დამრიგებელი, რომელიც წლევანდელ აბიტურიენტებს პროფესიებს 6 წლიდან შეასწავლიდა – „ერთგულად ემსახურეთ ქვეყანას!“
„ჩემი ამჟამინდელი სადამრიგებლო კლასი ახლა ერთიან ეროვნულ გამოცდებს წერს. მათ პროფესიებს 6 წლიდან შევასწავლიდი. იყვნენ პოლიციელები, მასწავლებლები, ექიმები, მზარეულები, მებაღეები, მეეზოვეები.. ყველა პროფესიას ეუფლებოდნენ, ახლა კი სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან თეა ჩხეიძე საუბრობს, 39-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, მასწავლებლის პროფესიაში 40 წლამდე მოღვაწეობის გამოცდილებით.
ის გვიამბობს, რომ წლევანდელი აბიტურიენტების სადამრიგებლო კლასს, რომელშიც ჭავჭავაძე, ბერია და ორჯონიკიძე კლასელები იყვნენ, ყველა მარტივად იმახსოვრებდა, პროფესიებს კი 6 წლიდან შეასწავლიდა. პედაგოგის მიზანი ერთი იყო – წარმატებული და პატრიოტი თაობის აღზრდა.
“ამ ბავშვებს 6 წლიდან ვასწავლი. 24 იყვნენ, 19 ვაჟი და 5 გოგონა. ყველას ამახსოვრებდნენ თავს, რადგან ერთ კლასში სწავლობდნენ – ჭავჭავაძე, ბერია და ორჯონიკიძე. პირველ კლასში დღე ისე არ გავიდოდა, ვინმე არ შემოსულიყო და არ ეკითხა, თუ რომლები იყვნენ ორჯონიკიძე, ბერია და ჭავჭავაძე. მართლაც ძალიან სახალისო იყო. ვცდილობდი, მთელი კლასისთვის პროფესიები მესწავლებინა. ყველა პროფესია აქტუალური იყო მათთვის”, – იხსენებს პედაგოგი.
თეა ჩხეიძე გვიყვება, რომ ბევრმა მათგანმა შეიცვალა ოცნების პროფესია, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც 6 წლიდან ერთი ოცნებისთვის სწავლობდნენ – გახდნენ ექიმი, პოლიციელი და ფეხბურთელი. პედაგოგს სათქმელი არა მხოლოდ მათთვის, სრულიად ახალგაზრდა თაობისთვის აქვს:
„რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ და ვინც არ უნდა გახდეთ, მთავარია, გულით გიყვარდეთ თქვენი საქმე და ერთგულად ემსახუროთ ჩვენს საქართველოს. ჩემი მიზანი, როდესაც სხვადასხვა პროფესიებს ვასწავლიდი, მხოლოდ ეს იყო. მჯერა მომავალი თაობის. მიჰყევით თქვენს ოცნებებს და არ იფიქროთ, რომ ვერ გაართმევთ თავს და არ გამოგივათ !”.
ასევე იხილეთ: