც დაკოპირებული კი არ იქნება, რადგან ასე უთხრეს, არამედ – გააზრებულად მიღებული. რაც მეტია მის ცხოვრებაში ასეთი გადაწვეტილება, მით უფრო გაუადვილდება მომავალში ცხოვრება და გადაწვეტილებების მიღება.

– ვახო, როგორც შვილი და მამა, რა რჩევას მისცემდით მამებს.

– რაც შეიძლება მეტი ესაუბრეთ შვილებს, უბრალოდ იყავით მათთან, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის. რაც ყველაზე მთავარია, ასწავლეთ საკუთარი თავის უანგარო სიყვარული, უყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან, და გაუფრთხილდნენ. ეს დაეხმარება მათ, რომ ჰქონდეთ მაღალი თვითშეფასება, იყვნენ თავიანთ თავებში დარწმუნებული და დამოუკიდებლები. ნუ შიშობთ, რომ ეგოისტები გაიზრდებიან და მხოლოდ საკუთარი თავი ეყვარებათ. თუ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, ის ვერც სხვას შეიყვარებს. სხვა შემთხვევაში, ეს მხოლოდ ფორმალურ ურთიერთობად დარჩება, რაც ასე ხშირია დღესდღეობით. ასევე, უნდა დავანახოთ უანგარო სიყვარული, რომელიც არც კარგ ნიშნებზე და არც მიღწევებზე არ არის დამოკიდებული. მივცეთ მათ მეტი თავისუფლება. ისინი საკმაოდ ჭკვიანები და მგრძნობიარეები არიან. რაც უფრო მეტ ნდობას გამოვუცხადებთ, მით მეტ ნდობას მივიღებთ მათგან.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში