GE
24 სექტემბერი, 2025 14:02

რა უნდა ჰკითხოთ შვილს, რომ სკოლის ამბების შესახებ მოგიყვეთ – კითხვარი

ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი

მშობლებო, გინდათ შვილები აალაპარაკოთ მათი სასკოლო ცხოვრების შესახებ? – მაშ, აქციეთ ეს კითხვები ყოველდღიურ ტრადიციად, შეარჩიეთ სწორი დრო და მეგობრულად წამოიწყეთ საუბარი შვილებთან.

კითხვარი, რომელიც არ იქნება ბავშვისთვის გამაღიზიანებელი და მიახვედრებს მას, რომ მშობელს მარტო მიღებული ნიშანი ან ქცევა კი არ აინტერესებს, მის მიერ დასმულ კითხვაში: „როგორი იყო სკოლაში? ან რა მიიღე?“, არამედ მართლა დაინტერესებულია მისი ამბებით.

კითხვები თანაკლასელებთან ურთიერთობაზე:

– დღეს შენს გვერდით რომელი თანაკლასელი იჯდა? რა მოგწონს ყველაზე მეტად მასში?

– ვისთან ითამაშე შესვენებებზე?

– კლასელის რომელი ქცევა არ მოგეწონა დღეს კლასში? რამე მოიმოქმედე? რამე ხომ არ ურჩიე ან მოეხმარე, რომ ეს ქცევა გამოესწორებინა?

– დღეს რომელიმე კლასელს რამეში დაეხმარე? შენ ვინ დაგეხმარა?

– შენი კლასელებიდან ყველაზე მხიარული ვინ არის?

– 1 დღით შენ რომ იყო მასწავლებელი, რას ასწავლიდი შენს კლასელებს?

კითხვები განწყობებსა და დამოკიდებულებებზე:

– რა მოხდა დღეს სკოლაში ყველაზე სახალისო, რამაც გაგამხიარულა?

– დღეს შენი რომელი საქციელით იამაყე?

– დღეს ყველაზე რთული რა იყო შენთვის? როგორ გაუმკლავდი? რა გამოსავალი მოიფიქრე?

– დღეს სკოლაში რამემ დაგასევდიანა? მერე როგორ გაუმკლავდი, რამ მოგიყვანა კარგ ხასიათზე?

– რამე ხომ არ მოვიფიქროთ ერთად, რომ შენი ხვალინდელი სასკოლო დღე უფრო მხიარული იყოს, ვიდრე დღევანდელი?

კითხვები სწავლაზე, მასწავლებელსა და სკოლაზე:

– დღეს რომელი ახალი სიტყვა ისწავლე სკოლაში? გთხოვ, მეც მითხარი, აბა, თუ მეცოდინება;

– შენს სკოლაში/კლასში, შენთვის ყველაზე საყვარელი ადგილი რომელია?

– მასწავლებელი რომელ სიტყვებსაც გეუბნებათ ყველაზე ხშირად, შენ ყველაზე მეტად, რომელი სიტყვა მოგწონს?

– დღევადელ დღეს რომ ქულას უწერდე, რამდენს დაუწერდი 10 ქულიდან?

studinfo.ge (მ)