გიმნაზია “შავნაბადას” სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი “ბრემენელი მუსიკოსები” ითამაშეს
გიმნაზია “შავნაბადას” სცენაზე სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მოსწავლეებმა საქველმოქმედო სპექტაკლი “ბრემენელი მუსიკოსები” ითამაშეს.
შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიით დავადებული ბავშვების დასახმარებლად.
როგორც გიმნაზია “შავნაბადას” აღმასრულებელმა დირექტორმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა, გიმნაზია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და ფონდთან თანამშრომლობას.
„ძალიან გვიხარია და ვამაყობთ იმით, რომ ჩვენმა პატარებმა ასეთ კეთილ საქმეში მიიღეს მონაწილეობა. დღეს ჩვენ სიცოცხლე გადავარჩინეთ… ამისათვის კი გვინდა მადლობა გადავუხადოთ პატარა “შავნაბადელებს”, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, დიმიტრი ცინცაძის ფონდს და ყველა სტუმარს, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით იდგა და გვეხმარებოდა სიკეთის კეთებაში.“
პატარა მსახიობების წარმოდგენაზე პირველად გაიყიდა ბილეთები მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად: ბავშვები – თანატოლების სიცოცხლის გადასარჩენად!
სპექტაკლს ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„ფონდის თითოეული წევრის სახელით, ფონდის შვილობილებისა და მათი მშობლების სახელით მადლობას ვუხდით სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, მშობლებს და ამ არაჩვეუელბრივ პატარებს, რომლებმაც დღეს თავიანთი თანატოლების სიცოცხლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ძალა ერთობაშია! ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! „ – განაცხადა ფონდის დამაარსებელმა კახა ჯანაშვილმა.