“ბავშვებს მინდა ვუთხრა, ისე თუ დაღამდა, რომ ახალი არაფერი ისწავლეს, ჩათვალონ, ფუჭი იყო ის დღე“ – ბესიკ ხარანაულის რჩევა და მოგონებები მასწავლებლებზე
ცნობილი მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული თიანეთში დაიბადა და გაიზარდა. დღემდე ყველა მასწავლებელი ახსოვს. განსაკუთრებით კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან გელოვანი, რომელიც მისთვის “სანთელივით ენთო”. რუსუდან გელოვანი პოეტ მირზა გელოვანის და გახლდათ, რომელიც ასევე წერდა ლექსებს.
„ყველა მასწავლებელი მახსოვს. ყველა ძალიან საყვარელი და კარგი პედაგოგი მყავდა და თითოეულმა მათგანმა დატოვა ჩემზე თავისი სასიკეთო კვალი. განსაკუთრებით მახსოვს ქართულის მასწავლებელი, რუსუდან გელოვანი, რომელიც მირზა გელოვანის და იყო. სასწაული ქალი გახლდათ, რომელიც საძაგელ დროში ცხოვრობდა სხვებთან ერთად და როგორც სანთელი, ისე ენთო ყველასთვის და განსაკუთრებით მისი მოსწავლეებისთვის.
„დედაჩემიც მასწავლებელი იყო, ფილოლოგი, მაგრამ ჩემს კლასს რუსუდან გელოვანი ასწავლიდა. დედაჩემმა და რუსუდან გელოვანმა ერთად დაამთავრეს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ლიტერატურით სუნთქავდნენ. ორივე წერდა – დედაჩემიც და რუსუდანიც“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს პოეტმა.
როგორც ბესიკ ხარანაული ამბობს, მასწავლებელზე საყვარელი ამქვეყნად არავინ არის, მისი მოსწავლეობისას კი მასწავლებელი სიკეთის სინონიმად ითვლებოდა.
„მასწავლებელი ხომ იმისთვის არის, რომ ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე, მის ჩამოყალიბებაზე?! შინაგანად უნდა იყოს მასწავლებელი ისეთი, რომ მისგან ბავშვი ითვისებდეს ყველაფერს. ჩემი სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებლობა სიკეთეს ნიშნავდა. მასწავლებელი უნდა ყოფილიყო კეთილი – ეს იყო საერთო იდეა.
„დედაჩემიც მასწავლებელი გახლდათ და მოსწავლეები სულ იყვნენ ჩვენს სახლში, რადგან დედა ამეცადინებდა. მაშინ ამისთვის გასამრჯელოს არ იღებდა მასწავლებელი, რადგან ხალხი ისედაც ღარიბი იყო. დედაჩემისთვის ბავშვებთან ურთიერთობა და მათთვის რაიმეს სწავლება კი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ იყო“, – ამბობს ბესიკ ხარანაული, რომლის პირველი ლექსებიც ჟურნალ „დროშაში“ გრიგოლ აბაშიძემ გამოაქვეყნა 1954 წელს. ბესიკ ხარანაული მაშინ 14 წლის იყო.
როგორც პოეტი ამბობს, ადამიანი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, ყოველდღიურად რაღაც ახალს უნდა სწავლობდეს. სხვა შემთხვევაში იმ დღეს ფუჭად გატარებულად თვლის.
„ადამიანისთვის საჭიროა, სულ რაღაცას სწავლობდეს. ამ ასაკშიც კი, თუ რამე ახალს არ ვისწავლი, უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის და ის დღე ფუჭი მგონია. ბავშვებს მინდა ვუთხრა, თუ ისე თუ დაღამდა, რომ ახალი არაფერი ისწავლეს, ჩათვალონ, ფუჭი იყო ის დღე“, – გვითხრა ბესიკ ხარანაულმა.