GE
25 სექტემბერი, 2025 17:21

როგორ გავხდეთ შვილის მესაიდუმლე – მშობლის ხედვა და ფსიქოლოგის რჩევები

„ხშირად უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, ის, თუ როგორ ვიქცეოდით, რატომ ვიქცეოდით ასე და ჩვენს შვილებსაც ბავშვურად მივუდგეთ“, „შეიძლება, მშობელმა ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ თუ ბავშვის მიზანი მისგან წასვლაა, მაინც გაიქცეს“, „ალბათ, დიდი შეცდომაა, ყოველთვის დამრიგებლური ტონით შვილებთან საუბარი“, „როდესაც მოზარდი გარბის, მშობლის მიერ კონტროლის გაძლიერება არ შველის, ან ნაკლებად ეფექტურია“ – ეს ფრაზები ეკუთვნით EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტებს – მშობელსა და სკოლის ფსიქოლოგს, რომლებსაც მარადიულ თემაზე – მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე ვესაუბრეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალისტების რჩევები, სხვადასხვა მეთოდი და ხერხი არსებობს, შეკითხვები – „როგორ გავხდე შვილის მესაიდუმლე“, „რა გზით შევინარჩუნო კონტაქტი და ვიყო დედა, რომელსაც ბავშვი ენდობა“ – აქტუალობას მაინც არ კარგავს.

მშობლისა და შვილის ურთიერთობა მუდმივად ცვალებადი პროცესია, რომლის დროსაც ბავშვი ზოგჯერ უმეგობრდება მშობელს, ზოგჯერ კი – გაურბის; თუ ერთი მხარე კონტაქტს წყვეტს, მეორე ფიქრს მის აღდგენაზე იწყებს; როდესაც მშობელი კონტროლის მექანიზმს აძლიერებს, შვილი მას ემოციურად კიდევ უფრო შორდება და ა.შ.

ასეთ დროს, მშობელთა ნაწილისთვის გამოსავალი რთულად მოსაძებნია, ნაწილი კი, ბავშვთან კომუნიკაციის სწორ დროს, ფორმას მარტივად პოულობს და პრობლემების თავიდან არიდებასაც წარმატებით ახერხებს. სწორედ ასეთ მშობლებს შორისაა ქეთი ლომიძეც, რომელიც სამი შვილის დედაა. მისი უფროსი შვილი 21 წლის არის და სტუდენტია, შუათანა და უმცროსი კი, მე-9 და მე-6 კლასების მოსწავლეები არიან. ჩვენი რესპონდენტი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, EDU.ARIS.GE-ს მკითხველს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით პრაქტიკულ ხედვას უზიარებს და ეუბნება, რომ მთავარი მოზარდის მოსმენა და კრიტიკის ნაცვლად, გაგებაა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვისთვის იყო ის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში მოუსმენს და გაუგებს. არა მარტო გააკრიტიკებს, მისცემს მითითებას, შენიშვნას, არამედ ეტყვის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მის გვერდით არის. ერთ მაგალითს გეტყვით – ჩემს უმცროსს შვილს სკოლაში რაღაც პრობლემა ჰქონდა (სკოლიდან უკვე ვიცოდი ამის შესახებ) და მასთან ტელეფონით მომიწია საუბარი. რომ დავურეკე, ვკითხე – „ახლა შეძლებ, რომ მომიყვე, თუ მერე გირჩევნია?“, მიპასუხა – „მერე“. კითხვა აღარ მქონია. ჩემი აზრით, ამით მივეცი დრო და სივრცე, რომ ამაზე საკუთარი სურვილით ესაუბრა და მე მხოლოდ მსმენელი ვყოფილიყავი. ამ ფაქტის შემდეგ მითხრა – „ვინერვიულე, რადგან არ მინდოდა სხვებთან ერთად ამის მოყოლა. გამიხარდა, რომ მითხარი – თუ გინდა, მერეო“, – გვეუბნება ქეთი ლომიძე.

მისი თქმით, ის არა მარტო მსმენელია შვილებისთვის, არამედ – საკუთარი ემოციის, ამბის პირველი გამზიარებელიც, რაც კარგი მაგალითია ბავშვებისთვის – შემდეგ თვითონაც უჩნდებათ სურვილი, გესაუბრონ, შენ კი მისი მესაიდუმლე ხდები:

„ხშირად ვცდილობ, მათ რჩევა ვკითხო. დილაობით, სამივეს ვეკითხები ხოლმე – „ეს ჩავიცვი და მიხდება? მოგწონთ?“. ამით ვეუბნები, რომ მათი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი. საღამოობით, დღის ამბებს ვუყვები. ამის შემდეგ ისინიც იხსნებიან და საუბარს იწყებენ. როცა ერთად ვართ, ვცდილობ, ტელეფონი, გაჯეტი არ გამოვიყენოთ. ამის მაგალითსაც მე თვითონ ვაძლევ – ვსაუბრობ მათთან და ტელეფონი გადადებული მაქვს. თუმცა, თუ თვითონ უჭირავთ, არ მაქვს იმპერატიული მოთხოვნა, რომ არ გამოიყენონ. ყველა პრობლემურ საკითხზე მათ ვეუბნები – „ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვით, მერე რა რომ საქართველოა?! ჯერ ერთი – მე აქ ვარ და მეორეც – შენ ინდივიდი ხარ!“

ქეთი ლომიძის თქმით, იმისთვის, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობამ რღვევა არ დაიწყოს, აუცილებელია ორმხრივი ნდობის შენარჩუნება და ბავშვების პრობლემების გათავისება.

„ზოგადად, ყველა ბავშვიც და მშობელიც ინდივიდუალურია, მაგრამ ასეთ ურთიერთობებში ყველაზე დიდ პრობლემად ნდობის დაკარგვა მიმაჩნია. ასევე, დიდი შეცდომაა, ალბათ, ყოველთვის დამრიგებლური ტონით შვილებთან საუბარი. ხშირად უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, ის, თუ როგორ ვიქცეოდით, რატომ ვიქცეოდით ასე და ჩვენს შვილებსაც ბავშვურად მივუდგეთ. მათი პრობლემები გავითავისოთ და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დროის დეფიციტი გვაქვს, მაინც გამოვნახოთ დრო მათთან კომუნიკაციისთვის. ხარისხიანი კონტაქტის შემთხვევაში, ურთიერთობისა და დროის დეფიციტი არ იგრძნობა. მე მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩემი შვილების მეგობრობა შედგა, რაც ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – გვეუბნება ქეთი ლომიძე.

მშობლებისა და შვილების წარმატებული ურთიერთობის პირველ უმთავრეს ასპექტად მოსმენას ასახელებს თბილისის 181-ე საჯარო სკოლის ფსიქოლოგი რუსიკო ლომიძე. როგორც 25-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, მშობელს ბავშვის არა პასიურად მოსმენა, არამედ მისი ემოციის გაზიარებაც უნდა შეეძლოს:

„მოდი, დავსვათ შეკითხვა – როგორ ვხდებით ნებისმიერი ადამიანის მეგობარი? პასუხი ასეთია: პირველ რიგში, აუცილებელია მოსმენა. დეილ კარნეგის აქვს შესანიშნავი წიგნი – „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები“, სადაც წერს, რომ თუ შენ სხვა ადამიანს უსმენ, მისით ინტერესდები, ის მექანიკურად შენი ხდება და ურთიერთობა ეწყობა. გარდა ამისა, არსებობს ზოგადი ფსიქოლოგიური მეთოდიც – იმისთვის, რომ კომუნიკაცია შედგეს, შენ გარეგნულადაც კი იღებ იმ ადამიანის ფორმას, ვისთანაც კომუნიკაციის დამყარებას ცდილობ.

რა ხდება, როდესაც ვსაუბრობთ მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე? თუ შენ, მშობელი, ბავშვს პატარა ასაკში ძალიან ადვილად დაუმეგობრდი, უნდა იცოდე, რომ 12 წლიდან და ზევით, მას შენთან მეგობრობა აღარ სურს. ამ დროს მისი შინაგანი მოტივაციაა, ხელიდან დაგიძვრეს, აღარ დაგიჯეროს და კონტროლის ჩარჩოები დაამსხვრიოს. ბავშვები გარდატეხის ასაკში ცდილობენ, ყველაფერი მოსინჯონ და რაც შეიძლება მეტად უცნაურები იყვნენ. ასეთ შემთხვევებში, მშობელი ხშირად ამბობს – „რაღაც ხომ დავუთმე“, „მე ხომ ძალიან მომთმენი დედა ვარ“, „ერთი რაღაც მაინც დამიჯეროს“. მსგავსი მიდგომის ნაცვლად, მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ ბავშვს ახლა ასეთი ასაკი აქვს. მან შვილს უნდა აჩვენოს, რომ უსმენს და ხვდება, რა არის მისი ემოცია და რაზე ესაუბრება“.

ფსიქოლოგის თქმით, მშობლის მიერ შვილის მოსმენასთან ერთად, საჭიროა მისი მიღება და პატივისცემა – როდესაც ბავშვი უცნაურად იქცევა, მისი ქმედებები კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ უნდა ვიფიქროთ, ასე რატომ მოიქცა.

„შვილს, მოსმენითა და მეგობრობით, საკუთარ თავზე დადებითი თვითშეფასება უნდა შევუნარჩუნოთ. თუ აგრძნობინებ, რომ შეიძლება, ვერ უგებ, მაგრამ პატივს სცემ, მაშინ კიდევ არსებობს შანსი, რომ კონტაქტი არ გაწყდეს. ზოგჯერ შეიძლება, მშობელმა ბავშვს მოუსმინოს, მაგრამ იმდენი შენიშვნა მისცეს, ისე დაუქვეითოს თვითშეფასება, რომ მოსმენის ეფექტი წყალში ჩაიყაროს. ამიტომ, მოსმენასთან ერთად, საჭიროა მიღებაც. თუ ცუდად მოქცევის დროსაც კი, მშობელი შვილს მხარს დაუჭერს, მასთან თანდათან უფრო ახლოს მივა…

მქონია ასეთი შემთხვევა – როდესაც შვილმა თმა მწვანედ შეიღება, დედამაც მწვანედ შეიღება. შვილმა ყურზე ორი ნახვრეტი გაიკეთა და დედამ ყური სამგან გაიხვრიტა. მშობლის მოტივაცია ამ დროს იყო, რომ შვილთან კონტაქტი არ დაეკარგა. მან ამ საქციელით კარგად აჩვენა, რომ სურდა, შვილის მსგავსი გამხდარიყო. რომ შევაჯამოთ, იმისთვის, რომ მშობელსა და შვილს შორის კონტაქტი შენარჩუნდეს, საჭიროა სამი კომპონენტი მოსმენა, პატივისცემა და მიღება“, – გვიხსნის რუსიკო ლომიძე.

როგორც ფსიქოლოგი გვეუბნება, მშობელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსმენის, მიღებისა და პატივისცემის მიუხედავად, „თუ შვილის მიზანი შენგან წასვლაა“, ის ამას მაინც გააკეთებს. ასეთ დროს, როგორც სპეციალისტი ამბობს, მნიშვნელოვანია, „რას წაიღებს ბავშვი ჩვენგან“ – სწორედ ამით განსაზღვრავს ის, „დაბრუნდეს თუ არა უკან“:

„ბევრი რამ დამოკიდებულია ასაკზეც და აი, რატომ: შეიძლება, მშობელმა ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ თუ შვილის მიზანი მისგან წასვლაა და მას ეს საკუთარი თავის განვითარებისთვის სჭირდება, მაინც გაიქცეს და თავისუფლება იპოვოს. ასეთ დროს, შეთავაზებული ხერხების მიუხედავად, მშობელი იმედგაცრუებული დარჩება. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაღაც ასაკიდან ბავშვის მოტივაცია მშობელთან მეგობრობა აღარ არის. რაც შეეხება მის უკან დაბრუნებას – აქ განმსაზღვრელია, რა გზას გაივლის და ჩვენ რას გავატანთ. ეს ძალიან საინტერესო მომენტია. თუ ბავშვმა იცის, რომ მშობელი სანდო ადამიანია და ყოველთვის მიიღებს, მის არაცნობიერში დევს – აი, უკან რაღაც კარგი მელოდება. თუ წაიღო უნდობლობა, ის, რომ არ უსმენენ, პატივს არ სცემენ, მაშინ უკან მოსვლის რესურსი ნაკლები რჩება“.

მისი თქმით, ბავშვთან კონტაქტის გაწყვეტის დროს, ხშირად მშობელი მასზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ცდილობს, რაც ნაკლებად ეფექტურია. გამოსავალი კი, მხოლოდ კარგად შეფუთულ ფარულ თანხლებაშია.

„ფარული თანხლება – კონტროლი ცუდი სიტყვაა – ყველაზე კარგი გამოსავალია. პრაქტიკაში მქონია ასეთი შემთხვევა: მოზარდი მშობლისგან გარბოდა, მშობელი კი, მასზე კონტროლის მექანიზმს კიდევ უფრო ამძაფრებდა, რაც არ შველის, ან ნაკლებად ეფექტურია. ეფექტურია, თუ მშობელი შემოვლით გზას მოიფიქრებს. ფარული თანხლების საკითხი და ის, რომ მშობელმა შვილი უნდა დაიცვას, დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება. თუმცა, თუ ეს გაკეთდება ფრთხილად, შეიფუთება ლამაზად და გაფორმდება მიღებით და მეგობრობით, გამოვა ის, რაც გვინდოდა, რომ გამოსულიყო“, – ამბობს ფსიქოლოგი.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, იმისთვის, რომ მშობელი შვილის მესაიდუმლე გახდეს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

„ბავშვის მესაიდუმლე მაშინ გახდები, როდესაც მანამდე კი არ გააკრიტიკე, არამედ მიიღე. როცა შენ თვითონ შენს საიდუმლოს ეტყვი და აჩვენებ, რომ ენდობი. ერთი მხრივ, უნდა უსმინო და შენი თავი არ უნდა მოახვიო, მაგრამ მეორე მხრივ, შენი საიდუმლო უნდა უთხრა. როცა მე მოგიყვები ჩემს პრობლემაზე, როგორც დედა, ეს დაპატიჟებაა იმაზე, რომ შემდეგ შენც მომიყვები. და როცა მომიყვები, მეც უნდა მივიღო ისე, როგორც შენ ყვები და გავიგო აზრი, რაც ამ საუბარში ჩადე“.

studinfo.ge (მ)