ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“
2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ფორმა თავდაპირველად ხელმისაწვდომი მხოლოდ პირველკლასელებისთვის იყო, 2 ნოემბრიდან კი, განათლების სამინისტრომ სამოსის გაყიდვა დაწყებითი საფეხურის სხვა კლასების მოსწავლეებისთვისაც დაიწყო.
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, დღის წესრიგში დგება საკითხი – რამდენად თბილია სასკოლო ფორმაში შემავალი კომპონენტები და არის თუ არა ცივ და სუსხიან ამინდებზე გათვლილი. ეს შეკითხვები EDU.ARIS.GE-მ დაუსვა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მშობლებს, რომლებმაც ფორმა ან უკვე ჩააცვეს შვილებს, ან შეუძინეს და შეუძლიათ, სასკოლო სამოსზე ვიზუალური დაკვირვების შედეგები გაგვიზიარონ.
სალომე მაისურაძის ორი შვილი 51-ე საჯარო სკოლის II-III კლასებში სწავლობს. როგორც მას სკოლაში აუხსნეს, ფორმა ბავშვებმა სავალდებულოდ მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან უნდა ჩაიცვან. მანამდე კი, მშობელმა სასკოლო სამოსიც შეიძინა და უკვე ისიც იცის, რომ ფორმა „ძალიან თხელია“ და ზამთარში გამოსადეგი არ არის.
„ძალიან თხელია ქვედაკაბაც და შარვალიც, თუ შიგნით რამე არ ჩაიცვა ბავშვმა, არ არის ადაპტირებული ზამთრისთვის. კი, გასაგებია, რომ სკოლაში გათბობა არის, მაგრამ კლასამდე ხომ უნდა მივიდეს ბავშვი?! სახლიდან სკოლამდე მანძილი ხომ აქვს გასავლელი?! უნდა ჩავაცვათ ფორმის შიგნით თბილად, ან იგივე ფერში ზამთრისთვის გამოსადეგი სხვა შარვალი ან სხვა ქვედაკაბა უნდა შევიძინოთ“, – გვეუბნება სალომე მაისურაძე.
მისგან განსხვავებული შეფასება აქვს პირველკლასელი გოგონას მშობელს, ნინო ლორთქიფანიძეს, რომელმაც EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ შვილი სკოლამდე მანქანით დაჰყავს და ფორმის ზამთრის სეზონთან შესაბამისობის საკითხი მისთვის დღის წესრიგში არ დგას:
„მანქანით დამყავს [ბავშვი] და არ არის პრობლემა, სკოლაში კი გათბობაა. თუმცა, თავიდან ვიფიქრე, უფრო თბილი შარვალი რომ ყოფილიყო, მაგრამ მერე კლასში დაცხება. ქვედაკაბას ისედაც ვერ ვიყენებთ, რადგან რომ აცივდა, მაინც მირჩევნია, შარვალი ეცვას. გრძელი ქურთუკი, პალტო უნდა ჩავაცვათ. მე პირადად, პიჯაკს უკვე აღარ ვაცმევ, რადგან ცხელა კლასში. რომ მიმყავდა, პიჯაკს სკამზე კიდებდა. ამიტომ, სკოლაში ვართ თეთრი პერანგით და პიჯაკიც თან გვაქვს, თუკი ჩაცმა დასჭირდება“.
მშობელმა ისიც გვითხრა, რომ სასკოლო სამოსის გამოყენების დაწყებიდან, დაახლოებით, ორი თვის გასვლის შემდეგ, ფორმა „ისევ ისეთია“, როგორიც იყიდა:
„ფორმას ჩვეულებრივად ვიყენებთ, არაფერი დამართნია, არც „აგორებულა“ – როგორიც ვიყიდე, ისევ ისეთია. უბრალოდ, პიჯაკი ცოტა პატარა მოგვივიდა და დამატებით შევიძინეთ. არ შეგვიცვლია – არ მაქვს პრობლემა და ვისაც აქვს…“.
ფორმის შიგნით და გარეთ სათანადოდ შემოსვის აუცილებლობას უსვამს ხაზს კიდევ ერთი პირველკლასელის მშობელი ნინო. ჩვენი რესპონდენტის თქმით, მოსწავლე ქურთუკსაც თუ შემოიცვამს, არ შესცივდება:
„სკოლაში არის ისეთი ტემპერატურა, რომ ამ ფორმებში ბავშვებს არ შესცივდებათ. პიჯაკის შიგნით როლინგიც რომ ჩაიცვას ბავშვმა, საკმარისია. ქურთუკსაც რომ შემოიცვამს, არ შესცივდება. ორი თვეა გვაცვია უკვე ფორმა და არ გახუნებულა, არაფერი შემიმჩნევია. ლამაზად არის ბავშვი ჩაცმული და მოხდენილია“.
ფორმა, სარეალიზაციო პუნქტში „დიდი რიგის“ გამო, ონლაინ შეუძინა მეორეკლასელ შვილს ლიკა კაჭკაჭაშვილმა. მშობლისთვის ფასიც მისაღებია და შეკერვის ხარისხიც იდეალურთან მიახლოებულია, თუმცა ფორმაში შემავალი კომპონენტების სისქეს იწუნებს. მისი თქმით, ბავშვისთვის პიჯაკი ერთი ზომით დიდი იყიდა, რომ მის შიგნით სქელი სვიტერი ჩააცვას.
„პიჯაკი ნორმალური სისქისაა, შარვალი ჩვეულებრივია. მის შიგნით მაინც დასჭირდება, ალბათ, დამატებით რაღაცის ჩაცმა, რადგან ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომის სეზონზე ვაცმევთ. ყველა სეზონისთვის ერთი და იგივე მატერიაა შერჩეული და ალტერნატივისთვის, ალბათ, შევაკერინებ. პიჯაკი ძალიან მომეწონა. ბევრად უარყოფითი დახასიათება ჰქონდა ონლაინ შეფასების დროს, მაგრამ ფიზიკურად რომ ვნახე, ბევრად უკეთესი ხარისხია. თუმცა, მე პირადად, ერთი ზომით დიდი ვუყიდე პიჯაკი იმის გამო, რომ სქელ სვიტერზე ადვილად ჩავაცვა და არ ჰქონდეს მჭიდროდ და არ იყოს შებოჭილი“, – ამბობს ლიკა კაჭკაჭაშვილი.
ასევე იხილეთ:
დადგინდა, რა ფერის და როგორი სამოსი უნდა ეცვას მოსწავლეს სასკოლო ფორმის პიჯაკის ქვეშ
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მოსწავლეთა რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის იწყება – ინსტრუქცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები eTwinning-ის პროგრამაში მონაწილეობდნენ by სკოლა პოლიგლოტი