GE
19 ნოემბერი, 2026 16:00

„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა?

ავტორი: ინა მეცხვარიშვილი – თბილისის 106-ე საჯარო სკოლის I-IV-კლასების მენტორი მასწავლებელი

გეცნობათ სიტუაცია, როცა საღამოს დგება მეცადინეობის დრო და იწყება ნაცნობი დიალოგი?

– დაჯექი, დავალებები გაქვს!
– რამდენჯერ უნდა გითხრა?
– არ მინდა!
– ჯერ არ დაგიწყია და უკვე დაიღალე?!

საბოლოოდ, მეცადინეობა ზოგჯერ მშობლისა და შვილის ყოველდღიურ დაპირისპირებად იქცევა. მშობელი ღიზიანდება, ბავშვი აპროტესტებს, დავალება კი ისევ შეუსრულებელი რჩება. მაგრამ მოდი, ერთი წუთით შევჩერდეთ და სხვა კუთხით შევხედოთ ამ სიტუაციას.

ბავშვის უარი ყოველთვის სიზარმაცეს არ ნიშნავს! სანამ გამოსავალს მოვძებნით, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა შეიძლება იდგეს ამ ქცევის უკან.

რატომ არ უნდა ბავშვს მეცადინეობა? შესაძლოა, მიზეზი იყოს:

დაღლილობა და გადატვირთვა

მთელი დღის განმავლობაში ბავშვი სკოლაში, გაკვეთილებზე და სხვადასხვა აქტივობაში იყო ჩართული. მას დასვენება სჭირდება.

დავალების სირთულე

შესაძლოა, ბავშვი ვერ იგებს ინსტრუქციას, არ იცის, საიდან დაიწყოს ან ეშინია შეცდომის დაშვების.

წარუმატებლობის შიში

თუ ბავშვი ხშირად ისმენს შენიშვნებს, რომ ნელა მუშაობს ან შეცდომებს უშვებს, შეიძლება მეცადინეობის დაწყებაც აღარ უნდოდეს.

დამოუკიდებელი მუშაობის უნარის ნაკლებობა

ზოგიერთ ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს დავალების დაგეგმვა, თანმიმდევრობის განსაზღვრა და დროის მართვა.

ყურადღების კონცენტრაციის სირთულე

ხმაური, ტელეფონი, სათამაშოები და სხვა გამღიზიანებლები ბავშვს საქმეზე კონცენტრირებას ურთულებს.

მოტივაციის ნაკლებობა

შესაძლოა, ბავშვი ვერ ხედავდეს სწავლის აზრს ან არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი ძალისხმევა ფასდება.

მუდმივი კონტროლი და დაძაბული გარემო

თუ მეცადინეობა ყოველდღიურად შენიშვნებთან, საყვედურებსა და კონფლიქტთან ასოცირდება, ბავშვს ბუნებრივად უჩნდება წინააღმდეგობა.

როგორ დავეხმაროთ შვილს?

ჯერ დაამყარეთ კავშირი და შემდეგ დაიწყეთ მეცადინეობა. ნუ დაიწყებთ საუბარს მხოლოდ დავალებებით. ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ, რა გაუხარდა, რამ დაღალა. ზოგჯერ ბავშვს ჯერ ემოციური დასვენება სჭირდება.

ნუ მოსთხოვთ მთელი დავალების ერთდროულად შესრულებას. დიდი მოცულობის დავალება პატარა ნაწილებად დაყავით. მაგალითად: „ჯერ ორი სავარჯიშო შევასრულოთ, შემდეგ შევისვენოთ“.

მიეცით არჩევანის შესაძლებლობა. ნაცვლად ბრძანებისა – „ახლავე დაჯექი და იმეცადინე!“, ჰკითხეთ: „რომელი საგნით გინდა დავიწყოთ, ქართულით თუ მათემატიკით?“ არჩევანი ბავშვს პროცესზე კონტროლის განცდას უქმნის.

შექმენით წინასწარ შეთანხმებული რუტინა. განსაზღვრეთ მეცადინეობის მეტ-ნაკლებად სტაბილური დრო. გაითვალისწინეთ დასვენება, კვება და მოძრაობა. რუტინა ბავშვს ეხმარება, რომ მეცადინეობა მოულოდნელ ვალდებულებად არ აღიქვას.

შეამჩნიეთ ძალისხმევა და არა მხოლოდ შედეგი. ნაცვლად ფრაზისა: „ყოჩაღ, ყველაფერი სწორად გააკეთე!“, ზოგჯერ უთხარით: „შევამჩნიე, რომ ამჯერად უფრო დიდხანს ეცადე“, „რთული იყო, მაგრამ არ დანებდი“, „მომწონს, როგორ ეძებდი გამოსავალს“.

ასწავლეთ, როგორ დაიწყოს დამოუკიდებლად. პირველ ეტაპზე ერთად წაიკითხეთ ინსტრუქცია, დაეხმარეთ დავალების გააზრებაში, შემდეგ კი მიეცით დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა. მიზანი ის კი არ არის, რომ მშობელმა დავალება შეასრულებინოს, არამედ ის, რომ ბავშვმა თანდათან შეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა.

ნუ აქცევთ მეცადინეობას დასჯის ან ჯილდოს სისტემად. სწავლის მნიშვნელობა ბავშვს ყოველდღიური გამოცდილებით უნდა დავანახოთ და არა მხოლოდ დაპირებებით: „თუ იმეცადინებ, ტელეფონს მოგცემ“.

აქვე, ერთი პატარა ხერხი ჩემი გამოცდილებიდან – შეცვალეთ ტერმინი „საშინაო დავალება“ ტერმინით „სახლის საქმე“. შეიძლება, ერთი შეხედვით, ეს უბრალოდ სიტყვების ჩანაცვლებად მოგეჩვენოთ, თუმცა ამ ცვლილებას თავისი დადებითი მხარეები აქვს.

რატომ?

ამცირებს ვალდებულების სიმძიმის განცდას. „საშინაო დავალება“ ხშირად ბავშვისთვის დამატებით სასწავლო დატვირთვასთან ასოცირდება, „სახლის საქმე“ კი უფრო ყოველდღიურ, ბუნებრივ საქმიანობასთან.

ავითარებს პასუხისმგებლობის განცდას. ბავშვი იწყებს გააზრებას, რომ სახლში მასაც აქვს თავისი საქმე, რომლის შესრულებაც მის პასუხისმგებლობაში შედის.

აძლიერებს დამოუკიდებლობას. ნელ-ნელა უყალიბდება დამოკიდებულება, რომ ეს საქმე მშობლის შესასრულებელი კი არა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა.

ცვლის ემოციურ დამოკიდებულებას. მეცადინეობა აღარ ჟღერს მხოლოდ როგორც დამატებითი ვალდებულება, რომლის შესრულებასაც უფროსი მოითხოვს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ტერმინის შეცვლა ბავშვის მოტივაციას ავტომატურად ვერ გაზრდის, თუმცა ეს შეიძლება გახდეს პატარა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს დამოკიდებულებასაც შეცვლის და ბავშვსაც დაეხმარება.

სცადეთ, უთხრათ: „დღეს შენი სახლის საქმე როგორ გამოიყურება?“, ნაცვლად: „საშინაო დავალება გაქვს და დაჯექი!“. ზოგჯერ ცვლილება სწორედ ჩვენი სიტყვებიდან იწყება.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ, მშობლები!

ხშირად ბავშვის მეცადინეობის დროს მშობელიც კარგავს მოთმინებას. გვგონია, რომ თუ არ გავაკონტროლეთ, დავალება არ შესრულდება; თუ არ შევახსენეთ, დაავიწყდება; თუ არ გავუბრაზდით, არ დაჯდება. მაგრამ მოდი, საკუთარ თავსაც დავუსვათ რამდენიმე კითხვა:

ხომ არ ველოდები ჩემი შვილისგან იმაზე მეტს, ვიდრე ამ ასაკში დამოუკიდებლად შეუძლია? ხომ არ ვადარებ სხვა ბავშვებს? ხომ არ ვკარგავ მოთმინებას მაშინ, როცა თავად ვარ დაღლილი? ხომ არ ვაქცევ „საშინაო დავალებას” ჩვენი ურთიერთობის მთავარ თემად? ხომ არ ვაკეთებ მის ნაცვლად იმას, რაც თავად უნდა ისწავლოს?

თუ დღეს მეცადინეობა რთულად წარიმართა, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი მშობელი ხართ ან თქვენი შვილი არასაკმარისად მონდომებულია.

რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხსენება ჩვენთვის: ყველა დღე ერთნაირად პროდუქტიული ვერ იქნება. ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება აქვს. დამოუკიდებლობა ერთ დღეში არ ყალიბდება. ზოგჯერ ნაკლები კონტროლი და მეტი ნდობა უკეთეს შედეგს გვაძლევს. ჩვენი სიმშვიდე ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია.

და ბოლოს, ერთი რამ არ დაგვავიწყდეს:

ჩვენი მიზანი არ არის, ბავშვი უბრალოდ დავსვათ და ვამეცადინოთ. ჩვენი მიზანია, თანდათან ვასწავლოთ მას საკუთარი სწავლის მართვა, პასუხისმგებლობის აღება და სირთულეებთან გამკლავება.

სწავლა არ უნდა იქცეს მშობელსა და შვილს შორის ყოველდღიურ ბრძოლად. ის ბავშვის განვითარების პროცესია, რომელშიც ჩვენი მხარდაჭერა, მოთმინება და თანმიმდევრულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე იხილეთ:

გაკვეთილებს შორის შესვენებაც რომ საინტერესო იყოს – აქტივობები მოსწავლეებისთვის

schools.ge (ნ)